[ნინო მიქიაშვილი]
თურქეთ-საქართველოს შორის ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოწერილ წერილშია აღნიშნული. წერილში არაფერია ნათქვამი იმ მიზეზებზე, რის გამოც ყოვნდება ხელშეკრულების გაფორმება, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომელსაც მისი ოპონენტები პოლიტიკურ ხელშეკრულებად აფასებენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთ-საქართველოს შორის ხელშეკრულების გაფორმება მაისის ბოლოსთვის იყო დაანონსებული, მაგრამ, როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ზოგადი განცხადებებიდან ირკვევა, ხელშეკრულებაზე ხელმოწერას თურქული მხარე აყოვნებს.
„ჩვენ ველოდებოდით და გვინდოდა ხელშეკრულება გაფორმებულიყო, რადგან ოშკი, ხანძთა და იშხანი მძიმე მდგომარეობაშია. იმის წინაპირობა არის, რომ ოშკის კონსტრუქციულად გამაგრება მოხდეს და შემდეგ გარკვეული კვლევითი სამუშაოები (მაგალითად, არქეოლოგიური) დაიწყოს. ამაზე პროექტიც მოვამზადეთ, თურქულ მხარეს გადავუგზავნეთ, წერილობითაც მივმართეთ, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე იქნებ წინმსწრებად დაგვეწყო ეს სამუშაოები. მათგან პასუხს ველოდებით”, - ესაა ამონარიდი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვებისა და მიმდინარე პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსთან, პაატა გაფრინდაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუდან.
ხელშეკრულების შინაარსი საჯაროდ დღემდე არ გამოუქვეყნებიათ, ამაზე მხოლოდ ზეპირ განცხადებებს აკეთებენ, რაც ბუნებრივია, მრავალგვარი ვარაუდისა და მითქმა-მოთქმის საფუძველი ხდება.
თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებაში ერთ-ერთ პუნქტად დევს ახალციხის რაბათის კომპლექსის და იქვე არსებული წყვილი აბანოს რესტავრაცია. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რაბათის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შესახებ, დაგვიდასტურა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ციური ლაფაჩმა. მასთან ჩაწერილი ინტერვიუ სათაურით - ახალციხის რაბათის რეაბილიტაციას ვანო მერაბიშვილი კურირებს, „ობიექტივის“ ვებგვერდზე 22 ივლისს გამოქვეყნდა.
რადგან ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რაბათზე რესტავრაციის დაწყების შესახებ ოფიციალურად დაგვიდასტურეს, ჩვენ დავინტერესდით საქართველოს ხელისუფლებამ ხალხის ზურგსუკან, ფარულად ხომ არ გააფორმა ხელშეკრულება მეზობელ სახელმწიფოსთან.
თურქებთან მოლაპარაკებას საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს და ჩვენც ამავე უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტს (მათივე მოთხოვნის შესაბამისად, ბლანკზე დაბეჭდილი წერილით) ასეთი კითხვებით მივმართეთ:
„გთხოვთ, მაცნობოთ რა ეტაპზეა თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მოეწერა თუ არა ხელი ხელშეკრულებას; თუ მოეწერა, ეს როდის მოხდა და თუ ხელშეკრულება ხელმოუწერელია, რა არის ამის მიზეზი, მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯაროდ არაერთხელ განაცხადეს, რომ ხელშეკრულება მაისის ბოლოს უნდა გაფორმებულიყო“.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან პასუხი 27 ივლისს წამოვიღეთ, რომელსაც ხელს აწერს ამავე უწყების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, ირაკლი ქოიავა. პასუხი ასეთი შინაარსისაა:
„ქალბატონო ნინო, თქვენი 2011 წლის 21 ივლისის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში არსებული თურქული კულტურის უძრავი ქონებისა და თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ქართული კულტურული უძრავი ქონების აღდგენის შესახებ“ ოქმი დღეის მდგომარეობით არ არის გაფორმებული. ამასთან, გაცნობებთ, რომ აღნიშნული ოქმის პროექტზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, არაერთხელ გაკეთებული საჯარო განცხადების თანახმად, ისტორიულ ტაოში ოშკის, იშხანის, ხანძთას და ოთხთას აღდგენის სანაცვლოდ თურქეთი ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან ერთად მოითხოვს: რესტავრაცია გაუკეთდეს ქობულეთის რაიონში, სოფელ კვირიკეში არსებულ ხის ჯამეს; ადიგენის რაიონში მხარჯავის მეჩეთს და ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე არსებულ კომპლექსს (და იქვე არსებულ წყვილ აბანოს), სადაც დღეს სახელმწიფო მუზეუმია განთავსებული და სადაც დაახლოებით ერთი თვის წინ რესტავრაცია-კონსერვაცია დაიწყო.