ნოემბრიდან ასამოქმედებელი დიდი საკრედიტო ცვლილებები მინიმუმ 2 კვირით გადაიდო. ეროვნულმა ბანკმა ბიზნესის წინაშე უკან დაიხია. რეგულაციები აუცილებლად შერბილდება და სავარაუდოდ, 15 ნოემბრიდან შევა ძალაში.
საფინანსო სექტორში დაგეგმილი რეგულაციების გადავადებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:
„გასული კვირის განმავლობაში ეროვნულ ბანკში აქტიური კონსულტაციები გრძელდებოდა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ექსპერტებსა და დარგის სპეციალისტებთან ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტთან დაკავშირებით. დებულების განახლებულ სამუშაო ვერსიაში ასახულია ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ყველა ძირითადი ტექნიკური სახის შენიშვნა, თუმცა რეგულირების მთავარი პრინციპები უცვლელი რჩება.
კონსულტაციები ამჟამადაც მიმდინარეობს ცალკეული მუხლებისა და პუნქტების ტექნიკური ხასიათის დაზუსტებისა და გამარტივების მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ დოკუმენტმა მნიშვნელოვანი ტექნიკური ცვლილება განიცადა, განახლებული დოკუმენტი საფინანსო ორგანიზაციებს უმოკლეს ვადაში მიეწოდებათ. ამასთან მიზანშეწონილად ჩაითვალა საფინანსო ორგანიზაციებს კიდევ რამდენიმე დღე მიეცეთ ახალი ვერსიის გასაცნობად და მათი შიდა პროცესების რეგულირების პრინციპებთან შესაბამისობაში მოსაყვნად. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება დებულების ძალაში შესვლის თარიღის რამდენიმე დღით გადაწევის შესახებ, სავარაუდოდ, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა“, - განმარტავენ სებ-ში.
როგორც ჩანს, ეროვნულმა ბანკმა უკან ბიზნესის აქტიურობით დაიხია და ეს გამოჩნდა კიდეც ბიზნესომბუდსმენის შეფასებაშიც. ირაკლი ლექვინაძე კონსულტაციებში აქტიურად იყო ჩართული.
„ორი მნიშვნელოვანი შენიშვნა გვქონდა. პირველი იყო ტექნიკური ხასიათის, ანუ ვადები, მეორე – შინაარსობრივი. აღნიშნული დებულების გარკვეული ნაწილი პასუხობდა ჭარბვალიანობის შესახებ გამოწვევას, მაგრამ იყო შინაარსობრივი ნაწილი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა ზოგადად სხვადასხვა ბიზნეს სექტორზე, მათ შორის როგორც უძრავი ქონების, ასევე სხვა მიმართულებებზე“, – განაცხადა ლექვინაძემ.
ბიზნესომბუდსმენის მოსაზრებით, გონივრული იქნებოდა, სულ მცირე ერთთვიანი გადავადება, მაგრამ 2 კვირაც დაინტერესებულ მხარეებს მისცემს საშუალებას, კონსულტაციები გაგრძელდეს და დებულება შინაარსობრივ ნაწილში დაუახლოვდეს ბიზნესსექტორის მოთხოვნებს, ასევე უპასუხოს გამოწვევას, რაც ჭარბვალიანობას უკავშირდება.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ახალი საბანკო რეგულაციების გადავადებას დადებითად აფასებს. როგორც მან „პირველ არხს“ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკთან მუდმივი კომუნიკაცია იყო, საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება, რათა პოზიციები შეჯერდეს.
„კონსულტაციები გრძელდება. იმედია, მომავალშიც გაგრძელდება და მოგვეცემა მეტი ვადა, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მოხდეს შეჯერება, რადგან ეს არის ძალიან კომპლექსური დებულება. მისი ძალაში შესვლა შეიძლება, მკვეთრად ასახულიყო არა მხოლოდ საკრედიტო პორტფელზე, არამედ მთლიანად ეკონომიკაზე“, – განაცხადა ძნელაძემ.
მისი თქმით, ასოციაციის პოზიცია იყო, რომ დებულების ამოქმედება იმ რედაქციით, როგორც იყო დაგეგმილი, უნდა შეჩერებულიყო.
„ამას იმიტომ ვამბობდით, რომ გარკვეული მიზნებისთვის სხვადასხვა რეგულაციების შემოღება ეროვნული ბანკის მხრიდან უკვე მიმდინარეობს. მაგალითად, 50-პროცენტიანი მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ რეგულაცია სექტემბერში ამოქმედდა. ამის ეფექტი ჯერ არ ასახულა არც საკრედიტო პორტფელზე და არც ზოგადად მდგომარეობაზე ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მსგავსი დამატებითი წნეხის შემოღება მნიშვნელოვნად შეცვლიდა მდგომარეობას. ამიტომ გავაკეთეთ განცხადება, რომ რეგულაცია მსგავსი რედაქციით უნდა შეჩერებულიყო“, – განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა.
მისი შეფასებით, გარდა იმისა, რომ აღნიშნული სიახლეების ერთბაშად დანერგვა ბანკებში რთული იყო, ასევე, საუბარია იმაზე, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სესხის გარეშე დარჩებოდა, არამხოლოდ ახალი მსესხებლები, არამედ უკვე არსებულ მსესხებლებსაც შესაძლოა, ვეღარ ესარგებლათ დამატებითი რესურსით. ეს კი, მომავალი 12 თვის განმავლობაში საკრედიტო პორტფელის შემცირებას გამოიწვევდა.
ძნელაძის თქმით, ახალ რეგულაციებთან დაკავშირებული დებულების გადავადებაზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ამასთან, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რა სახით უნდა ამოქმედდეს ახალი რეგულაციები, როგორ უნდა შერბილდეს ისინი და შეჯერდეს პოზიციები.