„ეროვნული არჩევნების“ თავისებურებები

„ეროვნული არჩევნების“ თავისებურებები

დღეს სრულიად საქართველო ქვეყნის ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ამ თემას დღევანდელ „სახალისო მოგონებებშიც“ შევეხებით და „ეროვნული არჩევნების“ ისტორიასა და მის „თავისებურებებს“ განვიხილავთ.

თხრობას 1995 წლის ნოემბრიდან დავიწყებ. გახსოვთ ალბათ ბატონი ედუარდ შევარდნაძე და მის მიერ ჩამოყალიბებული  „მოქალაქეთა კავშირი“. 1995 წელს ეს პოლიტიკური გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ერთობ ორიგინალური ფორმით აწარმოებდა, რაც ძირითადად ტაშ-ფანდურით გამოიხატებოდა. 3 ნოემბერს დილით, ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი, შევარდნაძის სურათებით აღჭურვილი ახალგაზრდობის კოლონა რუსთაველის პროსპექტს მიარღვევდა და სააგიტაციო ფურცლებს არიგებდა. საღამოს კი, რესპუბლიკის მოედანზე ედუარდ შევარდნაძესა და „მოქალაქეთა კავშირს“ უმღეროდა ამავე პარტიის წევრი სოსო პავლიაშვილი. „მოქალაქეთა კავშირის“ ლიდერები მოედანზე მოცეკვავე ახალგაზრდებს შიგადაშიგ ახსენებდნენ, რომ ხმა მათი პარტიისათვის უნდა მიეცათ.

სოსო პავლიაშვილი ეროვნებით ქართველია და ადგილობრივ არჩევნებში მისი მონაწილეობის ფაქტი გასაკვირი არ გახლდათ. აი, ქალბატონ ალა პუგაჩოვას ქართულ საპარლამენტო არჩევნებში რა სურდა, ეს მართლაც დიდი მოულოდნელობა გახლდათ.

გთავაზობთ ერთ-ერთ „ნიუსს“ რომელიც ქართულ მასმედიაში 1998 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა.

„9-დან 11 ნოემბრამდე, კომპანია „ნანისა“ და შოუ-ბიზნეს ცენტრის - „ოვაციას“ ხელშეწყობით, თბილისს ალა პუგაჩოვა ეწვევა. რუსული ესტრადის მშვენებას ამჯერად არც თბილისი მონატრებია და არც ქართველი მსმენელი.

მისი კონცერტის მიზანს ადგილობრივი მმართველობის არჩევნებში „მოქალაქეთა კავშირის“ მხარდაჭერა წარმოადგენს“.

ადგილობრივი მმართველობის არჩევნებში „მოქალაქეთა“ გამარჯვება-არგამარჯვების საკითხს პუგაჩოვა იმდენად შეუწუხებია, რომ მან მოსკოვის საკონცერტო დარბაზ “როსიაში“ დაგეგმილი კონცერტიც კი გადადო.

ედუარდ შევარდნაძეზე და „მოქალაქეთა კავშირზე“ ნაკლები რითი ვარო და თავი ბატონმა ასლან აბაშიძემაც „გამოიდო“. ოღონდ აჭარის ყოფილი მმართველი უფრო შორს წავიდა და 2000 წელს ბათუმში ადრიანო ჩელენტანოს ჩაყვანა განიზრახა.

ისევ ძველ გაზეთებს დავუბრუნდეთ.

„ცნობილი გახდა რომ ადრიანო ჩელენტანო ბათუმში ჩასვლას აპირებს. კულუარული ინფორმაციით, მისი ვიზიტი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. ბათუმის ცენტრში მომღერალი კონცერტს ასლან აბაშიძის მხარდასაჭერად გამართავს. ჩვეულებრივ ის აჭარაში, ალბათ არც ჩავიდოდა, თუმცა ყველაფერი, როგორც გაირკვა, ბატონი ასლანის იტალიელმა სიძემ ამ სიტუაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ჩელენტანო დიდი ხანია მას იცნობს, ამიტომ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდასაჭერად სიამოვნებით მოჰყვება“.

მომდევნო წლებში ასპარეზზე „მიშა მაგარია“ გამოვიდა. მან საკუთარი საარჩევნო პროგრამის მხარდამჭერებად თავდაპირველად უკრაინელი რუსლანა ჩამოგვიყვანა, მოგვიანებით კი მოლოკოს სტუმრობითაც გაგვანებივრა.

ქართულ არჩევნებზე „პური და სანახაობის“  ეფექტი ყოველთვის დამაჯერებლად მოქმედებდა. „სანახაობაზე“ უკვე ვისაუბრეთ. დროა ამ ფორმულის მეორე მხარესაც შევეხოთ.

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ცხვრებიც მონაწილეობდნენ. არ დაიჯერებთ, მაგრამ ერთმა თბილისურმა ქეიფმა მიხეილ მაჭავარიანს 350 ხმა მოუტანა.

იმ კვირას, როდესაც სამგორის მაჟორიტარი დეპუტატის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო, არჩევნებზე წასვლას ამ რაიონის ერთ-ერთი კორპუსის თითქმის არც ერთი სრულწლოვანი მაცხოვრებელი არ აპირებდა. იქ მცხოვრებმა მაჭავარიანის ერთმა მხარდამჭერმა ამომრჩეველის „დაყოლიების“ ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა: მოგეხსენებათ, ქართველებს ჭამა-სმა და ლხინი როგორ გვიყვარს და როგორც ამბობენ, დიდი საქმეებიც სწორედ სუფრაზე წყდება. ჰოდა, მიშიკოს თაყვანისმცემელმა სასწრაფოდ, დილაუთენია ცხვარი იყიდა, ღვინოც „გააძრო“ და გადაწყვიტა, კორპუსის წინ სუფრა გაეშალა და ყველა მეზობელი დაეპატიჟა.

