პატიმარი მალხაზ არქანია N8 საპყრობილეში ადვოკატს ნაცემი დახვდა

პატიმარი მალხაზ არქანია N8 საპყრობილეში ადვოკატს ნაცემი დახვდა

[ნინო მიქიაშვილი]

გლდანის N8 საპყრობილეში დღეს, 29 ივლისს, მალხაზ არქანია მედია-კავშირ „ობიექტივის“ ადვოკატთა ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ქეთევან ვარდანაშვილს ნაცემი დახვდა. ადვოკატმა მსჯავრდებული მისი ოჯახის წევრების თხოვნის საფუძველზე მოინახულა.

ქეთევან ვარდანაშვილი მალხაზ არქანიას მდგომარეობას ასე აღწერს:

„მსჯვარდებულს ემოციური ფონი აშკარად მომატებული ჰქონდა - საუბრისას იყო უფრო მეტად გაუწონასწორებელი, არაადეკვატური. მარჯვენა თვალის არეში მკვეთრად გამოხატული სილურჯე აღენიშნებოდა. ამბობს, რომ პრეტენზია არა აქვს ადმინისტრაციასთან მიმართებაში და ასევე, ჯანმრთელობის მხრივაც. თუმცა, ამის წერილობით დაფიქსირებაზე თავს იკავებს.

მარცხენა მკლავის ზედა ნაწილი, მხართან ახლოს შეხვეული ჰქონდა. მისი გადმოცემით, ძირმაგარა აქვს. შესაბამისად, მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ამ მხრივ მკურნალობას გადის. მთხოვა მეუღლეს დავკავშირებოდი და ზოგადად ამეხსნა მისი მდგომარეობა.

მან თქვა, რომ თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მის ინტერესებს დავიცავ, მოხარული იქნება. მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობას უხდის, როგორც მედია-კავშირ „ობიექტივს“, ისე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს“.

კვლავ შეგახსენებთ, რომ ცემა-წამებით სახელგანთქმულ გლდანის №8 საპყრობილეში მყოფთაგან მალხაზ არქანია ერთადერთია, ვინც სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ღიად ისაუბრა წამების იმ მეთოდებზე, რასაც გლდანის N8 საპყრობილეში იყენებენ და რაც უშუალოდ მასთან მიმართებაში გამოიყენეს - 22 ივნისს პატიმარმა ექსვსგვერდიან ახსნა-განმარტებაში დეტალურად აღწერა როგორ სცემეს, როგორ აჭამეს მისივე ხელით დაწერილი ჩვენება, როგორ აყურებინეს გაუპატიურების ფაქტი და შემდეგ როგორ სცადეს თავად მისი გაუპატიურება.

ხათუნა კალმახელიძის უწყება კი ირწმუნება, რომ მსჯავრდებულ არქანიას უფლებები არასდროს დარღვეულა. ასეთი შინაარსის პასუხი მიიღო საქართველოს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა, მის რეკომენდაციაზე, რომლითაც იგი მოითხოვდა პატიმრის უსაფრთხოების მიზნით, მის სხვა დაწესებულებაში გადაყვანას.

აი, ასეთი შინაარსის პასუხი მიიღო გიორგი ტუღუშმა 4 ივლისს გაგზავნილ რეკომენდაციაზე:

„მალხაზ არქანია შეუზღუდავად სარგებლობს პატიმრობის კოდექსით მსჯავრდებულთათვის განსაზღვრული უფლებებით და მისი უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ამ ეტაპზე არ არსებობს მსჯავრდებულ მალხაზ არქანიას სხვა დაწესებულებაში გადაყვანის საჭიროება“.

პატიმარ მალხაზ არქანიას საქმეზე ხუთი ცნობილი ადვოკატი ახორციელებს მონიტორინგს. ამ მიზნით 25 ივლისს გლდანის ნომერ მერვე საპყრობილეში მალხაზ არქანია მოინახულეს: გელა ნიკოლაიშვილმა, ქეთი ბექაურმა, ლადო მაჭარაშვილმა, მანანა კობახიძემ და ეკა ბესელიამ. მათი გამოსვლისას ჩვენ საპყრობილესთან ვიყავით. აღსანიშნავია ის, რომ არც ერთ ადვოკატს არ უთქვამს ის, რომ მსჯავრდებულს თვალის არე ჰქონდა ჩალურჯებული.