აურზაური ბათუმის საქალაქო სასამართლოში

აურზაური ბათუმის საქალაქო სასამართლოში

[ნინო მიქიაშვილი]

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 28 ივლისს გამართული სხდომის დეტალებზე, რასაც დღის მეორე ნახევარში ადვოკატ რამინ პაპიძისთვის 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება მოჰყვა (სასამართლოს უპატივცემულობისა და მანდატურისთვის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის), „ობიექტივი“ ესაუბრა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ თანათავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს, რომელიც ამავდროულად, ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოს წევრია.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ვერა დოლიძე უძღვებოდა 21 მაისის აქციის გამო დაკავებულების (გოჩა მუხაშავრია, ხვიჩა გამარჯობაძე, ანზორ სოლომონიძე, დავით ფარტენაძე, ვახტანგ  სიორიძე, დიმიტრი  ჭეიშვილი, ტარიელ ფუტკარაძე) პროცესს. მათ ბრალად ედებათ ტელევიზიის ბლოკირება და ხელში ჩაგდების მცდელობა (სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტი), რაც 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და პოლიციისთვის ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევა (353 -ე  მუხლის მეორე ნაწილი), რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბათუმში ანალოგიური ბრალდებითაა დაკავებული ცოტნე ანანიძე.

სანამ ავთანდილ ბერიძესთან ინტერვიუს წაიკითხავდეთ, თვალი გადაავლეთ მოსამართლე ვერა დოლიძის ბიოგრაფიულ მონაცემებს (რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდიდან გადმოვწერეთ ), რომელიც ინტერვიუში მრავალჯერაა ნახსენები, როგორც არაობიექტური და უსამართლო მოსამართლე. მისი ბიოგრაფიული მონაცემები ასე გამოიყურება:

„ვერა დოლიძე დაიბადა 1970 წლის 22 აგვისტოს, ქუთაისში. 1987 წელს დაამთავრა ქუთაისის №25 საშუალო სკოლა. 1993 წელს - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი. 1994-1998 წლებში მუშაობდა ქუთაისის პროკურატურის სტაჟიორად. 1998-2001 წლებში - ქუთაისის პროკურორის თანაშემწედ. 2001-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე. 2005-2006 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2006-2009 წლებში - ქობულეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2009 წელს (ქობულეთის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის შემდეგ) დაეკისრა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 2009 წლის დეკემბრიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი“.

ავთანდილ ბერიძესთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ გაიმართა ადვოკატ რამინ პაპიძის პროცესი, რომელზეც მას 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. 28 ივლისის სხდომის დეტალებს ავთანდილ ბერიძე ასე აღწერს:

ავთო ბერიძე: მე ფაქტიურად აქამდე გამართულ ყველა პროცესს ვესწრებოდი. 21 მაისის აქციის გამო დაკავებული შვიდი ადამიანიდან ექვსია წინასწარ პატიმრობაში. შესაბამისად, ისინი ციხიდან მოჰყავთ ხოლმე, ხოლო მეშვიდე, ტარიელ ფუტკარაძე  მას შემდეგ, რაც თქვა, რომ „ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ, ქვა მე ვესროლე, ამათაც ესროლეს და ჩვენ ვართ დამნაშავეებიო“, სასამართლოებზე სახლიდან დადის.

რამდენად სამართლიანად მიჰყავს პროცესი მოსამართლე ვერა დოლიძეს?

- მას პროცესი უსამართლოდ, ტენდენციურად მიჰყავს. ჩემი აზრით, იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს არსებული რეჟიმის მოსამართლე. სწორედ ამიტომ, იგი შეგნებულადაა დანიშნული ამ პროცესზე. რამდენჯერმე იყო მისი აცილების მცდელობა, ადვოკატების და განსასჯელების მხრიდან და რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდა. 28 ივლისსაც იყო ანალოგიური მცდელობა - პროცესს კიდევ ერთი ადვოკატი, ლადო მაჭარაშვილი დაემატა. მას ანალოგიური შუამდგომლობა დააყენა, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა.

