„მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც ეტყვიან „მესტა“... ავლაბრის სასახლეში გადმოსვლით ბიძინას ვაჩვენე, რომ არ ვემორჩილებოდი“, - გიორგი მარგველაშვილს მემუარების წერა ჯერ არ დაუწყია, თუმცა პრეზიდენტობის მიწურულს ავადსახსენებელ სასახლეში გადასვლის მიზეზების ახსნას გულახდილად ცდილობს.
მისი აზრით, პრეზიდენტის სასახლემ ხუთი წლის განმავლობაში შეიძინა სიმბოლიკა, რომ აქ ყველაფერი ერთი ადამიანის ჭკუაზე არ დადის.
„თავიდან უარს ვამბობდი ამ სასახლეში გადმოსვლაზე. თუმცა ეს არ იყო წინასაარჩევნო დაპირება. წინასაარჩევნო დაპირებაა, მაგალითად, უფასო ფული გექნება, გაზი დაიკლებს, ბენზინიდან ლარი აღარ წავა „ნაცების“ ჯიბეში, წინასაარჩევნო დაპირებაა სამუშაო ადგილების შექმნა. ეს კი იყო ჩემი შეხედულების გაზიარება, რომ მე არ მინდა, არმიმღებლობა გამომდინარე იყო იქიდან, რომ ჩემთვის მიუღებელი იყო წინა პრეზიდენტი. ეს იყო საფუძველი არმიღების“, - განმარტავს გიორგი მარგველაშვილი და დასძენს, რომ არჩევნების შემდეგ მისი და მმართველი კოალიციის გზების გაყოფა ნათლად გამოჩნდა. ამ გაყოფას კი სჭირდებოდა პოლიტიკური სიმბოლო, ჟესტი.
იმის გამო, რომ ყველაფერი მიმდინარეობდა კულისებში, გიორგი მარგველაშვილმა ამ ჟესტით გამოამზიურა, რომ ის არ იყო ადამიანი, ვისაც ეტყოდნენ „მესტა“ და, სადაც ეტყოდნენ, იქ დაჯდებოდა, ან დაწვებოდა.
პრეზიდენტის სასახლის მიმართ საქართველოს მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს განსაკუთრებული სენტიმენტები ჰქონდათ. ედუარდ შევარდნაძე კრწანისის სამთავრობო რეზიდენციას ამჯობინებდა, თუმცა მისი სამუშაო კაბინეტი თავიდან „იმელში“ იყო, შემდეგ კანცელარიის მე-11 სართულზე. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, იმ მოტივით, თითქოს ავლაბარი თბილისის ცენტრად უნდა ექცია, სააკაშვილმა ავლაბარში გრანდიოზული რეზიდენციის მშენებლობა წამოიწყო.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას დაიწყო მსჯელობა, რა ფუნქციით უნდა დაეტვირთათ ავლაბრის რეზიდენცია - აქ ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განეთავსებინათ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თუ სხვა რომელიმე დაწესებულება?! ავლაბრის რეზიდენციის ავტორი, არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი მიიჩნევდა, რომ ეს შენობა უნდა ყოფილიყო „საქართველოს სახლი“, სადაც ქართული სულიერი, თუ მატერიალური განძი წარმოჩინდებოდა. მით უმეტეს, რომ ასეთივე ფუნქცია ჰქონდა იაპონიის სახლს ოსაკაში, ფინეთის სახლს ჰელსინკში და პომპიდუს ცენტრს პარიზში. თუმცა გიორგი მარგველაშვილის შესვლამ ამ რეზიდენციაში „ქართული ოცნების“ გეგმები არია.
იყო თუ არა გიორგი მარგველაშვილის შესვლა ავლაბრის სასახლეში პოლიტიკური ჟესტი, როგორც თავად მარგველაშვილს სურს წარმოაჩინოს?!
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს უკვე ბავშვობას ჰგავს და, როგორც ჩანს, მარგველაშვილი თინეიჯერის პოზიციაშია.
„რას ჰქვია, ბიძინას ვაჩვენე, რომ არ ვემორჩილებოდი? ბიძინა მამა იყო და ეგ შვილი იყო, რომელიც არ ემორჩილებოდა? თინეიჯერი ხომ არ იყო? ეს უფრო 16 წლის ბიჭის განცხადებაა, უფროსი რომ რაღაცას ეტყვის და ის საწინააღმდეგოს აკეთებს, რომ უფროსი ამით დასაჯოს. ეს არის იმ უმწიფრობის გამოხატულება, რაც ვერ დაძლია მარგველაშვილმა. აქ ინსტიტუციურად არის ლაპარაკი იმაზე, რომ გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო არა პიროვნულად მარგველაშვილის მხრიდან, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან.
მარგველაშვილი ინსტიტუციად ვერ იქცა. თინეიჯერი ბავშვის როლში დარჩა. კი, კარგი ბიჭია, კარგია ასეთი ჯიუტობაც, მაგრამ ჯიუტობა გარკვეულ ასაკშია კარგი, როცა მამის კომპლექსი უნდა დაძლიო, უნდა გახვიდე გარეთ, ადამიანად, პიროვნებად ჩამოყალიბდე, მამასთან კონფლიქტიც გადალახო. მარგველაშვილი კი ამ კონფლიქტს თავს გვახვევს მთლიანად სახელმწიფოს. არ მაინტერესებს მისი პიროვნული კომპლექსები. რაც უნდა, ის უქნია, პიროვნულად მასზე ცუდს ვერ ვიტყვი, სააკაშვილთან შედარებით ანგელოზია. ირაკლი კობახიძესაც ზედმეტი მოუვიდა, მარგველაშვილი „ნაცების“ ექსპერტი იყოო. შემდეგ ვასიკო ოდიშვილმა უპასუხა კობახიძეს და მართალიც იყო ვასიკო. უბრალოდ, ინსტიტუციურად მარგველაშვილი ვერ შედგა პრეზიდენტად, დარჩა თინეიჯერის როლში, ბავშვივით გაჯიუტდა და ახლაც აღიარა, ბიძინას არ დავემორჩილე და იმიტომ შევედი პრეზიდენტის სასახლეშიო“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
მისივე მოსაზრებით, მარგველაშვილი სრულიად გულწრფელია ამ ნათქვამში. მან მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ საქმის ინტერესები კი არ იყო მისთვის მთავარი, არამედ ბიძინას ნების საწინააღმდეგო რამის გაკეთება. ანალიტიკოსის აზრით, მარგველაშვილი გრძნობდა, რომ პოლიტიკური მამა მისთვის სწორედ ბიძინა იყო, ივანიშვილმა გამოიყვანა იგი ასპარეზზე და გახადა ის, რაც გახადა. ამიტომაც მარგველაშვილმა გადაწყვიტა, თავისი კაცობა დაემტკიცებინა ასეთი წინააღმდეგობით.