რეპრესირებულთა შთამომავლებს კომპენსაციის მიღებაში ადვოკატები დაეხმარებიან

რეპრესირებულთა შთამომავლებს კომპენსაციის მიღებაში ადვოკატები დაეხმარებიან

[მანანა ნოზაძე]

საბჭოთა რეპრესირებულთა შთამომავლებს კომპენსაციის მიღებაში ადვოკატები დაეხმარებიან. ამის შესახებ ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

ქუცნაშვილის თქმით, საბჭოთა რეპრესიების დროს ათასობით ადამიანი განადგურდა, მათ შორის, ქართველი ერის ინტელექტუალური ელიტაც. მათი უდიდესი ნაწილი დახვრიტეს, გადაასახლეს, ფსიქიატრიულში იძულებით გაამწესეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიაა.

„70 წელი გავიდა რეპრესიებიდან, მაგრამ თანამედროვე სამართალი იძლევა საშუალებას, რომ რეჟიმი რაც არ უნდა მოგერიოს, საბოლოოდ მაინც იპოვი სამართალს. ამ შემთხვევაში, საუბარია კომპენსაციის მიღებაზე“, -აცხადებს ქუცნაშვილი.

1997 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი საბჭოთა იმპერიის რეპრესიების მსხვერპლთათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების თაობაზე. 2010 წელს კი ევროპულმა სასამართლომ დააკისრა საქართველოს ხელისუფლებას რეპრესირებულთათვის მორალური ზიანის ანაზღაურება.

ამ დრომდე არაა განსაზღვრული ზუსტი თანხა, რომლითაც გაირკვევა, რა რაოდენობის კომპენსაციას მიიღებენ რეპრესირებულები და მათი შთამომავლები. ეს მათ მიმართ განხორციელებული რეპრესიის სიმძიმეზე იქნება დამოკიდებული. კომპენსაციის აღება კი შეეძლებათ როგორც მცირე რაოდენობით დარჩენილ რეპრესირებულებს, ისე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა პირველი კატეგორიის მემკვიდრეებს - მეუღლესა და შვილებს. აგრეთვე -რეპრესირებულთა მშობლებს, თუმცა ასეთი შემთხვევებიც ერთეულია.

რეპრესირებულად აღიარებულისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხი სასამართლოში უნდა გადაწყდეს, ხოლო მოპასუხეა ფინანსთა სამინისტრო. იმის მიუხედავად, რეპრესირებულის შთამომავალი დედაქალაქში ცხოვრობს, საქართველოს რომელიმე რეგიონში თუ საერთოდ ემიგრაციაშია, პირველადი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა შევიდეს. უკვე მოსამართლის გადასაწყვეტია, რა თანხას დაადგენს იგი რეპრესირებულის შთამომავლის სასარგებლოდ.

რეპრესირებულისთვის თანხა ერთჯერადად გაიცემა. თუკი რეპრესირებულს რამდენიმე შთამომავალი ჰყავს, მათ შორის შეთანხმების საფუძველზე გადაწყდება, კომპენსაციის თანხას ერთ მათგანს დაუთმობენ თუ გადაანაწილებენ ერთმანეთში.

ადვოკატები (ზაქარია ქუცნაშვილი, ევა გოცირიძე (სტრასბურგში), ტარიელ (მირზა) მურმანიშვილი და ზაალ სარაჯიშვილი) რეპრესირებულებს სარჩელის მომზადებასა და სასამართლო პროცედურებში დაეხმარებიან.

„ჩვენი ჯგუფი მომსახურების ორ ელემენტს სთავაზობს რეპრესირებულებს - პირველი, სახელმწიფო სტრუქტურებში აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვება და სასამართლოში ადვოკატირება. ხოლო მეორე, თუ რეპრესირებულის შთამომავალს (ან თავად რეპრესირებულს) ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვს, მაშინ მას სასამართლო პროცესზე დასჭირდება ჩვენი ადვოკატირება. როგორც წესი, რეპრესირებულების შთამომავლებს ასაკის გამო უჭირთ 10-მდე დოკუმენტის მოძიება“, - აცხადებს ქუცნაშვილი.

მისი თქმით, ქართული სამართლის ისტორიაში მნიშვნელოვანი იქნება, თუ რამდენად შეაფასებენ მოსამართლეები ცნობილი ქართველების სიცოცხლეს, რომლებიც რეპრესიას ემსხვერპლნენ.

„რთულია, სარჩელში ჩაწერო, თუ რამდენია ბაბუის, ან რომელიმე წინაპრის დახვრეტის ფასი. ეს შეუფასებელია, მაგრამ კანონი მკაცრია და მოგვიწევს ამ მტკივნეული საკითხის შეფასებაც“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

საზოგადოება „მემორიალის“ თავმჯდომარე გურამ სოსელია მიიჩნევს, რომ ჩვენი  სახელმწიფო დიდი ენთუზიაზმით არ მოეკიდა რეპრესირებულთათვის კომპენსაციის გაცემის თემას.

