„ჩვენ ვნახეთ ზღვარგადასული ამპარტავნობა – ჯერ მილოცვები და მერე კუდამოძუებული გაპარვის ფაქტები“

„ჩვენ ვნახეთ ზღვარგადასული ამპარტავნობა – ჯერ მილოცვები და მერე კუდამოძუებული გაპარვის ფაქტები“

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული, 3705 უბნის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 37,74 % მიიღო. რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს: დავით ბაქრაძე – 10,97 %; შალვა ნათელაშვილი – 3,74 %; დავით უსუფაშვილი – 2,26 %; ზურაბ ჯაფარიძე – 2,26 %; კახა კუკავა – 1,33 %.

არსებული მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა. ამომრჩეველი არჩევანს ორ კანდიდატს – სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის გააკეთებს. პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ ხელისუფლება მეორე ტურში უზრუნველვყოფს ერთსულოვნებას, მათ შორის იმ მხარდამჭერებისას, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ქართული საზოგადოებისგან მივიღეთ მკაფიო გზავნილი ჩვენს შეცდომებზე და იმაზე, თუ რა კონკრეტული მოლოდინები აქვს ჩვენს საზოგადოებას იმ კონკრეტულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც მათ აწუხებთ, აწუხებს მათ ოჯახებს. ამ არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახა, რომ ამავე დროს ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია უმოკლეს დროში. საზოგადოების ეს გზავნილი მიღებული და გააზრებულია.

შესაბამისად, მეორე ტურში უზრუნველვყოფთ ერთსულოვნებას, მათ შორის, ჩვენი იმ მხარდამჭერებისას, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში. მეორე ტურში, ყველა ჩვენ ერთად აღვნიშნავთ იმ ღირებულებებისა და ფასეულობის გამარჯვებას, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მეორე ტურში სულ სხვა მოცემულობაა – შავი და თეთრი, წარსული და მომავალი – ვისაც წარსულის ჯოჯოხეთში დაბრუნება არ უნდა, არჩევანს გააზრებულად გააკეთებს. 28 ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩევლისგან მიღებული გზავნილის მიუხედავად, დეპუტატი ეკა ბესელია გამორიცხავს, რომ მათ წარსულში დაბრუნება დაუშვან.

„ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც ძალიან ბევრი იბრძოლა ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ძალიან მნიშველოვანია, რომ იმ წარსულში აღარ დავბრუნდეთ. ახლა, მეორე ტურში, სწორედ ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ, სადაც არ არის მესამე ალტერნატივა - არის წარსული ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნება ან ადამიანის უფლებების უფრო მაღალი სტანდარტის გაგრძელება.

არჩევანი ასეთია – გვინდა თავისუფლების გაგრძელება და თავისუფლების პირობებში უკეთესი საქართველოსთვის შრომა თუ დავბრუნდეთ წარსულში და დავაბრუნოთ მოძალადეთა რეჟიმი. დღეს ეს არჩევანი დგას, რაც არის პოლიტიკური და მორალური არჩევანი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია, თუ რა არის ხელისუფლების მხრიდან ძალადობა და სისასტიკე, ამ წარსულში დაბრუნებას არ მოისურვებს. ამიტომ მგონია, რომ მეორე ტურში ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი მკაფიო მხარდაჭერას მიიღებს“, –აცხადებს ეკა ბესელია.

უკვე ცნობილია, რომ მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მხარს უჭერს „ევროპული საქართველო“. დავით ბაქრაძე თვლის, რომ მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად, აუცილებელია შეიქმნას საკოორდინაციო შტაბი. „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი მოუწოდებს ყველა კანდიდატს, რომ გაერთიანდეს შტაბში იმისთვის, რომ ოპოზიციამ კოორდინირებულად შეძლოს მუშაობა და მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატის საბოლოოდ დამარცხება.

„საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა და ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება. მათ უარი უთხრეს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას და უარი უთხრეს იმ უკუსვლის გაგრძელებას, რომელიც ქვეყანას მოუტანა ივანიშვილის გუნდმა. ამიტომ არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, გაერთიანებული ოპოზიციის და მისი კანდიდატის მაგრამ ასევე თითოეული ოპოზიციური კანდიდატის ვალდებულებაა ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე და ბოლომდე ავსახოთ ჩვენი ხალხის და ამომრჩევლის ნება უკვე მეორე ტურის შედეგებში“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

მოწოდების მიუხედავად, დავით უსუფაშვილის პოლიტიკური მხარდაჭერა ამ არჩევნებში ვერც ერთ კანდიდატს ვერ ექნება. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, ვერც ერთ მათგანში საზოგადოების გამაერთიანებლის პოტენციალს ვერ ხედავს. უსუფაშვილი აცხადებს, რომ მეორე ტურში გასულ კანდიდატების პოლიტიკურ გუნდებს საქართველოს მომავალს ვერ ანდობს.

