„ქართულ ოცნებას“ კარგი მათრახი სჭირდება, მაგრამ ისეთიც არა, როგორიც ვაშაძის პრეზიდენტობაა

„ქართულ ოცნებას“ კარგი მათრახი სჭირდება, მაგრამ ისეთიც არა, როგორიც ვაშაძის პრეზიდენტობაა

არჩევნების მეორე ტურისთვის „ქართულ ოცნებაში“ შტაბი იხსნება - შტაბს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. დამოუკიდებლად შეიქმნება შტაბი თბილისში, რომელსაც სათავეშიც კახა კალაძე ჩაუდგება.

სასჯელია თუ პატივი ქვეყნის მეორე-მესამე პირების დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბის უფროსობა, კულუარებში გაირჩევა, თუმცა ის, რაც არაფორმალურად პირველ ტურამდე ებარათ კობახიძეს და კალაძეს, მეორე ტურისთვის ოფიციალურად გადაეცათ და როგორც ჩანს, პარტიის პირველ პირთანაც საკუთარი თავებით აგებენ პასუხს.

საპრზიდენტო არჩევნების კონტექსტი მნიშვნელოვნად შეცვალა არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა და რინგზე უკვე მძიმეწონოსანი მოთამაშეები გამოდიან. პირველ ტურამდეც კეთდებოდა შეფასებები, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნები კი არა, ორ ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება იქნებოდა, თუმცა სურათი, რომელიც შეიქმნა, საკმაოდ ნათელს ხდის ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილსაც და გეგმასაც.

სააკაშვილი ჯერ კიდევ კონსტიტუციის ბოლო ვარიანტზე მუშაობისას მოუწოდებდა თანამოაზრეებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხელისუფლების შეცვლა უნდა მოეყოლებინათ. სავარაუდოდ, სცენარი დიდი ხნის შედგენილია და ახლა აბსოლუტურად გასაგებია ოპოზიციის არნახული გაჯიუტება კონსტიტუციაზე მუშაობისას, როდესაც კონსენსუსის აუცილებელ პირობად პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა იყო მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა.

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ სწორედ მაშინ გაუშვა პროცესი ხელიდან და არც იმისი ანალიზით შეუწუხებია თავი, რომ მოსალოდნელი ვარიანტები განეხილა - ანუ რაში სჭირდებოდა ოპოზიციას ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მისაღებადაც გააფთრებით იბრძოდა. შესაბამისად, მოსალოდნელი შედეგებისგან თავი დაზღვაზეც არავის უზრუნია და საქმე პოლიტიკურ კრიზისამდე მიდის.

სუიბიექტური თუ ობიექტური მიზეზების წყალობით სიტუაცია ისევ 2012 წლის საარჩევნო სივრცეში გვაბრუნებს, 2018 წელს საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწევს გადაწყვეტილების მიღება - უთხრას თუ არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას არა.

ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ რეალური დაპირისპირება უკვე აღარ არის ზურაბიშვილსა და ვაშაძეს შორის, ერთმანეთს უპირისპირდებიან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ექსპერტის შეფასებით, სიტუაცია შეცვალა იმან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ოპოზიციის ინტეგრაცია მოხდა. ანალოგიური ინტეგრაცია ხდება ახლა მეორე მხარესაც.

„არ ვიცი, როგორ მობილიზაციას მოახდენს „ქართული ოცნება“, მაგრამ ნაციონალებმა უკვე შეცვალეს თავისი ფორმულა, რაც ეხამუშებოდა მოქალაქეებს. ეს ნიშნავს, რომ სამიზნე შეიცვალა და მათ იმ 50%-დან სჭირდებათ ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებზე არ მივიდა“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი თვლის, რომ შეიძლება, დროთა განმავლობაში ნაციონალებმა კიდევ უფრო შეცვალონ ტაქტიკა, უფრო ლმობიერად წარმოგვიჩნონ თავი - სააკაშვილი უკვე აკეთებს შესაბამის განცხადებებს.

„ნაციონალებში ჩანს, რომ მუშაობა დაიწყო რაღაც ახალმა სტრატეგიამ. სახელისუფლებო გუნდში ჯერჯერობით, ბუნდოვანია, რა სტრატეგია აქვთ, მაგრამ მეორე მხრივ გამოჩნდა, ხალხის ინიციატივა, რომლებიც კრიტიკულები არიან „ქართული ოცნების“ მიმართ, მაგრამ ნაციონალები არ უნდათ. ასე რომ, მოსახლეობაში გაჩენილმა პროცესმა, შეიძლება შეცვალოს ბედი“, - თვლის რამაზ საყვარელიზე.

ექსპერტი, დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ მახეში მოვექეცით და ზეპარტიული კანდიდატის იდეა ამ პოლიტიკურ კონიუქტურაში უკუღმა შემოგვიტრიალდა.

„ზეპარტიულ პრეზიდენტს ვიღა ჩივის, ქვენა პარტიული მიზნებისთვის და საკუთარი პოლიტიკის გატარებისთვის მოდის ადამიანი პრეზიდენტად. როცა ასეთი ვითარებაა და ასეთი სახე მიიღო ამ ყველაფერმა, გასაკვირი აღარ არის, რომ ძალების სრული მობილიზება ხდება“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

როგორც ზარდიაშვილი მიიჩნევს, ეს არ ცვლის ზურაბიშვილის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსს, უბრალოდ, ასეთ ვითარებაში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა კაპიტულანტური.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საარჩევნო ტაქტიკას, როგორც ზარდიაშვილი აცხადებს, ტაქტიკის კი არა, პოლიტიკის შეცვლა სჭირდება ამ პოლიტიკურ ძალას.

„ახლა, უბრალოდ, ამისი დრო არ არის, ყველა შეცდომის ანალიზი და გამოსწორება ახლა ვერ მოხდება, არჩევნებია ჩასატარებელი. პიარის თვალსაზრისით, ბევრი შეცდომაა გამოსასწორებელი. უნდა ვაღიაროთ, რომ ამის მაგალითია ივანიშვილის ბოლო, ორი დიდი ინტერვიუ. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რა სიკეთის მომტანია სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა და არა ის, რომ გამოვიდეს ივანიშვილი და თავი იმართლოს ზოგ - საფუძვლიან და ზოგ - გამოგონილ ბრალდებებზე“, - მიიჩნევს ზარდიაშვილი.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ის, რაც ახლა ხდება, ქვეყნისთვის დამაზიანებერლი შეიძლება აღმოჩნდეს და ესეც უნდა ავუხსნათ ხალხს.

„შეიძლება ისეთი კომიკურ სიტუაციაში მოვხვდეთ, როცა „რუსთავი 2“ შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნის მეთაურის როლში ანუ ვაშაძის ფუნქცია იქნება ის, რასაც აკეთებს „რუსთავი 2“ - ანუ სახელმწიფოს დასუსტება და დაზიანება.

რა თქმა უნდა, არავითარი სამოქალაქო ომი არ იქნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამისი რესურსი არ აქვს, მაგრამ იქნება მაიმუნობა, რომელიც ქვეყანას დააზარალებს - გაუთავებელი თავდასხმები პრეზიდენტის ტრიბუნიდან, რომელსაც ექნება საერთაშორისო რეზონანსი და ხელისუფლება იქნება ამის მოგერიებაში“, - მიიჩნევს ზარდიაშვილი.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, რეალურად რომ ვთქვათ, „ქართულ ოცნებას“ კარგი მათრახი სჭირდება, მაგრამ ისეთიც არა, როგორიც ვაშაძის პრეზიდენტობაა.