განსასჯელები საპროცესო შეთანხმებას  მართლა ითხოვენ?

- ამ თემაზე მათ ადვოკატებს ერთი საათის წინ ვესაუბრე. ისინი ამბობენ, რომ ზოგიერთ მათგანს რაღაც პროცედურები და მოლაპარაკებები აქვს. საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი კატეგორიულად არ დასტურდება ანზორ სოლომონიძისა და  ხვიჩა გამარჯვებაძის შემთხვევაში. იგივეს ამბობენ დავით ფარტენაძეზეც.

რას ამბობენ თავად განსასჯელები?

- ჯერჯერობით, საქმე მათ დაკითხვამდე არ მისულა, მაგრამ ზოგადად ისინი ამბობენ, რომ ძალადობაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ, ტელევიზიაში შეჭრის მცდელობა არ ყოფილა, არც ტელევიზიის ბლოკირება განხორციელებულა და არანაირი ქვების სროლა და საგნების გამოყენება არ მომხდარა. ზოგადადაა ნათქვამი, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა პროვოკაცია მოაწყვეს და ქვებიც თვითონ ისროლეს. ამის თვითმხილველები არსებობენ.

პროცესი რომ განახლდება, ალბათ ყველა მოწმე დაიკითხება, მათ შორის დაცვის მხრიდან და მაშინ გამოჩნდება ვინ რა იცის. საქმეში არის რეალობის ამსახველი ვიდეომასალა, ფოტოსურათები. ასე რომ, რაღაც-რაღაც მტკიცებულებები დაცვის მხარესაც აქვს წარდგენილი, რაც მტკიცებულებების წარდგენისას გამოჩნდება.

ვინ დაიკითხა დღემდე გამართულ პროცესებზე?

- ბრალდების მოწმეები - ძალოვანი სტრუქტურის 4 წარმომადგენელი დაიკითხა. აქედან სამის დაკითხვა 27 ივლისს გამართულ პროცესზე მოხდა და მეოთხე 28-ში დაიკითხა, მაგრამ სრულად ვერ, რადგან პროცესი ჩაიშალა.

რატომ ჩაიშალა 28 ივლისის პროცესი?

- პროცესი ჩაიშალა მოსამართლის უკანონო, ტენდენციური დამოკიდებულების გამო, რაც მან გამოავლინა ზოგადად დაცვის მხარესთან და კონკრეტულად ადვოკატ რამინ პაპიძესთან მიმართებაში. იგი 27 ივლისს გამართულ სხდომაზე 300 ლარით დააჯარიმა, 28-ში კი 200 ლარით და ბოლოს პროცესიდან გააძევა. ამას მღელვარება მოჰყვა. თავად რამინ პაპიძემ განაცხადა, რომ დარბაზიდან გასვლის შემდეგ მას მანდატურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დროს მე დარბაზში ვიყავი და ეს არ დამინახავს.

რამინ პაპიძის გაძევების შემდეგ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა დაცვის მხარემ და იმ ადამიანებმა, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ. მოსამართლემ ასეთი სიტუაცია რომ დაინახა, დარბაზიდან თავადაც გავიდა.

როდის განახლდება სხდომა?

- ჩვენ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გარეთ ვიყავით. განსასჯელების ადვოკატები წავიდ-წამოვიდნენ. როგორც გავიგე, სხდომის განახლება გამოუცხადებიათ. დარბაზში ისინი შევიდნენ, ვინც იქვე იყო დარჩენილი. ამ დროს რამინ პაპიძე იქ არ ყოფილა. მოსამართლეს გამოუცხადებია, რომ სხდომა 8 აგვისტოს განახლდებაო.

რა ხდება ცოტნე ანანიძის საქმეში, რომელიც ანალოგიური ბრალდებითაა წინასწარ პატიმრობაში?