„როგორც გავარკვიე, უკვე 575 რეპრესირებულმა და მათმა შთამომავალმა შეიტანა სარჩელი, თუმცა მათ ნახევარს, 272-ს ხარვეზი აღმოუჩინეს და საქმე უკან დაუბრუნეს. სასამართლოსგან სარჩელის ორგზის დაბრუნების შემთხვევაში, სამწუხაროდ, სასამართლო მათ სარჩელს აღარ მიიღებს. სირთულეები კანონშია ჩადებული, რადგან კანონის თანახმად, კომპენსაციის მაქსიმუმი და მინიმუმი ჩაწერილი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს კანონი ხარვეზიანია და რეპრესირებულისთვის კომპენსაციის ზუსტი ოდენობა განსაზღვრული არ არის“, - აცხადებს გურამ სოსელია.

ამასთან, იგი აფრთხილებს ადვოკატთა გუნდს, ზაქარია ქუცნაშვილის თაოსნობით, რომ არაერთი დაბრკოლება შეხვდებათ რეპრესირებულებისთვის კომპენსაციის მიღების გზაზე.

სპეციალისტები უკვე თანხმდებიან, რომ რეპრესირებულთათვის კომპენსაციის გაცემა დისკრიმინაციული ხასიათისაა და მხოლოდ მოსამართლის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, თუ საბჭოთა დროს დაზარალებული ან მისი მემკვიდრე რა ოდენობის თანხას მიიღებს.

ცნობისთვის, 2005 წლის მონაცემებით, საქართველოში 15 700 რეპრესირებული და მათი შთამომავალი ცხოვრობდა, ახლა კი ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი რიცხვი 20 000-ზე მეტია. ეს რიცხვი რეპრესიების თემით დაინტერესებულ მკვლევარებში ეჭვს იწვევს, რადგან, თუ ამ მონაცემებს ვენდობით, გამოდის, საქართველოში რეპრესირებულთა მხცოვანი შვილები საერთოდ არ იღუპებებიან და, პირიქით, მრავლდებიან კიდეც.     

რეპრესირებულთათვის კომპენსაციის გაცემის თემაზე პრესაგე.ტვ. ესაუბრა მირზა მურმანიშვილს, სისხლის სამართლის სპეციალისტს:

რეპრესირებულთა საქმე სისხლის სამართლის დანაშაულად რატომ შეფასდა. ყველა მათგანი ხომ არ დაუხვრიტავთ?

- რეპრესიების სხვადასხვა ფორმა არსებობდა. კანონმდებლობა ითვალისწინებდა როგორც სიცოცხლის გამოსალმებას ანუ დახვრეტას, ისე თავისუფლების აღკვეთას (ანუ დაპატიმრებას), გადასახლებას, გასახლებას, ჩასახლებას, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებით მოთავსებას. მაშინდელი კანონმდებლობით, ყველა ეს საქმე განიხილებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად, რომლებიც ბრალდებად ჰქონდა წარდგენილი ამ რეპრესირებულ პირებს.

საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსით, საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა, კონტრრევოლუცია, ცილისწამება, მონაჭორის გავრცელება დანაშაულად მიიჩნეოდა. გარდა ამისა, სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფის მიზნით სპეციალური კანონი იყო მიღებული. თუ ამ კანონს შეეწინააღმდეგებოდი და მოითხოვდი, ეკლესია სახელმწიფოსგან არ გამოყოფილიყო, ესეც სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა და ამისთვის ისჯებოდა ადამიანი.  კომუნისტებისთვის საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული ფორმა იყო დახვრეტა.

სასამართლოს გამოჰქონდა განაჩენი, სისხლის სამართლის საქმე დგებოდა, რა თქმა უნდა, ცრუ ბრალდებებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებებისთვის ბრალდებით. გარდა ამისა, ადამიანებს თავიანთ ოჯახებთან ერთად ხშირად ასახლებდნენ, ზოგს კი უკრძალავდნენ მშობლიურ ქალაქში ცხოვრებას. ასახლებდნენ შუა აზიაში, ციმბირის გულაგებში.

რეპრესირებულთა კომპენსაცია მხოლოდ პირველი რიგის მემკვიდრეზე ვრცელდება. აქ შვილიშვილები არ მოიაზრება?

- არა, პირველი რიგის მემკვიდრეში იგულისხმება მხოლოდ რეპრესირებულის შვილი ან მეუღლე. მეორე რიგის მემკვიდრეებს კი კომპენსაცია არ ეძლევათ, კანონმდებლობამ ამაზე მკაცრად გაამახვილა ყურადღება. სავარაუდოდ, მეორე რიგის მემკვიდრეები იმის გამო არ დააკმაყოფილეს, რომ რეპრესირებულთა არმია ძალიან დიდია, და მათი ცოცხალი შვილების რაოდენობაც ცოტა არაა. ამდენად, სახელმწიფო ვერ აუვიდოდა მეორე რიგის მემკვიდრეებისთვის თანხის გადახდას.

ხელისუფლება რატომ არ არის დაინტერესებული, რომ რეპრესირებულთა შთამომავლებზე კომპენსაცია უპრობლემოდ გასცეს? რატომ აღმოუჩინეს მათ სარჩელებში ხარვეზები? პრობლება თანხის ოდენობა გახდა?