„ნუ დაუწესებენ ოპოზიციური საქმიანობის სტანდარტებს. ეს ეხება დავით ბაქრაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მეორე ტურში მხარს ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში სახელისუფლებო ცვლილებების განხორციელება, რომელიც კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს.

ასევე საჭიროა, ერთმმართველი „ქართული ოცნება“ ერთმმართველმა „ნაცმოძრაობამ“ არ ჩაანაცვლოს, საითაც პროცესი მიექანება. ქვეყანა იმ კრიზისულ სიტუაციას უახლოვდება, სადაც მთელი პოტენციალია ასამოქმედებელი, რათა მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ და კოალიციური ხელისუფლება, რომელიც ხალხის მანდატით იქნება აღჭურვილი და ამისკენ ნაბიჯებია გადასადგმელი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ ამარცხებს არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ თვითონ „ქართულ ოცნებაში“ ჩაბუდებული ამპარტავნობა, სიბრიყვე და გარყვნილება.

„მისი მთავარი პრობლემა არის ის „ურჩხული“, რომელმაც როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მძევლად აიყვანა ეს პოლიტიკური ორგანიზაცია. მათ ითამაშეს „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშის წესებით, ანუ ჭუჭყზე და ტალახზე ააგეს მთელი კამპანია, არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ წარმოუდგენიათ, რაც ხალხს აინტერესებს, მათ ფაქტობრივად ითამაშეს „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშის წესებით.

ამ ტექნოლოგიებში ისინი უფრო გამოცდილები არიან და შედეგიც მიიღეს. ჩვენ ვნახეთ ზღვარგადასული ამპარტავნობა – ჯერ მილოცვები და მერე კუდამოძუებული გაპარვის ფაქტები. ჩემთვის ეს ძალიან მძიმე საყურებელი იყო.

რაც შეეხება მოლოდინებს მეორე ტურისთვის, ვფიქრობ, მათ კარგად არ აქვთ საქმე. ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ დაიწყონ სისტემური ცვლილებები. უნდა გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, რომ შიგნით ჩაბუდებულ ამ ურჩხულს – გარყვნილებას, გამოუცხადონ ბრძოლა. მათ ახლა სისტემურ მანკიერებას უნდა დაუწყონ ბრძოლა სხეულის შიგნით, ამან შეიძლება რაღაც შანსები გაუჩინოს. წმინდა არითმეტიკულად ისინი აგებენ“, – ამბობს გია ხუხაშვილი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ თუ ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს დააბრალა ყველაფერი და არა საკუთარ შეცდომებს, მაშინ „ქართული ოცნება“ მეორე ტურსაც წააგებს. მისი თქმით, ამომრჩეველმა არჩევნების შედეგებით „ქართულ ოცნებას“ 6–წლიანი წარუმატებელი მმართველობა შეუფასა და ვნახოთ რას მოახერხებს ბიძინა ივანიშვილი თავისი „დაბოლილი“ მრჩევლებით.

მისივე თქმით, არჩევნებით ხელისუფლებას ამომრჩეველმა შეახსენა არასწორი ნაბიჯები, რომელიც მათ გადადგეს – ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩაჭრეს ხიდები მოსახლეობასთან, „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ ყველას ჩარეცხვა შეეძლო, მათ შორის ჟურნალისტების, ექსპერტების, არასამთავრობო სექტორის და პროფესიული წრეების.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორი იქნება მეორე ტური. მაინტერესებს აქვს თუ არა მოგების რესურსი „ქართულ ოცნებას“, ვინაიდან ეს პარტია ყოველთვის იყო ხელოვნურად შეგროვებული კონგლომერატი და არა გუნდი. ახლა რისი იმედი აქვთ? უაღრესად მყიფეა ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობა. თუ გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა, ჩვენ ალბათ, საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლის მომსწრე გავხდებით. მე ნათლად წარმომიდგა ისევ ის სურათი, როცა 2003 წელს გარბოდნენ ვირთხებივით შევარდნაძის ნავიდან ადამიანები.

დღეს მთავარი საფრთხე, რაც „ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ემუქრება, არის სწორედ ეს – უშუალოდ მის ნავში მყოფი ვირთხები გუშინდელი დღიდანვე დაიწყებდნენ გაქცევის მცდელობებს. ამ მხრივ, პირველი საფრთხეა მაჟორიტარები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადავიდნენ „ქართულ ოცნებაში“ და დღის წესრიგს ქმნიდნენ „ქართულ ოცნებაში“, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.