წულუკიანი, ხაინდრავა, გიგაური და 7 ნოემბერი

წულუკიანი, ხაინდრავა, გიგაური და 7 ნოემბერი

თეა წულუკიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს კოპენჰაგენიდან უპირისპირდება. იუსტიციის მინისტრმა ეკა გიგაური 7 ნოემბრის აქციის დაშლაში წვლილის შეტანაში დაადანაშაულა. იუსტიციის მინისტრმა ანტიკორუფციულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დოკუმენტებით ხელში აცხადებდნენ, რომ ეკა გიგაურს, რომელსაც ყოფილი მმართველი პარტიის დროს მაღალი თანამდებობა ეკავა შსს–ში, სავარაუდოდ, მონაწილეობდა მშვიდობიანი მანიფესტების დარბევის ხელშეწყობაში 2007 წლის ნოემბერში.

მინისტრის განცხადებით, ეს საქმე ამჟამად საქართველოს სასამართლოში განიხილება, სადაც ეკა გიგაური დღემდე არ გამოცხადებულა პასუხების გასაცემად. წულუკიანმა ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი ონიანის გამოსვლის შემდეგ გააკეთა, რომლის თქმითაც, მმართველი პარტია მათ თავს ესხმის, მათ შორის, თეა წულუკიანი.

„არ მინდა ღრმა დისკუსიაში შესვლა აქ, რადგან იყო დიდი სკანდალი „საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელის“ ირგვლივ. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, როგორც ცნობილია შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსანი და ყოფილი მმართველი პარტიის წევრი იყო. ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფმა დოკუმენტებით აჩვენა, რომ მან შესაძლოა ხელი შეუწყო 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლას. ახლა სასამართლოში განიხილება საქმე. ის კი უარს ამბობს გამოცხადდეს და შეკითხვებს უპასუხოს. არ მინდა ღრმად შევიდე კამათში, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელი“ შსს–ს მაღალჩინოსანი იყო და სავარაუდოდ, წვლილი შეიტანა ან მონაწილეობდა მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლაში, რომლის დროსაც დაიღუპა 1 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის ბრალდებას სოციალური ქსელით პასუხობს ეკა გიგაური და წულუკიანს მიმართავს, რომ მუდმივად არავინაა მთავრობაში და მაინც მოუწევს მასთან მისვლა. გიგაურის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს ორგანიზაციის რეპუტაცია შელახოს და ანგარიშების მიმართ საზოგადოებას ნდობა დაუკარგოს.

„არ გრცხვენია თეა აქ ამას რომ ლაპარაკობ? ზუსტად იცი, რომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მე ვუჩივლე თქვენ სატელიტებს. ვიცოდი, რომ თქვენგან იმართებოდნენ, მაგრამ ახლა ნამდვილად დავრწმუნდი ამაში. მუდმივად არავინაა მთავრობაში და მაინც მოგიწევთ ჩემთან მოსვლა როდესაც თქვენი უფლებები დაირღვევა როგორც ამას 2012 წელს აკეთებდით.

პ.ს. ბოტებს თუ არ მომიგზავნი დიდად დამავალებ“, – წერს ეკა გიგაური.

სატელიტები, რომელზეც გიგაური საუბრობს, კინო–რეჟისორი გოგა ხაინდრავაა, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს ღიად ადანაშაულებს 7 ნოემბრის აქციის დარბევის თანამონაწილეობაში.

„სამი წელია და მეტი ვამბობ, რომ კაპიტანი გიგაური ვანო მერაბიშვილის დამქაშია, რომელმაც თავის დროზე პრემიები გასცა იმ ჯალათებზე, რომლებმაც ქართველი ხალხი დასაჯა, ხალხი რომელიც 7 ნოემბერს დამოუკიდებლობისთვის და თავისი ღირსების დაცვისთვის იყო გამოსული. სამი წელია ამაზე ვლაპარაკობ. სასამართლოები იმართება, რომელზეც გიგაური არ ცხადდება. მერაბიშვილის მიერ არის გადასროლილი ის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციაში. რეალურად ესენი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები არიან“, – აღნიშნა გიორგი ხაინდრავამ.

იუსტიციის მინისტრის ბრალდებას იზიარებენ საპარლამენტო უმრაველსობაში და ამტკიცებენ, რომ ქართული ა–ო განცხადება ხშირად თანხვედრაშია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დღის წესრიგთან. ვიცე–სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, თვალსაჩინოა, რომ არასამთავრობოებმა გაშავება მოინდომეს იმ პოლიტიკური პოზიციის მხარდაჭერით, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

„ყველა საკითხთან დაკავშირებით არსებობს პასუხი, მსოფლიო ბანკის შეფასებები არსებობს საქართველოში ეკონომიკის განვითარების, ბიზნესის ხელშეწყობის შესახებ და აგრეთვე, არსებობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის გადაწყვეტილება, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს ფილიალი გახსნან საქართველოში. ეს ყველაფერზე მეტყველებს და ყველაფრის პასუხია.