მოკლედ, შეიკრიბნენ ოჯახის ბურჯები, ცხვარი გაამზადეს და დაიწყო „ჭამა-სმა დიდად შესარგი“. დაახლოებით ერთ საათში, ექვსიოდე ჭიქის შემდეგ, სუფრის ინიციატორმა ერთი შეაპარა თანამეიხეებს - დღეს არჩევნებია, ხმა ხომ უნდა მივცეთ ვინმეს, აბა, ჩვენი ხმები ვიღაცამ რატომ უნდა მიითვისოსო. ორი ჭიქის შემდეგ ეს ტექსტი ისევ გაიმეორა, ოღონდ აგიტაცია-პროპაგანდით გაამდიდრა და დაახლოებით ორ საათში ყველა მზად იყო, საარჩევნო უბანში წასულიყო და ხმა ერთადერთი კაცისთვის მიეცა. ასეც მოიქცნენ. ოჯახის ბურჯებმა დანარჩენ წევრებზეც მოახდინეს ზეგავლენა და აბა, ყველა არჩევნებზეო, დაიძახეს. დაირაზმა მთელი შეზარხოშებული მეზობლობა და ასე მოუტანა ერთმა ცხვარმა დაახლოებით 350 ხმა მიშა მაჭავარიანს.

“პური და სანახაობის“ ცხოვრებაში გატარების დიდოსტატი მიხეილ სააკაშვილი ბრძანდებოდა. 1999 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წინასაარჩევნოდ  სტუდენტებს შეხვდა. „ვაკელები აქეთ მხარეს გადმოჯდნენ...“ - ასე დაიწყო „წინასაარჩევნო ლექცია“ ხმაჩახლეჩილმა სააკაშვილმა. „ხმა ჯეიმს ბრაუნივით მაქვს ჩახლეჩილი. ლუი ამსტრონგს ვერ ვქაჩავ...“ - სააკაშვილმა კარგად იცოდა როგორ აეყოლიებინა „თინეიჯერებით“ სავსე პუბლიკა. ტაშიც არ აყოვნებდა, თუმცა, სტვენა ამერიკულ სტილში ნამდვილად არავის არ დაუწყია.

მოგვიანებით ამომრჩევლებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე, იმ დროს პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე ხალხს შეაცოდა - ბარამიძე ისეთი ღარიბია, პალტო ვერ უყიდია და ზამთრობით იყინებაო.

2000 წელს სააკაშვილმა „აღმოაჩინა“ რომ სწორად მეტყველება უჭირდა და ამ ნაკლის „გამოსწორება“ მოისურვა - ქალბატონ მანანა ბერიკაშვილთან მეტყველების გაკვეთილებზე სიარული დაიწყო. რასაკვირველია ამ ფაქტის შესახებ სრულიად საქართველომ მალე შეიტყო.

2003 წლის მარტში მაშინ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამემამულეებს ამცნო, რომ ქალაქში სატრანსპორტო პრობლემების გადაწყვეტამდე ფეხით სიარული დაიწყო და საკუთარ ავტომანქანაზე უარი განაცხადა.

ქართული პოლიტიკა კურიოზებითაა აღსავსე. ბედის ირონია ყოველთვის თან სდევდა ნოდარ ნათაძეს. ჯერ გამსახურდიას მოწინააღმდეგე იყო და უცბად ზვიადისტების გულშემატკივარი გახდა, შემდეგ სააკაშვილს აქილიკებდა და მოულოდნელად მის რევოლუციურ იდეებს დაუჭირა მხარი ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, 2003 წელს გავრცელდა ხმა რომ ნოდარ ნათაძეს „ნაციონალური მოძრაობის“  საარჩევნო სიაში ვიხილავდით. ინფორმაცია თავად ნათაძემაც დაადასტურა და „ნაციონალების სიის“ ბოლოში ვიქნებიო - განაცხადა. მოგვიანებით ნათაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსი არ შედგა, მაგრამ იმ დღეებში მთელი თბილისი „სახალხო ფრონტის“ ერთ-ერთი დამაარსებლის პოლიტიკურ „გარდაქმნაზე“ ქილიკობდა. 

დღევანდელი წერილის დასასრულს ერთი გამოკითხვის შედეგებს გაგახსენებთ, რომელიც 2002 წლის 10-14 სექტემბერს სოციოლოგიური კვლევების ცენტრმა „რეიტინგი კავკასიამ“ ჩაატარა და იმ დროისათვის თბილისელთა „პოლიტიკურ განწყობაში“ ახალი ტენდეციებიც დააფიქსირა.

კითხვაზე, თუ ვის აირჩევდნენ საქართველოს პრეზიდენტად, დღეს არჩევნების დღე რომ ყოფილიყო, გამოკითხულთა 17.8%-მა შალვა ნათელაშვილს დაუჭირა მხარი. იმდროინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 14,1%-ით მეორე ადგილზე აღმოჩნდა. 11.4%-ით მესამეზე - ასლან აბაშიძე.

შალვა ნათელაშვილის სამწუხაროდ მისი შემდგომი პოლიტიკური კარიერა ამ გამოკითხვის შედეგების სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით წარიმართა...