- ცოტნე ანანიძის პროცესი გვერდით დარბაზში მიმდინარეობდა. იქიდან გამოსული ინფორმაციის მიხედვით, ცოტნე ანანიძემ მოითხოვა საპროცესო შეთანხმება, აღიარების გარეშე, რაზეც პროკურატურამ უარი თქვა.

როდისთვისაა ჩანიშნული მურმან დუმბაძის დაკითხვა?

- მურმან დუმბაძე არის დაცვის მოწმეთა სიაშია. ბრალდების მხარეს 50-მდე მოწმე ჰყავს დასაკითხი და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ერთ დღეში, 27 ივლისს მხოლოდ სამი მათგანი დაკითხეს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა აგვისტოს ბოლოსთვის დასრუდლება, ესეც იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო კარგად იმუშავებს.

არ ვიცი როგორ გადაწყდება მოსამართლის საკითხი, რადგან, ჩემი ინფორმაციით, ადვოკატი რამინ პაპიძე ჩივილს აპირებს და საერთოდ, არაორდინალური სიტუაციაა შექმნილი.

ეკა ბესელია რატომ გააძევა მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან?

- ეკა ბესელია მოვიდა პროცესზე, როგორც გოჩა მუხაშავრიას ადვოკატი. ორდერი წარადგინდა და იგი სხდომათა დარბაზის პირველ რიგში დაჯდა. მან განაცხადა, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე მონიტორინგს ახორციელებდა. მოსამართლემ უთხრა, „თუ თქვენ აპირებთ დაცვის ფუნქციების განხორციელებას, მაშინ სადაც დაცვის მხარე ზის, იქ დაბრძანდით და პროცესში თავიდან ჩაერთეთო“. ეკა ბესელიამ მიუგო - „ჩემი საქმეა როდის ჩავერთვები, კანონი მაძლევს უფლებას სადაც მინდა იქ ვიყო და როგორც მინდა ისე მოვიქცეო“. მოსამართლემ დაახლოებით ასეთი პასუხი გასცა - „კარგი ბატონო, დარჩით მანდ თუ არ გადმობრძანდებითო“.

შემდგე, პროცესის მსვლელობის დროს, ბესელიამ მოსამართლეს შენიშვნა მისცა, „თქვენ არასწორად ექცევით ადვოკატებს; მაგალითად, თქვენ უსამართლოდ მოექეცით რამინ პაპიძეს, მე ამაზე პროტესტს ვაცხადებო“. აი, ამას მოჰყვა წაკინკლავება და მოსამართლემ უთხრა აბრძანდით ფეხზეო. ბესელია არ ადგა და ამის შემდეგ მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა.

P.S. ამ მასალაზე მუშაობას ვასრულებდით, როცა ბათუმიდან არაერთმა ადამიანმა გვაცნობა, რომ 28 ივლისს, ღამის თერთმეტის ნახევარზე, „ტვ 25“-ის ეთერში, გადაცემა „დიალოგის“ სტუმარი იყო ადვოკატი რამინ პაპიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მის მიმართ დევნა ხორციელდებოდა, რის გამოც ბათუმიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატის განმარტებით, მასთან მიმართებაში განხორციელებული დევნა როინ შავაძის საქმესაც უკავშირდება.

აღსანიშნავია ის, რომ როინ შავაძე წამებით 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლეს და ერთადერთი რამინ პაპიძე იყო, ვინც მოკლულის ოჯახს გვერდზე დაუდგა, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ეს საქმე გახმაურდებოდა. შავაძეები რამინ პაპიძეს ამის გამო დღემდე ემადლიერებიან.

რამინ პაპიძემ „ტვ 25“-ის ეთერში განაცხადა, რომ თუ მას დააკავებენ, პროტესტის ნიშნად დაიწყებს მშრალ შიმშილობას და მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს. უფრო დეტალურ ინფორმაციას გადაცემა „დიალოგის“ წამყვანთან, ჯაბა ანანიძესთან საუბრის შემდეგ შემოგთავაზებთ. ამ წუთებში ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან იგი ახლა პირდაპირ ეთერში ზის და გადაცემა მიჰყავს.