- თანხებზე ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან თითოეული საკითხი სასამართლოს მიერ შეფასდება. თუ რა უღირს სახელმწიფოს პიროვნების რესოციალიზაცია, ამას ინდივიდუალურად სასამართლო განსაზღვავს. რაოდენობა საკმარისია -15 ათასი რეპრესირებული და მათი შთამომავალი. რამდენიმე ათასი ლარი რომ გასცენ თითო ადამიანზე, უკვე რამდენიმე მილიონს ვიღებთ. შესაძლოა, რამდენიმე ათასიც მისცენ თითოეულს, ეს განისაზღვრება, თუ რეპრესიის რა ზომა შეეფარდა მათ - დახვრიტეს თუ გადაასახლეს, ან რა განიცადა ამ პიროვნებამ. ალბათ, ეს არის მიზეზი, რომ სახელმწიფო ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები საქმე განიხილოს და მათ ხარვეზები უპოვოს.

ან შესაძლოა, რეპრესირებულთა სარჩელი მართლაც არაპროფესიონალთა მიერ მომზადდა და ხარვეზებით შევიდა. ჩვენ ჯერ არცერთი საქმე არ გაგვიგზავნია სასამართლოში და ახლა ვიწყებთ მუშაობას.

ამ ადამიანებს უანგაროდ ემსახურებით თუ შემდეგ მოსთხოვთ მომსახურების საფასურს?

- აქ საუბარია ჩვენი მხრიდან გაწეულ ორმაგ მომსახურებაზე. თუ რეპრესირებულის შთამომავლებს ყველა დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ, მაშინ, მათ მინიმალური ხარჯის გაღება მოუწევთ - საკანცელარიო, სატრანსპორტო ხარჯების, რაც მათ მიერ კომპენსაციის აღების შემდეგ მოხდება.

ალბათ ყველაზე დიდ კომპენსაციას დახვრეტილთა შვილები მიიღებენ.

- სავარაუდოდ, ასე იქნება.

რეპრესირებული მწერლის ნიკოლო მიწიშვილის ვაჟი ილამაზ მიწიშვილი პრესაგე.ტვ-სთან საუბარში აცხადებს, რომ რეპრესირებულის შთამომავლისთვის ამ კანონის განხორციელებას პრაქტიკული და მორალური მნიშვნელობა აქვს.

„ეს ის ხალხია, რომლისთვისაც განსაკუთრებით მწვავეა უსამართლობის გრძნობა. ეს იქნება ნიშანი ამ ძალიან გაჭირვებული, ხანშიშესული, ჯანმრთელობა შერყეული და მძიმე ცხოვრება გამოვლოლი ხალხისთვის, რომ სახელმწიფო, შეძლებისდაგვარად,  მათ ეხმარება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სახელმწიფო შეგნებულად უბრუნებს რეპრესირებულთა შთამომავლებს სარჩელებს“, - აცხადებს მიწიშვილი.

მისი თქმით, თავის დროზე საზოგადოება „მემორიალმა“ შეიმუშავა პროექტი, რომელიც მათ ობიექტურობის დაცვის შესაძლებლობას აძლევდა.

„კანონშივე უნდა დაკონკრეტებულიყო კომპენსაციის თანხის ზღვარი. ჩვენ გვქონდა პრინციპი, რომ ზოგიერთმა რეპრესირებულმა მოიხადა სამი წელი, ზოგმა - ათი წელი, ზოგს კი დახვრეტა მიესაჯა. ამდენად, საფუძვლად უნდა აეღოთ რაღაც კრიტერიუმი, მაგალითად, ჩვენი დღევანდელი საარსებო მინიმუმი და იმ თვეების პროპორციულად, რომელიც რეპრესირებულმა მოიხადა, თანხა გადანაწილებულიყო.   თითოეული რეპრესირებული ოჯახის ისტორია ტრაგედიაა. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად, თითქოს ერთნაირი იყო დასჯის ფორმა - დახვრეტა, გადასახლება, ყველა ოჯახმა ეს თავისებულად გადაიტანა და ოჯახის წევრთა ცხოვრებაზე განსხვავებული კვალი დატოვა. როგორც წესი, ამნაირი ოჯახებიდან არაწესიერი ადამიანი არ გამოსულა.

მე მამაჩემისა და დედაჩემის ხელში რომ გავზრდილიყავი, შესაძლოა, მეტი რამისთვის მიმეღწია ცხოვრებაში. მამაჩემი სამსახურიდან აიყვანეს, სადილად ველოდებოდით და ამ დროს მოვიდნენ ჩეკას თანამშრომლები და დაიწყეს ჩხრეკა. დედის წაყვანა კი კარგად მახსოვს, მოვიდნენ ღამით, ჩვენ გვეძინა, იყო ტირილი და წივილი, დედაჩემი თითქმის ცხრა წელი იყო გადასახლებაში. ჩვენ ბაბუამ გაგვზარდა“, - იხსენებს ილამაზ მიწიშვილი.