„დაფიქსირებულ დარღვევებს არ შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს არჩევნების საბოლოო შედეგებზე“

„დაფიქსირებულ დარღვევებს არ შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს არჩევნების საბოლოო შედეგებზე“

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 დასრულდა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დაკვეთით, „ფსიქოპროექტის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო - 52.3% მეორე ადგილზე - გრიგოლ ვაშაძე 28.1% მესამე ადგილზე - დავით ბაქრაძე 9.2% მეოთხე ადგილი - ზურაბ ჯაფარიძე 3.3%, ხოლო შალვა ნათელაშვლმა 3.1% აიღო.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით, კომპანია „Edison Research“-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში 40-40% სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ მიიღეს; 10% დავით ბაქრაძე.

შეგახსენებთ, არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლებმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს.

ოპოზიცია უკვე აპროტესტებს არჩევნების შედეგებს, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ამტკიცებენ, რომ სწორედ მათ მოიგეს არჩევნები და სავარაუდოდ, პროტესტისთვის ემზადებიან.

როგორც გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, ე.წ კარუსელს ატრიალებს და ამომრჩევლის მოსყიდვას ახდენს, სახელისუფლებო კანდიდატი მაინც მარცხდება. მისივე თქმით, შევარდნაძის პერიოდის ჩათვლით, ამ მასშტაბის გაყალბებები და მანიპულაციები არასდროს ყოფილა.

გამარჯვებას ზეიმობს გრიგოლ ვაშაძეც - მან განცხადება „edison research“-ის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, მათ ზურაბიშვილი დაამარცხეს.

„მიუხედავად გაყალბებისა, მასობრივი მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსისა, ჩვენ მათ მოვუგეთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ პათოსი ძალიან ჰგავს 2003 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდს, როდესაც წაგებული არჩევნები მოგებულად გამოაცხადეს, განსაკუთრებით აშკარაა მიხეილ სააკაშვილის ხელწერა - შეგვიძლია, გავიხსენოთ აგვისტოს ომი, როდესაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა და ომის მოგებას ზეიმობდნენ.

ვაშაძისგან განსხვავებით „ევროპული საქართველოს“ მიერ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დამარცხება აღიარა.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმება ძალაშია და მეორე ტურის შემთხვევაში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.

რაც შეეხება გაყალბებას, ამაზე ოპოზიცია აპელირებს და სავარაუდოდ, მომავალშიც ამ თემაზე ააგებს საკუთარი მოქმედების ტაქტიკას. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ხშირად საარჩევნო კომისიების მუშაობაში არის ისეთი დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც კომისია დამკვირვებელთა შენიშვნების შემდგომ ასწორებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ორგანიზაციის მონიტორების მიერ დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს არ შეუძლიათ არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის პრობლემად კვლავ რჩება საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია. მათი მხრიდან პროცედურული დარღვევების უმრავლესობა გამოწვეულია არა იმდენად არჩევნების გაყალბების მცდელობით, არამედ არაკვალიფიციურობით და საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნით. ეს პრობლემები განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ვლინდება, სადაც კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა და ზოგჯერ - კონფლიქტებიც.