კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის ბედი, რომელმაც წინასაარჩევნოდ ხელისუფლების იმიჯს პრობლემა შეუქმნა, გადაწვეტილია - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა, სადაც აღნიშნული თემა განიხილეს, შეხვედრის შემდეგ კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება.
კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებული იყო. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ მარიხუანის მოხმარების შესახებ რეგულაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავდა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი თვლის, რომ საზოგადოების პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ რამდენჯერმე გაიწვია კანაფის კულტივაციის შესახებ ინიციატივა და, რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი, რომ მორიგ ჯერზე გააკეთეს არჩვენების პირველი ტურის შემდეგ.
ლევან თარხნიშვილის შეფასებით, თუ მოქალაქეებს სურთ თავიდან აიცილონ მსგავსი ინიციატივები, ყველა უნდა გამოცხადდეს მეორე ტურზე და ხმა მისცეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევის მიზეზი გახდა ის, რომ საზოგადოებისგან დიდი უკმაყოფილება იყო. მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ ეს უკმაყოფილებები მოისმინა და გაითვალისწინა.
„ასეთი სახის საკითხები აუცილებლად გადაწყდება მხოლოდ იმის შემდეგ, როცა მივიღებთ საზოგადოებისგან ამის გაკეთების ნებართვას. ამ შემთხვევში დავინახეთ, რომ საზოგადოება არ იყო კმაყოფილი და მოხდა გადაწყვეტილების შეცვლა“, - განაცხადა ქობულიამ.
მინისტრი არ იზიარებს დეპუტატების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ მიღებული შედეგის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს კანონპროექტია.
„ვერ მივიღებ ამ მოსაზრებას. ეს ძალიან რთული საკითხია, რამ მოახდინა არჩევნების შედეგზე გავლენა“, - განაცხადა მინისტრმა.
ვერც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ხედავს კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილებაში მეორე ტურთან კავშირს. როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, კულტივაციასთან დაკავშირებით ინტენსიური მსჯელობა ჯერ კიდევ პირველ ტურამდე იყო.
„მე არ ვფიქრობ, რომ ეს მეორე ტურთან არის კავშირში. კულტივაციასთან დაკავშირებით პირველ ტურამდეც ინტენსიური მსჯელობა იყო. აქედან გამომდინარე, ჩემს წარმოდგენაში ვერ ვაკავშირებ მაინცდამაინც მეორე ტურთან, ეს უფრო კავშირშია საზოგადოების რეაქციასთან“,- განაცხადა სერგეენკომ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ როგორც განმარტა, ხელისუფლებამ ხალხს ყური უგდო - წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრებმა და არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ აღნიშნულ ინიციატივაზე კონსენსუსი ვერ შედგება.
ზოიძის თქმით, საუბარი იყო ქვეყნისათვის 1-მილიარდ დოლარიან შემოსავალზე და ეს ის სარგებელი იყო, რის გამოც პარლამენტში ეკონომიკური პროექტი შემოვიდა.
„პროექტი არსი იყო სამედიცინო მიზნით კანაფის პრეპარატების წარმოება. ეს არსი არ შეცვლილა. არც მოსალოდნელი სარგებელი შეცვლილა, მაგრამ საზოგადოებაში წარმოიქმნა პრეტენზია, შიში იმის თაობაზე, რომ ამან შეიძლება ქვეყანაში მარიხუანას მოხმარების რისკები გაზარდოს. საზოგადოებასთან კონსენსუსი ვერ შედგა, საკითხმა სულ სხვა კონოტაცია შეიძინა და საზოგადოების დიდ ნაწილში ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ზოიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტიდან გაწვევის ყველა შესაბამისი პროცედურა განხორციელდება და მას ხელისუფლება აღარ დაუბრუნდება.
ასე არ ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი - გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, თუ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის პოსტს ჩაიგდებს ხელში, ერთ წამში დააბრუნებს კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში.
მისი თქმით, ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ აჩვენა ხელისუფლებას რეალური ძალა.
„მილიონმა ამომრჩეველმა უარი უთხრა ივანიშვილს და ე.წ. „ქართულ ოცნებას“, მილიონმა ამომრჩეველმა აიძულა ის, რომ უარი ეთქვა კანაფის წარმოებასა და ქვეყნის ნარკოპლანტაციად გადაქცევაზე. დღეს ხელისუფლებამ ვერ გაუძლო საქართველოს მოქალაქეების წნეხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა ძალა. ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ივანიშვილმა თავად აღიარა, რომ მისი იდეა იყო მარიხუანას წარმოება, რომ ის პირადად არის ამაში დაინტერესებული“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ვაშაძე საზოგადოების დარწმუნებას ცდილობს, რომ სწორედ მეორე ტურში მისი გამარჯვების შემდეგ დაიწყება ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაწყვეტა.
„მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა და მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებებისა, პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს იმას, რომ ყალიბდება კონსენსუსი იმ გზაზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას გამოიყვანს „ქართული ოცნების“ მიერ გამოწვეული კრიზისიდან“,- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
ცნობისთვის - ის ოპოზიცია, რომელიც დღეს „ნაციონლური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანდა, ზუსტად 15 წელი თვლიდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიყვანა ქვეყანა ისეთ კრიზისში, საიდანაც გამოსვლა იოლი არ იქნებოდა.