დებატებზე ბაქრაძემ ზურაბიშვილს ჰააგის „დოკუმენტი“ აუფრიალა

დებატებზე ბაქრაძემ ზურაბიშვილს ჰააგის „დოკუმენტი“ აუფრიალა

„მე 2012 წლის მერე ასეთი შეურაცხმყოფელი საარჩევნო კამპანია არ მახსოვს“, - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ სხვა კონტექსტში, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან გამომდინარე გააკეთა, თუმცა ზუსტად ასახავს იმ რეალობას რაც წინასაარჩევნოდ გამოიკვეთა და ეს 24 ოქტომბერს გამართულმა დებატებმაც დაადასტურა, რომელიც პირველი არხის ეთერში გაიმართა სალომე ზურაბიშვილს, დავით ბაქრაძესა და გრიგოლ ვაშაძეს შორის.

მართალია, წინასაარჩევნო კამპანია ბევრად უფრო მწვავე მომენტებითაც გამოირჩეოდა, შეძლებისდაგვარად, არც დებატებისას დაინდეს ერთმანეთი ოპონენტებმა, თუმცა გაცილებით საქმიანი და საინტერესო პაექრობა ამომრჩევლისთვის ბევრად უფრო ღირებული იქნებოდა.

ერთ-ერთი მთავარი ხაზი ზეპარტიულობა გახლდათ, რაც თავისთავად წამგებიანი თემაა პარტიების მიერ დასახელებული ნებისმიერი კანდიდატისთვის, განსაკუთრებით, საქართველოში, როდესაც პარტიების ზეპარტიულობას ამომრჩეველი უნდობლობით და ღიმილით ხვდება - სულ მცირე კი - ამ თემას სერიოზულად არც განიხილავს, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ ყველა საკუთარი პარტიის პრეზიდენტია. ბუნებრივია, ეს შეფასება არ ვრცელდება გიორგი მარგველაშვილზე, თუმცა მისი ზეპარტიული ინტერესების მიმართ სულ სხვა ტიპის კითხვები ჩნდებოდა.

რაც შეეხება პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატებს, ურთიერთშენიშვნები და კრიტიკა როგორც მოსალოდნელი იყო, ერთმანეთის მიმართ არ დაიშურეს, მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ როგორც აღნიშნა, ქალბატონი ზურაბიშვილი ამბობს, რომ იქნება ყველას პრეზიდენტი და ამ სტუდიაში შემოსვლისას გამარჯობა არ უთხრა კონკურენტებს.

„აუცილებლად ვიქნები ორივეს პრეზიდენტი და აუცილებლად ვიქნები ყველას პრეზიდენტი ამ ქვეყანაში, რადგან საქართველოს მართლაც სჭირდება ზეპარტიული პრეზიდენტი, ოღონდ, ზეპარტიული პრეზიდენტი არა ისე, როგორც საუბრობს ქალბატონი ზურაბიშვილი... ზეპარტიულობა და ყველას პრეზიდენტობა გულისხმობს იმას, რომ უნდა იყოს, ყველას, თითოეული ადამიანის პრეზიდენტი, უნდა იყოს თითოეული პენსიონერის პრეზიდენტი და არ თქვა, რომ ეს არ გეხება...“,- განაცხადა ბაქრაძემ.

საპრეზიდენტო დებატის დროს ვაშაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქმის კეთება და მკაცრი რეაგირება, ხელისუფლების უმოქმედობასთან დაკავშირებით. მისივე თქით, ზეპარტიული პრეზიდენტი არ ნიშნავს ლიტონ სიტყვებს, გაუმარჯოს მომავალს, ყველას პრეზიდენტი ვიქნები, მათ შორის მთაწმინდის პრეზიდენტიც ვიქნები.

„აი, ნახეთ თქვენ, როგორ არ დაიწყებენ მუშაობას ხელისუფლების აღმასრულებელი შტოები, როდესაც პასუხს მოვთხოვთ“,- აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე განმარტებით, რაც შეეხება რევანშს, სასაცილოა, რომ მას ეს ვინმემ დააბრალოს, რადგან მთელი მისი ცხოვრება კომპრომისის ძებნაა.

„არავითარი კავკასიური შურისძიების გრძნობა ხელისუფლების მიმართ არ მამოძრავებს. შეგიძლიათ აიღოთ ჩემი ინტერვიუები, 2012 წლის ოქტომბრიდან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მანტრასავით ვიმეორებდი - არ მიმიცია ხმა, ჩემი ხელისუფლებაც არის და ძალიან გამიხარდება თუ იქნება რამე მიღწევა“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

რაც შეეხება „დებატები 2018“-ის წამყვანის კითხვას, სალომე ზურაბიშვილის მიმართ, - რამდენად შეძლებს, იყოს ზეპარტიული პრეზიდენტი იმ ფონზე, როცა ხელისუფლების მიერ არის მხარდაჭერილი, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ვინც დღეს ამბობს, რომ შეიძლება არ ვიყო დამოუკიდებელი, არიან ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ იმდენად დამოუკიდებელი ვარ, რომ ალბათ „ქართული ოცნებაც“ ვერ მმართავს.

როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, ხელისუფლებას შეიძლება დაუპირისპირდეს ყველა იმ პრინციპის გამო, რომელიც ეხება დემოკრატიას და საქართველოს მთავარ ორიენტირებს.

დებატების დროს საუბარი შეეხო საგარეო პოლიტიკასაც - ექსპერტების ვარაუდი, რომ წამყვანი თემა რუსეთი იქნებოდა და ოპონენტები წორედ ამ მიმართულებით შეეცდებოდნენ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის დაჯაბნას, გამართლდა და ბრალდებები, რაც წინასაარჩევნიო კამპანიის დროს ისმოდა, ოპოზიციამ დებატების დროს კოზირად გამოიყენა.

საგარეო პოლიტიკის მიმართ კანდიდატებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს, როგორც დავით ბაქრაძე აცხადებს, მათი ამოცანაა, არასდროს ავყვეთ რუსეთს იმ თამაშში, რომელსაც თავს გვახვევს, თითქოს ნატო-ში გაწევრიანება რაიმე კავშირშია ტერიტორიული მთლიანობის დათმობასთან.

„საქართველოს სიმშვიდისა და კეთილდღეობის რეცეპტი არის სწორედ ის, რაც გააკეთა აღმოსავლეთ ევროპამ, ბალტიისპირეთმა. რაც უფრო სწრაფად შევალთ ევროკავშირსა და ნატო-ში, მით უფრო მეტად იძულებული იქნება რუსეთი, აღიაროს, რომ საქართველო არის მეზობელი და არა ტერიტორია, რომელიც უნდა აკონტროლოს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გარდა ბაქრაძემ შეკითხვით ზურაბიშვილსაც მიმართა: გრძნობს თუ არა ის პასუხისმგებლობას, რომ რუსეთი დევნილებს საკუთარ სახლში დაბრუნების საშუალებას არ აძლევს, რადგან ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში მისი წიგნი რუსეთმა სარჩელში გამოიყენა.

ბაქრაძემ დებატებზე დოკუმენტი წარადგინა და აღნიშნა, რომ მეორე თავის მესამე განყოფილება პრაქტიკულად, მთლიანად სალომე ზურაბიშვილის წიგნის ციტატებზეა აწყობილი.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რუსები მისი წიგნიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილ ამონარიდებს ხმარობენ, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“.

„თუ ვინმემ იცის, როგორ მუშაობს რუსეთი საერთაშორისო სასამართლოებში, ვფიქრობ, ძალიან ზედაპირულია იმის თქმა, რომ ჩემი ერთი წიგნიდან რაღაც ანალიზის გამოტანით 2011 წელს ერთი სასამართლო წააგეთ. რაც შეეხება მეორე სასამართლოს, ის სულ სხვა საკითხზეა, ჯერ დაწყებული არ არის, დღეს არიან ჩამოსული და უნდა მოუსმინოთ განცხადებებს, რაც დღეს თბილისში სასამართლოდან ჩამოსული წარმომადგენლების მიერ გაკეთდა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საუბარი შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტსაც - „ნაციონალური მოძრაობა“ მის ხელისუფლებაში მოყვანაზე არა, მაგრამ საქართველოში ჩამოყვანაზე საუბრობს და როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სააკაშვილი საქრთველოში აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს, როგორც მოქალაქე.

მოკლედ, „დებატები 2018“ შედგა, თუმცა რეალურად რომელი კანდიდატები აღმოჩნდებიან ერთმანეთის წინაშე საარჩევნო რინგზე, ამას არჩევნები გვიჩვენებს. მასგალითად, მედიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის 31%-ით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

27%-ით მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, მესამეზე 11%-ით კი, დავით უსუფაშვილი.

შეკითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? – 5-5%-მა განაცხადა, რომ მხარს დავით ბაქრაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს უჭერს, 3% მიიღო შალვა ნათელაშვილმა, 6%-მა აირჩია პასუხი „სხვა“, 12%-მა კი განაცხადა, რომ ხმას არც ერთ კანდიდატს არ აძლევს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მის გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან ოპონენტებიც, რადგან არჩევნების მეორე დღეს დემონსტრაციის მოწყობას გეგმავენ ახლადარჩეული პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.