გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივის განხილვა, რომელიც დისტრიბუციის მანქანების ღამის საათებში გადადგილებას ეხება, დროებით შეჩერდა. ამ საკითხს ნაწილობრივ ადასტურებენ მერიაში და
სრულად დისტრიბუტორთა ასოციაციაში. თავისთავად საინტერესო იდეის განხორციელება მინიმუმ 2 წლით გადაიდო. რა იქნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს უკვე არავინ იცის.
როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ივა ჭყონია ამბობს, საკითხზე მსჯელობა 2019 წლამდე გადაიდო, ამოქმედება კი შესაძლოა, 2020-21 წლებში მოხდეს. იმ დრომდე, ვიდრე საცალო სავაჭრო ობიექტები არ შემცირდება, დისტრიბუტორები ისევ დღის საათებში იმოძრავებენ.
ამასთან, ჭყონია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე დისტრიბუციის ღამით გადატანა არა მხოლოდ სავაჭრო სექტორს, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებდა, რადგან პატარა ობიექტები მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდნენ და ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობაც გაიზრდებოდა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერად არჩევის პირველივე დღეებიდან გამოვიდა ინიციატივით, რომ დისტრიბუციის ავტომანქანებს ღამის საათებში ემოძრავათ. როგორც ის განმარტავდა, დისტრიბუციის ავტომანქანები გადატვირთული საავტომობილო მოძრაობის დროს, ე.წ. პიკის საათებში პრობლემას ქმნიდნენ.
როგორც ახლა ჭყონია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, 2019 წელს, შესაძლოა, სახელმწიფო უწყებებს თავად ასოციაციამ მიმართოს, რომ პრობლემების მოგვარების პროცესში თავადაც ჩაერთონ.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტში ირიბად ადასტურებენ ღამის დისტრიბუციის დროებით გადადებას. თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით მუშაობა არ შეჩერებულა. საქართველოს პარლამენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო, კანონი ძალაშია და ამ ეტაპზე საკრებულოს მიერ მხოლოდ შესაბამისი აქტის გამოცემაა დარჩენილი.
„სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხი. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო საკანონმდებლო აქტი, რომელიც ძალაშია. ჩვენ ვგეგმავთ, უახლოეს მომავალში, საკრებულოსთან და ამ სფეროში მომუშავე ასოციაციებთან და კომპანიებთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიაროთ ის პროექტი, რომელიც საკრებულოს მიერ უნდა დამტკიცდეს და რომელიც ზუსტ დროს განსაზღვრავს.
ვფიქრობთ, მომდევნო თვეების განმავლობაში გვეცოდინება ზუსტი თარიღი, თუ როდის შევა ძალაში ის ვალდებულება, რაც საქართველოს პარლამენტს უკვე აქვს განსაზღვრული, კერძოდ, სადისტრიბუციო მანქანებისთვის პიკის საათებში მოძრაობის აკრძალვა“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
კახა კალაძის ინიციატივა ძალაში თითქოს ივლისიდან უნდა შესულიყო, მაგრამ იმპორტიორებმა, ადგილობრივმა მწარმოებლებმა და სავაჭრო ქსელებმა ამას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. საკითხი მინმუმ 1 წლით გადადებულია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებაც ჯერჯერობით უცნობია.