ამის საპირისპიროდ კეთდება ისეთი განცხადებები, რომელიც უაპელაციოდ, არა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის საექსპერტო დასკვნა, არამედ როგორც პოლიტიკური პარტიის განცხადება ისე ისმის. იუსტიციის მინისტრი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მე ვფიქრობ, რომ ღირსეულად უნდა პასუხობდეს იმ არაობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეწინააღმდეგება არა მარტო ჩვენ პოზიციას, არამედ საერთაშორისო კომპეტენტური სტრუქტურების დასკვნებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასე არ ფიქრობს ოპოზიცია და წულიკიანის ბრალდებას ზღვარსგადასულ ქმედებად აფასებენ. „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია გამოსულია იმ როლიდან, რომ ის ქვეყანას მართავს, ის ყველას და ყველაფერს მხოლოდ საკუთარი პარტიული ინტერესებიდან აღიქვამს და თუკი ვინმე მისთვის არასასიამოვნო პოზიციებზეა, ყველას თავს ესხმის.

„აღნიშნული, გარკვეულწილად, სახელისუფლებო პოლიტიკური კრიზისის მიმანიშნებელი მოვლენაა, როდესაც მინისტრი, პარლამენტის წევრი, პრემიერ–მინისტრი თუ ამ რანგის თანამდებობის პირები ვეღარ აცნობიერებენ, რომ ისინი ქვეყანას მართავენ, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები არსებობენ და მათ თავს ესხმიან ისე, როგორც პოლიტიკურ ოპონენტებს დაესხმებოდნენ და ყველას ამ ჭრილში აღიქვამენ.

აი, ზუსტად ეს არის პარტიისა და სახელმწიფოს გაიგივების შედეგი. მათ საკუთარი ფუნქციების უზენაეს მიზნად წარმოუდგენიათ ხელისუფლების კეთილდღეობა და ამ პრიზმიდან გამომდინარე, შემდეგ, რა თქმა უნდა, აღარ გვიკვირს, რომ ასე იქცევიან“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატს წულუკიანის განცხადება რუსეთის მთავრობის იმ წევრებს აგონებს, რომლებიც უცხოეთში ჩადიან, როდესაც მათ სახელისუფლებო კორუფციაზე აკრიტიკებენ.

დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აღარ აქვს პასუხები საზოგადოების კითხვებზე და ამ მოტივით უპირისპირდა არასამთავრობოებს, მედიას, ოპოზიციურ სპექტრს.

„იუსტიციის მინისტრი ნაცვლად იმისა, რომ პასუხს სცემდეს სახელისუფლებო კორუფციის შესახებ კითხვას, იგი საჯაროდ ეჩხუბება არასამთავრობო სექტორს. დღევანდელი ხელისუფლება მივიდა იქამდე, რომ მას აღარ აქვს პასუხები საზოგადოების კითხვებზე, რომ მას აღარ აქვს არგუმენტები საერთაშორისო კრიტიკის მოსაგერიებლად და მივიდა იქამდე, რომ დაუპირისპირდა ყველას. ეს ყველაფერი ნიშნავს მხოლოდ ერთს, ამ ხელისუფლებამ საკუთარი რესურსი ამოწურა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქარაძისგან განსხვავებით წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს რომან გოცირიძეს ფილმი „მიმინო“ გაახსენა და აცხადებს, რომ წულუკიანი „არცხვენს რესპუბლიკას“ უცხოეთში ყოველ გასვლაზე და წარმოდგენა არ აქვს იმის შესახებ, რომ ქვეყნის სახელით ლაპარაკობს.

„არის ზოგიერთი ფილმი, რომელშიც თითქმის ყველა ფრაზა კლასიკად იქცევა ხოლმე, ერთ–ერთი ასეთი ფილმია ოთარ დანელიას „მიმინო“. გახსოვთ, როგორ ამბობს ერთი კაცი – „შენ არცხვენ რესპუბლიკას საერთაშორისო დონეზე“. ქალბატონი თეა „არცხვენს რესპუბლიკას“ უცხოეთში ყოველ გასვლაზე. მის მიერ არასამთავრობო სექტორის კრიტიკა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე იმაზე მეტყველებს, რომ წარმოდგენა არ აქვს, რომ ქვეყნის სახელით ლაპარაკობს“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

„ხელისუფლება, რომელიც თვლის, რომ მესამე სექტორი არ უნდა აკრიტიკებდეს, იქ სხვა ტიპის მმართველობის რეჟიმი უნდა არსებობდეს და არა დემოკრატია“, – თვლის საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე, რომლიც დარწმუნებულია, რომ იუსტიციის მინისტრი და ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირები მესამე სექტორისადმი კრიტიკას გააგრძელებენ.

„ალბათ, მეტი სიმწვავით ისაუბრებენ სხვა ფორუმებზე, მაგრამ მინდა შევახსენო, რომ ისინი ზიანს აყენებენ სახელმწიფოს და არა რომელიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, ვინაიდან ასეთი განცხადებები მიანიშნებს იმაზე, რომ დიახ, სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მნიშვნელოვანი და აუცილებელია“, – აცხადებს სულხან სალაძე.