ივანიშვილი მეორე ტურის ალბათობაზე საუბრობს

ივანიშვილი მეორე ტურის ალბათობაზე საუბრობს

ბიძინა ივანიშვილი მეორე ტურს არ გამორიცხავს. თუმცა აცხადებს, რომ ბოლო კვლევებით, დიდი შანსია, სალომე ზურაბიშვილმა პირველსავე ტურში გაიმარჯვოს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიის წევრებს მოუწოდებს ნუ კეკლუცობენ და პირველსავე ტურში დაუჭირონ მხარი სალომე ზურაბიშვილს.

„სალომე ზურაბიშვილი 100%–იანი ალბათობით იმარჯვებს. არის დიდი ალბათობა, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვოს. მინდა, მივმართო ყოფილ მხარდამჭერებს და მხარდამჭერების იმ ნაწილს, რომელიც მერყეობს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რომ ის არის ძალიან ღირსეული კანდიდატი და ძალიან გთხოვდით, რომ აქტიურები იყავით 28–ში“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილი კონკრეტულ გვარებს არ ახსენებს, თუმცა პარტიის წევრებს მაქსიმალური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ივანიშვილი განმარტავს, რომ მისი გააქტიურება, არანაირ პოლიტიკურ კრიზისზე არ მიუთითებს და აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში პარტიის თავმჯდომარეობიდან გამომდინარე ჩაერთო.

„რადგან პარტიის თავმჯდომარე ვარ და საპრეზიდენტო არჩევნებია, მე აქტიური უნდა ვყოფილიყავი. მე დავარწმუნე თანაგუნდელები და იდეა ჩემი იყო, რომ არ წამოგვეყენებინა საკუთარი კანდიდატი. „ქართულ ოცნებას“ ისედაც ძალიან ბევრი წარმომადგენელი ჰყავს ხელისუფლებში, უპარტიო კანდიდატი კი უკეთესი იქნება ინსტიტუტების განვითარებისთვის.

„ქართული ოცნება“ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს იმისთვის, რომ მან გაიმარჯვოს არჩევნებში. არც ისე აქტიური ვარ, პირიქით მსაყვედურობენ გუნდის წევრები. აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა სწორი პოზიცია იყო, თუმცა ზოგიერთ წევრს შევახსენებ, რომ ნუ კეკლუცობენ და კეთილი ინებონ, პარტიის პოზიციას პატივი სცენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ზურაბიშვილი რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებას, ამაში დარწმუნებულია მმართველი პატრია. პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ზურაბიშვილს შეუძლია დაამკვიდროს ახალი ტრადიცია კონსტიტუციურ სისტემაში.

„მას შეუძლია პრეზიდენტის უფლებამოსილებები განახორციელოს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე დაყრდნობით. ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭირონ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. დარწმუნებული ვარ მმართველი პარტიის დახმარებით და თანადგომით სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიციას ზურაბიშვილის გამარჯვება სახიფათოდ მიაჩნია ხელისუფლებისთვის. პრეზიდენტობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის განცხადებით, როდესაც საქართველოს სჭირდებოდა, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში არ იყო, როდესაც მას საქართველო დასჭირდა და მინისტრობა შესთავაზეს, მაშინ მიიღო მოქალაქეობა.

„სად იყო ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი 1990–2003 წლებში, როდესაც ეს ქვეყანა იშვა?! ნიკო ნიკოლაძის საოცნებო დამოუკიდებელი საქართველო დაიბადა და ამ საქართველოს მშენებლობას სჭირდებოდა სწორედ სპეციალისტები, გამოცდილი ადამიანები, რადგან იმ კომუნისტურ რეჟიმში აქ მცხოვრებ ადამიანებს ძალიან ნაკლები წარმოდგენა ჰქონდათ ბევრ თემაზე. 1990–დან 2003 წლამდე, როდესაც ეს ქვეყანა რამდენჯერ დაეცა ძირს, სამოქალაქო ომი, გაჭირვება, შიმშილი, უშუქობა, ინფლაცია.

