პარლამენტი - ქუთაისში, დეპუტატები - წყალტუბოში, დევნილები - მალთაყვაში

პარლამენტი - ქუთაისში, დეპუტატები - წყალტუბოში, დევნილები - მალთაყვაში

[ეკა ბაქრაძე]

წელიწადნახევრის შემდეგ პარლამენტი ქუთასიში გადავა, დეპუტატები - წყალტუბოში, დევნილებს კი უკვე მალთაყვაში მიერეკებიან. კურორტ წყალტუბოდან დევნილთა საჩქაროდ განსახლების პროცესი გაშიფრულია.

წყალტუბოში სანატორიუმ „მეშახტეში“ დევნილების ნაცვლად პარლამენტარები იცხოვრებენ. მას შემდეგ, რაც პარლამენტი ქუთაისში გადავა პარლამენტის წევრები წყალტუბოში იცხოვრებენ, რომელიც ქუთაისიდან სულ რაღაც 9 კილომეტრითაა დაშორებული.

აღნიშნულ სანატორიუმში მცხოვრები დევნილებისთვის ქალაქ წყალტუბოში უკვე გაშენდა კორპუსები, სადაც მათთან ერთად სხვა სანატორიუმების დევნილებიც შესახლდებიან.

მას შემდეგ რაც დევნილებს „მეშახტედან“ გამოასახლებენ სანატორიუმის რეაბილიტაცია დაიწყება და მას დეპუტატების მისაღებად გაამზადებენ. სანატორიუმი „მეშახტე“ არქიტექტურული თვალსაზრისით მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლებშია შესული. ამ სანატორიუმში 140-მდე ოჯახი ცხოვრობს.

წყალტუბოში მცხოვრები დევნილების ნაწილი კი ფოთის გარეუბან მალთაყვაში გადასახლდება. გადასახლების პროცესი დღეს დაიწყო და ხვალაც გაგრძელდება.

დევნილებს უკვე შეხვდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი და მისი მოადგილეები, რომლებმაც დევნილებს განუცხადეს, რომ წყალტუბოში განთავსებული 21 სანატორიუმიდან რამდენიმე სანატორიუმს სარეაბილიტაციოდ გაამზადებენ, იქ მცხოვრებ დევნილებს კი მალთაყვაში გაასახლებენ.

გასახლების მსურველ დევნილებს საშუალება ჰქონდათ სამინისტროსთვის განცხადებით მიემართად და მალთაყვაში ფართი მოეთხოვათ. დევნილები კი აცხადებენ, რომ შემოთავაზებულით კმაყოფილები არ არიან თუმცა, სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ.

„სამწუხაროდ, დევნილებით დაუსახლებელი და უკაცრიელი ადგილების შევსება ხდება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მხოლოდ ვიღაცას ადგილის შესავსებად ვჭირდებით ან პასუხისმგებლობის მოხსნა უნდათ. ყველა შემოთავაზებული ადგილი უკაცრიელია, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე. სხვა არჩევანი არ გვაქვს ან უნდა დავთანხმდეთ შემოთავაზებულ პირობებს ან ქუჩაში დავრჩებით“, - განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას სოხუმის მე-7 სკოლის ყოფილმა დირექტორმა ნანული კირთაძემ.

აღსანიშნავია, რომ წყალტუბოში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსები ადგილზე აშენდა, თუმცა ამ კორპუსებში მხოლოდ ორი სანატორიუმში მცხოვრები დევნილების  შესახლება იქნება შესაძლებელი.

წყალტუბოში დევნილების კომპაქტური ჩასახლების ობიექტებიდან მალთაყვაში მხოლოდ 250 ოჯახი გადასახლდება. სულ 600 განცხადება დაიწერა ხოლო აქედან 250 დაკმაყოფილდა. დევნილები აცხადებენ, რომ არც მალთაყვაში და არც წყალტუბოში მათთვის საკმარისი საცხოვრებელი ფართი არ აშენებულა.

“მინისტრის მოადგილემ და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჩვენთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში სხვა პერსპექტივა არ არის, ანუ სრულად ვერ გვაკმაყოფილებენ. 600 განცხადება დაიწერა ანუ ამდენმა ოჯახმა გამოთქვა სურვილი მალთაყვაში განსახლების, სამინისტრომ კი ნახევარიც ვერ დააკმაყოფილა, არადა ათეულობით მილიონი დაიხარჯა”, - განაცხადეს დევნილებმა.

დევნილების უმრავლესობას არ სურს 20 წლის განმავლობაში შეძენილი მეზობლების და ახლობლების დაკარგვა. “თუ გადასახლებაა ყველა ერთად გაგვასახლონ”, - ამბობენ დევნილები.

საცხოვრებელი უბანი მალთაყვის უბანში, ლერმონტოვის ქუჩაზე, 2010 წლის თებერვლიდან შენდება. მშენებლობის ღირებულება 30 მილიონი ლარია და მუნიციპალური განვითარების ფონდის ზედამხედველობით, მას შვიდი სამშენებლო ფირმა ასრულებს. 30-სახლიანი საცხოვრებელი უბანი 1088 დევნილ ოჯახზეა გათვლილი და მხოლოდ ერთი ან ოროთახიანია. ერთოთახიანი ბინები, სველი წერტილების ჩათვლით, 31-34 კვ/მეტრია, ხოლო ოროთახიანი - 41-43 კვ/მეტრი.