პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მორიგ ინტერვიუში ეკონომიკური საკითხებისთვისაც მოიცალა და ლარის კურსზე თავისი მოსაზრებები უხვად გაახმოვანა, რომელიც სპეციალისტებისთვის ნაწილობრივ აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა.
ივანიშვილის თქმით, საზოგადოებამ ლარის დევალვაციაში ხელისუფლება და ეროვნული ბანკი არ უნდა დაადანაშაულოს. ვინ არის დამნაშავე ექსპრემიერს ამაზე აღარ უსაუბრია.
„ლარის დევალვაციას ნუ თვლიან მხოლოდ დოლართან, მარტო დოლარი არ არის ჩვენი სავაჭრო ვალუტა. ლარის კურსის კოორდინაციას, მაკროეკონომიკურ ნაწილს, აკეთებს ეროვნული ბანკი. მე ვფიქრობ, რომ სწორ კოორდინაციას უკეთებს. მცურავი კურსი გაქვს ჩვენ და სხვა შეუძლებელია რომ იყოს. ეროვნულმა ბანკმა, სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, რომ ლარი 9%-ით გამყარდა.
მარტო დოლარი არ არის ჩვენი სავაჭრო ვალუტა, ამას განმარტებები სჭირდება. მეც კი არ ვარ საკმარისად პროფესიონალი, რომ კარგი განმარტებები გავაკეთო, მაგრამ ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს ნუ ადანაშაულებთ. ეს ისაა, რაც ხდება გარეთ, ასეთი მცირე ეკონომიკა კი არა, დიდი ეკონომიკები ვერ უმკლავდებიან. მასზე უნდა გავაკეთოთ შესატყვისი და სწორი რეაქცია - აი, ეს პასუხი უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებასაც და ეროვნულ ბანკსაც. მე ვფიქრობ, რომ ისინი პროფესიონალურად ახერხებენ ამას,“ - განაცხადა ივანიშვილმა.
გარდა ამისა, ივანიშვილი სებ-ს სხვა კუთხითაც უჭერს მხარს და დარწმუნებით ამბობს, რომ სესხის მიღება უნდა შეეზღუდოს ყველას, ვისაც მისი გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.
„ვისაც ფული არ აქვს, რომ გადაიხადოს ვალი, არ უნდა აიღოს. ვალს ვერ იხდიან და კვების რაციონს ცვლიან. ეს არასწორია ბავშვები სწორად ვეღარ იკვებებიან, რაც „იუნისეფის“ კვლევაშიც აისახა“, - განაცხადა მან.
რამდენადაც დღეს მთავარი საფრთხე ჭარბვალიანობაა, მის რეგულირებაზე კონსულტაციები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.
„ერთადერთი რაც ვთხოვე მამუკა ბახტაძეს, სანამ კითხვებია შეხვედრები არ შეწყვიტოთ... რეგლამენტაცია რომ ლიბერალურ ბიზნესს აზიანებს, დღემდე გიორგი კვირიკაშვილის მთავარი არგუმენტია“, - თქვა მან და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ კურსის გაუფასურებაშიც საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
„მცურავი კურსი ნორმალურია. ნახეთ საერთაშორისო შეფასებები ეს ეროვნული ბანკის პრეროგატივაა და ეროვნული ბანკი სწორად იქცევა“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
ეკონომისტები ამბობენ, რომ ივანიშვილის პოზიცია სრულად ვერ ასახავს სავალუტო რყევებით გამოწვეული პრობლემის სიმძიმეს. ფინანსისტი რამაზ გერლიანი ექსპრემიერის მოსაზრებას მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება.
„ლარის დევალვაციის გამო მოსახლეობამ ძალიან იზარალა, განსაკუთრებით იმ ნაწილმა, რომელსაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს. მოქალაქეებმა საკმაოდ სერიოზული დანაკარგი განიცადეს. ვისაც კი პირდაპირი თუ ირიბი რამე სახის ვალდებულება გააჩნდა კონვერტირებად ვალუტაში, შესაბამისად, მეტის გადახდა უწევს. საბოლოოდ კი ნაკლები თანხა დარჩათ სხვა ხარჯის გასამკლავებლად.
შეიძლება დავეთანხმო ივანიშვილს, რომ საგანგაშო ნიშნულზე ლარი ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ ნამდვილად ცუდი ტენდენციაა. ამჟამინდელი კურსი ვერ ჩამოშლის ეკონომიკას, არც სავაჭრო ურთიერთობებზე იმოქმედებს მძიმედ, თუმცა მისი გავლენა უდავოდ უარყოფითია. კეთილდღეობას არ აუმჯობესებს, პირიქით, ლარი უამრავი ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას ამძიმებს“, - ამბობს გერლიანი.