საფინანსო სექტორში დაგეგმილი რეგულაციები ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს, რათა ეკონომიკური ზრდის შემცირება არ გამოიწვიოს. თუმცა, აქ ვარაუდები არც კი არსებობს. თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გარკვეული ვარდნა გარდაუვალია. შემცირება დაახლოებით 1%-ის ფარგლებში იქნება.
ამ აზრს იზიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. „მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რეგულაციების გრძელვადიანი გავლენა პოზიტიური იქნება, მაინც ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს, რომ დაკრეტიდების ზრდა მოსალოდნელზე მეტად არ შემცირდეს. ახალი რეგულაციების გამო, დაკრედიტების ზრდის მოსალოდნელზე მეტად შემცირებამ, შესაძლოა, ეკონომიკური ზრდა დროებით შეამციროს“, - აღნიშნულია ფონდის მიმოხილვაში.
სხვათა შორის, უკვე გაჩნდა მოსაზრება, სესხების შეზღუდვა მშპ-ს ზრდის ტემპს დაახლოებით 1%-ით შეამცირებს. ეს კი მომვალი წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე იმოქმედებს. ამ ინფორმაცია არ უარყოფენ საპარლამენტო უმრავლესობაში.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას არ აქვს ინფორმაცია რა ტიპის მუხლების დაზუსტებას და გამარტივებას აანონსებს ეროვნული ბანკი, თუმცა ამბობს, რომ რეგულაციების გავლენით დაკრედიტების შემცირება აუცილებლად გამოიწვევს ეკონომიკის ზრდის შენელებას.
საბანკო სექტორის გათვლებით, რეგულაციების ძველი რედაქციით ამოქმედების შედეგად ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 3%-ით შემცირდება.
„ძალიან კარგია, რომ მთავარი სეგმენტი დაცული იყოს, მაგრამ ბიზნეს სეგმენტი და უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანების მიმართ თუ გარკვეული განსხვავებული მიდგომები შემუშავდება, რაც უფრო ოპტიმალურს გახდის ამ კანონმდებლობას, ცხადია ამით ყველა ისარგებლებს.
დაკრედიტების შემცირება რომ გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის რაღაც ტიპის შემცირებას არ საჭიროებს განსაკუთრებულ ექსპერტულ ცოდნას, ეს ცალსახაა. ჩვენს ეკონომიკაში ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი ისეთია, რომ ეს ასე იქნება.
კანონპროექტზე მიყვარს საუბარი მას შემდეგ, რაც მას ვნახავ ჩემს კომიტეტში, მაგრამ წინასწარი შეფასება ასეთია: ის იხვეწება. როგორც ჩანს, ამის მოტივაცია არის იმ რჩევების, შენიშვნების გათვალისწინება, რომელიც ძირითადად ბიზინეს სექტორიდან წამოვიდა“, - აცხადებს „ბეიმთან“ რომან კაკულია.
ტემპი, რა თქმა უნდა, 2019-ში შემცირდება. წელს რაიმე ცვლილება მოსალოდნელი არ არის, მით უფრო, რომ ბოლოდროინდელი მაჩვენებელი ნამდვილად დამაიმედებელია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში ეკონომიკა 5,6%-ით გაიზარდა.
წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 5,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის მე-3 კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,0 პროცენტით განისაზღვრა.
ამასთან, 2018 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,9 პროცენტს შეადგენს.
„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, უძრავი ქონებით ოპერაციების, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.