„დღევანდელი არჩევანით, ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე“

„დღევანდელი არჩევანით, ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე“

15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 30,98%,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. ცესკო-ს ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა 47,1% ამბროლაურის ოლქში, ხოლო ყველაზე დაბალი 23,6% მარნეულის ოლქში დაფიქსირდა.

15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 30,98%, რაც რაოდენობრივად არის 1 085 730 ამომრჩეველი. ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების აქტივობას, 15:00 საათისთვის მაშინ აქტივობამ შეადგინა 32,1%. ცესკოს ჯერჯერობით წინასწარი შედეგები დათვლილი არ აქვს, თუმცა, სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე წერს, რომ პირველადი მონაცემებით სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

„იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც გამაჩნია და მერწმუნეთ, რომ ვფლობ ინფორმაციას არა მხოლოდ EXIT POLL – ის, არამედ სხვადასხვა მონაცემებს ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ, შეიძლება დარწმუნებით ითქვას – სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლახავს 50% – იან ბარიერს! მეორეზე ადგილაზე გადის – გრიგოლ ვაშაძე! ზურა ჯაფარიძეს კი აქვს ყველა შანსი, შევიდეს საპრეზიდენტო რეიტინგის ოთხეულში და გაუსწროს შალვა ნათელაშვილს და დავით უსუფაშვილს!“, – წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძეს განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს. როგორც მდინარაძემ განმარტა, აღნიშნულის თქმის საფუძველს პარტიის კოორდინატირების მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს.

„მათი მონაცემების და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით, შეგვიძლია წინასწარი დასკვნები გავაკეთოთ – ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს. ჯერჯერობით, ვიდრე ხმები არ დაითვლება არაფერზე კატეგორიულად საუბარი არ შეიძლება, მაგრამ წინასწარი მონაცემები ნამდვილად ასეთია. ამ დემოკრატიულ პროცესს ბოლომდე მიყვანა სჭირდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი გუნდი გამარჯვებაში დარწმუნებულია. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან დაბალი, მაგრამ მეორე ტურის შემთხვევაში არავითარი კითხვის ნიშანი არ იქნება.

„ვფიქრობ, რომ დღევანდელი არჩევნით რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს, ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე. უკულტურობაზე და მოვძებნით ჩვენ სწორ გზას. ევროპა და კულტურა ეს იქნება პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიის რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე გახლავთ.

საბოლოოდ ჩვენ ჩვენს დიდი ოჯახს შევუერთდებით, რომელიც გახლავთ განვითარებული ევროპა. მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან დაბალი, მაგრამ ალბათობა არის. თუ მეორე ტური იქნება, მეორე ტურში არავითარი კითხვის ნიშანი არაა. აუცილებლად 100% – ით გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი“, –განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ასე არ ფიქრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიის წევრის ნიკა მელიას განცხადებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნებში უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და იმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

„მთელი ქვეყანა მთელი დღის განმავლობაში ადევნებს თვალს როგორ არის ჩართული ადმინისტრაციული რესურსი გამგებლებისა და მერების ჩათვლით. როგორ ატრიალებენ ამ „კარუსელს“, როგორ არიგებენ ფულს, როგორ ძალდატანებით მიჰყავთ ადამიანები საარჩევნო უბნებზე და ამ ყველაფერის მიუხედავად მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი. ახლა აუცილებელია, რომ არ მიეცეს საშუალება „ქართულ ოცნებას“ რომ გააყალბოს არჩევნები“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

გამარჯვებაში დარწმუნებულია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა ადასტურებს, რომ ხელისუფლებას ძალიან უჭირს. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ნერვიულობს და ეს ნერვიულობა საფუძვლიანია, რადგან არჩევნებზე რეალურად არსებობს ოპოზიციის გამარჯვების ალბათობა. მისივე თქმით, მაღალია ალბათობა, რომ არჩევნების მეორე ტური გაიმართოს.

„ჩვენი ამოცანაა ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის. ჯერჯერობით იმის გამო, რომ ბევრი ამომრჩეველი არ არის მისული უბანზე, მეორე ტურზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ალბათობა მაღალია, რომ იქნება მეორე ტური. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა ადასტურებს, რომ ხელისუფლებას ძალიან უჭირს. ამის ნიშანია მრავალრიცხოვანი დარღვევები, ამის ნიშანია ის, რომ დაგვიბრუნდა საქართველოში ისეთი დარღვევები, რომელიც გვეგონა, რომ წარსულს ჩავაბარეთ.

მაგალითად შევარდნაძის დროინდელი „კარუსელის“ მცდელობა, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ნერვიულობს და ნერვიულობს ძალიან საფუძვლიანად, ამ არჩევნებზე რეალურად ოპოზიციის გამარჯვების მაღალი ალბათობა არსებობს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბარობს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას სულ ტყუილად ჰგონია, რომ უბნებზე მათი მიყვანილი ადამიანები ხმას „ქართული ოცნების“ კანდიდატს აძლევენ.

„ეს არის ადმინისტრაციული რესურსი, როცა ადამიანები წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით, ბლანკების მიხედვით, რომელსაც საბავშვო ბაღების და სკოლების მასწავლებლებს ურიგებდნენ და სთხოვდნენ ოჯახის წევრების მონაცემებს, ამის მიხედვით მიჰყავთ უბნებზე, მაგრამ სულ ტყუილად ჰგონიათ, რომ მათი მიყვანილი ადამიანები ხმას აძლევენ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ძალიან ბევრი ადამიანისგან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი მიდიან მაგრამ ხმას არ აძლევენ „ქართული ოცნების“ კანდიდატს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.