„ვიდრე მტრების შემოგდებულ ინფორმაციას გააზიარებთ, კარგად გაიაზრეთ მათი ამოცანა და მიზანი“

„ვიდრე მტრების შემოგდებულ ინფორმაციას გააზიარებთ, კარგად გაიაზრეთ მათი ამოცანა და მიზანი“

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტს რუსეთის საპასუხო რეაქცია მყისიერად მოჰყვა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა ანდრეი კელინმა აღნიშნა, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ რუსეთს სერიოზული ეკონომიკური პრობლემა ექმნება და ამ შემთხვევაში რუსეთს სოჭის მახლობლად თავდაცვითი სარტყელის აღმართვა და კოლოსალური რესურსების დახარჯვა მოუწევს.

როგორც სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, ასეთ შემთხვევაში ნატოს ახალი ბირთვული სტრატეგიის თანახმად, ამ ტერიტორიებზე განთავსდება ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური სახის სარაკეტო კომპლექსები, რომელთა მოსკოვამდე მიღწევის დრო შეადგენს 7-8 წუთს. იგივე შეიძლება ითქვას საზღვაო ბაზირების ფრთოსან სარაკეტო კომპლექსებზე, რაც უკრაინის სივრციდან „ბირთვული დაშინების“ სტრატეგიის განხორციელების შანსს ქმნის. ექსპერტების შეფასებით, ანალოგიური მისიის განხორციელებაა შესაძლებელი საქართველოს საზღვაო აკვატორიაშიც. სწორედ ამიტომ, რუსეთი ცდილობს ამ ქვეყნების ნატოსკენ მიმავალ ნებისმიერ ნაბიჯს მაქსიმალური დაბრკოლება შეუქმნას.

ექსპერტები თვლიან, რომ გუშინდელი, ანონიმური წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით, სწორედ რუსეთის ამ პოლიტიკის ნაწილია.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი ინფორმაცია. საეჭვო კერძო ბლოგიდან დეზინფორმაციის გავრცელება კლასიკური მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ საქართველო - ამერიკის სტარტეგიულ პარტნიორობას, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებულად უაღრესად პოზიტიურად ვითარდება და ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ელჩი ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო უაღრესად წარმატებული და ამ ვიზიტის კვალდაკვალ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ მასშტაბებს შეიძენს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით“, - ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, კატეგორიულად მიუღებელია იმ საკითხებით მანიპულირება, რომელიც საქართველოს განვითარებას და უსაფრთხოებას ეხება.

„გავრცელდა დეზინფორმაცია, რომელიც აიტაცეს ოპონენტებმა. სამწუხაროა, რომ მათი მხრიდან ხდება ასეთი საკითხით მანიპულირება - როდესაც საქმე ეხება საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. იქ, სადაც საქართველო არის უაღრესად თანმიმდევრული და ძალიან ძლიერი, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტისას.

კატეგორიულად მიუღებელია იმ საკითხებით მანიპულირება, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას და უსაფრთხოებას. ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ მსგავს შემთხვევებში“,- აცხადებს ზალკალიანი.

მისივე განმარტებით, ძალიან საეჭვოა ინფორმაციის გავრცელების წყარო - ვებ-საიტი და მისი სახელწოდება. საეჭვოა ასევე დეზინფორმაციის გავრცელების დრო, რაც ემთხვევა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს.

„არ მინდა ვიფიქრო, რომ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ხდება ასეთი სახის დეზინფორმაციის გამოყენება სხვადასხვა მიზნებისთვის. სამწუხაროა, რომ საჯაროდ ხდება სხვა სახის განცხადებების გაჟღერება, რომ ისინი ებრძვიან დეზინფორმაციას და ანტიდასავლურ კამპანიას და რეალურად, ხელს უწყობენ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

როგორც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, ასეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება აწყობდეს მხოლოდ ქვეყნის მტერს და მიზნად ისახავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებას.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეფასებით, საეჭვოა არა მხოლოდ იმ საიტის წარმომავლობა, საიდანაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა, არამედ თავად ინფორმაციის გავრცელების დროც.

„ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო ძალიან წარმატებული და აღნიშნული ვიზიტის შედეგად საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო ახალ მასშტაბებს შეიძენს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით. ვიდრე მსგავს, მტრების შემოგდებულ ინფორმაციას გააზიარებთ, გთხოვთ კარგად გაიაზროთ მათი ამოცანა და მიზანი იმიტომ, რომ მიზანი სწორედ ბევრი ადამიანის წამოგებაა მსგავს ხრიკებზე“, - აღნიშნავს ჩუგოშვილი.