რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტროს საბიუჯეტო თანხების ათვისებასთან დაკავშირებით ისევ პრობლემა აქვს. პარალელერად პრობლემები მოეძალა თავად ბიუჯეტსაც, რადგან წლის ბოლომდე თანხების ათვისება ვერ ხერხდება და ამიტომ დეფიციტური ხარჯვა გარდაუვალია. მინისტრ მაია ცქიტიშვილის წინააღმდეგ უკვე გაისმა ბრალდებები და კრიტიკა.
პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე საუბრისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხების ათვისება ვერ მოხერხდა, განსაზღვრული ბიუჯეტი მომდევნო წლებში დაიხარჯება.
ეს ძალიან ცუდი მაგალითია იმიტომ, რომ გაისად საბიუჯეტო წნეხი გაიზრდება და ამავე დროს რეგიონებში არ სრულდება ის დაგეგმილი პროექტები, რომელზეც ხელიუსფლებას დაპირებები დიდი ზარზეიმით გასცა.
პრობლემებს ადასტურებს ფინანსთა მინისტრიც. ივანე მაჭავარიანის თქმით, წელს ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა დაკონტრაქტებდება, მაგრამ თანხა მომავალ წელს დაიხარჯება.
„მიმდინარე ბიუჯეტში ცვლილებები არ შევა. არის მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჩამორჩება გეგმას. ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ უმეტესის დაკონტრაქტებას მოვახდენთ და თანხასაც გადავცემთ. ფაქტობრივი ხარჯი ამ წელს, ალბათ, არ მოესწრება. გამომდინარე აქედან, ლარზე ზეწოლას ამით არ მოვახდენთ. თუმცა, წელს ბიუჯეტის ათვისება მაინც მოხდება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
იხტიბარს არ იტეხს თავად ინფრასტრუქტურის მინისტრი, მისი თქმით, მთავარია კანონის დაცვა, რადგან სატენდერო პროცედურების დარღვევით, გამარჯვებულად ვერავინ გამოცხადდება.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტით, სწორედ რომ მეოთხე კვარტალშია გათვალისწინებული რიკოთის გზის პროექტები და აბსოლუტურად არასწორია ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე საუბარი ამ პროექტთან მიმართებაში. რიკოთის სამ მონაკვეთზე, ტენდერები უკვე გაიხსნა, ამჟამად მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილი პროცედურების დაცვით და ხდება დონორებთან გამარჯვებულად გამოვლენილი კონტრაქტორების შეთანხმება.
ამასობაში კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გარკვეულ მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა მიმართულებით და მენეჯმენტის სტანდარტით უკმაყოფილოა, თუმცა მამუკა ბახტაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებას არ ადასტურებს. მისი თქმით, მაია ცქიტიშვილის მსგავსი სახელმწიფო მოხელეები ბევრი უნდა იყვნენ მთავრობაში.
„ჩვენ ვართ უკმაყოფილო გარკვეული მიმართულებებით და მენეჯმენტის იმ სტანდარტით გარკვეულ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის რეგიონულ მმართველობაში. ახალი გუბერნატორები გვყავს, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ და ბუნებრივია ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ, რათა ზოგადად, ეს სისტემა იყოს უფრო ეფექტური და გადაწყვეტილების მიღება აისახოს რაც შეიძლება მოკლე ვადაში თითოეულ მოქალაქეზე“, - განაცხადა პრემიერმა.
წლის ბოლომდე დაახლოებით 3 მილიარდი ლარია დასახარჯი და დარჩენილ 2 თვეში ამ ოდენობის ფულის ბაზარზე გამოსვლა ეროვნულ ვალუტას დიდ პრობლემებს შეუქმნის.