2003 წელს სხვა ქვეყნის ელჩად გამოგვეცხადა სალომე ზურაბიშვილი საკუთარ სამშობლოში. როდესაც საქართველოს სჭირდებოდა, ის საქართველოში არ იყო. როდესაც მას საქართველო დასჭირდა და მინისტრობა შესთავაზეს მაშინ მიიღო მოქალაქეობა და გახდა საქართველოს მოქალაქე. ამაზე მე არ მილაპარაკია კამპანიის განმავლობაში, მაგრამ ეს უნდა ითქვას, მით უმეტეს, როდესაც დებატებს გაურბიან“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ ქართული სახელმწიფოს მომავლისთვის, 28 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილის ხელისუფლებას წერტილი უნდა დაუსვან.

„ბატონ ივანიშვილს რამდენჯერმე მოუწია იმის აღიარება, რომ „ქართული ოცნების“ ბევრი მხარდამჭერიც კი სალომე ზურაბიშვილს ხმას არ აძლევს. მე მინდა, თითოეულ ასეთ ადამიანს მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ მათთვის ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მომავალი უფრო წინ დგას, ვიდრე პარტია და პარტიული ინტერესი.

მინდა, კიდევ ერთხელ ასეთ ადამიანს და ყველა სხვას ვისაც არ უნდა ასეთ უიმედო ქვეყანაში ცხოვრება, დავდგეთ ერთად, მოვიდეთ არჩევნებზე, გავიმარჯვოთ, შევცვალოთ ეს ხელისუფლება და ერთად ავაშენოთ უკეთესი ხვალინდელი დღე“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მეორე ტურს ელოდებიან პოლიტოლოგები. რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ივანიშვილმა წარმოაჩინა, რომ მხარს უჭერს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ამ ფიგურას.

„მთელი ავტორიტეტით დადგა ზურაბიშვილის გვერდით და დაიცვა მისი პოზიცია, იგივე ომის საკითხში. ივანიშვილმა წარმოაჩინა, რომ მხარს უჭერს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ამ ფიგურას. მეორე ტური ოპოზიციისთვის წამგებიანია, რადგან პირველ ტურში კანდიდატებს შორის ხმები იფანტება.

თუკი მეორე ტურში ერთმანეთს ვაშაძე და ზურაბიშვილი დაუპირისპირდებიან, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველის უმრავლესობა არაჩევანს ზურაბიშვილის სასარგებლოდ გააკეთებს. ვხედავთ, რომ ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაიზარდა „ოცნების“ რესურსი და ეს ქალაქსაც ეტყობა. ყოველი მეორე ზურაბიშვილის ბანერია. შესაბამისად, არჩევნების დღეებში მობილიზაცია კიდევ უფრო გაიზრდება“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თითქმის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვებს. მისი თქმით, ამ ვითარებაში ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება წამგებიანი პოზიციით გასვლა.

„თუ ზურაბიშვილი ხელისუფლების დახმარებით ვერ გავიდა მეორე ტურში, აქ უკვე პრობლემა უჩნდება თავად ხელისუფლებას, რადგან შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ მას ელექტორატი არ ჰყავს და მხარს აღარავინ უჭერს – მთელი ორი წელი, საპარლამენტო არჩევნებამდე სწორედ ეს თემა იქნება სალაპარაკო. დღეს „ქართულ ოცნებას“ დიდი არჩევანი არ აქვს. მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მეორე ტურში ვერგასვლა იქნება ხელისუფლებისთვის წამგებიანი.

ამიტომ ივანიშვილის მთელი ეს გამოსვლა, როგორც ჩანს, იყო მცდელობა, რომ როგორმე საზოგადოებრივი აზრი სხვა კუთხით წარემართა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს არ და ვერ იმუშავებს, თუ ასეთი გამოსვლა უნდა ჰქონოდა და მას გეგმავდა, ჩემი აზრით, ჯობდა არ გამოსულიყო, იმიტომ რომ აქ უკვე დადგა საკითხი, რამდენად სწორად და ადეკვატურად ფლობს ხელისუფლება სიტუაციას“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.