ლარის კურსის საკითხმა, როგორც იქნა, პარლამენტში შეაღწია და წინააღმდეგობა უმრავლესობის დეპუტატებს შორისაც გამოიწვია. ზოგიერთი მათგანი პირდაპირ ითხოვს პასუხი გაეცეს საზოგადეობიდან წამოსულ კითხვებს და მთავრობამ კი თავი დაანებოს მოლოდინებზე გაუთავებელ ლაპარაკს.
უმრავლესობის დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ლარის კურსის გაუფასურებაზე საუბრისას, არ შეიძლება 3 წელი ვისაუბროთ მუდმივად მოლოდინზე. კურსის ვარდნის საკითხი უფრო სიღრმისეულად უნდა იყოს განხილული და შესაბამისმა უწყებებმა აიღონ პასუხისმგებლობა ვალუტის მოკლევადიან პერიოდში მერყეობაზე.
„ამაზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ გარკვეული პოზიცია და აიღოს პასუხისმგებლობა შესაბამისმა სტურუქტრებმა. არ შეიძლება 3 წელი ვისაუბროთ მოლოდინზე და მხოლოდ მოლოდინებით ხდებოდეს ახსნა ლარის კურსის ასეთი მერყეობის მოკლე პერიოდში. თუნდაც ეკონომიკურ ზრდაზეც რომ ვილაპარაკოთ, აქაც კითხვის ნიშნებია. ვფიქრობ, ამაზე გვაქვს უფრო მეტად სასუბრო და არა ფარულ ჩანაწერებზე“, - აცხადებს ლევან კობერიძე.
უმრავლესობის დეპუტატთა ერთი ნაწილი კი ისევ და ისევ იმეორებს მთავრობის წევრთა განცხადებებს, რომ ლარის გაუფასურების ფუნდამენტური მიზეზები ამ ეტაპისთვის არ არსებობს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომრის რომან კაკულიას აზრით, ამ ეტაპზე ძირითადი გამოწვევა ერვონული ვალუტისათვის არის სავაჭრო ბალანსი.
„ამ წუთას კონკრეტული ფაქტორი, რომელმაც ეს გამოიწვია, არ ჩანს, თუ არ ვიგულისხმებთ იმას, რომ ტურიზმის მიმართულებით გარკვეული შემცირებაა. წინასაარჩევნოდაც არსებობს გარკვეული მოლოდინი. ახალი არაფერი არ არის აქ.
ძირითადი გამოწვევა ლარისთვის არის ჩვენი სავაჭრო ბალანსი, რომლის გაუმჯობესებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, -აცხადებს კაკულია, თუმცა სხვა კონკრეტული ნაბიჯები არ დაუსახელებია.
გაცილებით კატეგორიული და მკვეთრია შეფასებებში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომელიც სავალუტო მაქინაციებში ხელს პირდაპირ ბანკებისკენ იშვერს. მისი თქმით, საქართველოში ბანკების პარპაში უნდა დასრულდეს. რამდენადაც ბოლო დროს საქართველოში ყველაფერს დადგმულ სცენარს აბრალებენ, შეიძლება ლარის გაუფასურებაც დადგმულია და ამაში კომერციული ბანკების ხელი ურევია.
„ვერც ერთხელ ვერ მოვისმინეთ ვერც პირველი და ვერც მეორე გაუფასურების დროს არგუმენტები. მაშინ ამბობდნენ, რომ გაუფასურება ჩვენი მეზობლების გამო იყო. ახლა მეზობელი ვალუტები მყარდება, ჩვენთან ისევ უფასურდება კურსი. წარმომიდგენია არჩევნების შემდეგ რა დაემართება ლარს.
ბანკები იმდენად დიდ მოგებას იღებენ ლარის კურსის თამაშით, რომ ამას თუ საკანონმდებლო შეზღუდვა არ დავუწესეთ, ძალიან ცუდ შედეგამდე მივალთ. ბანკების პარპაში უნდა დამთავრდეს. მოგეხსენებათ, ისინი „ბლუმბერგზე“ წინასწარ ერთმანეთს აძლევენ ნიშანს.
შაბათ-კვირას ხდება ხოლმე პრაქტიკულად კვირის კურსის დადგენა და ეს არის ინსაიდერული ინფორმაციის მიწოდება ერთმანეთისთვის. სანამ ეს იარსებებს, ბანკები ყოველთვის მოახერხებენ ჩვენი ჯიბიდან ლარის მერყეობის ხარჯზე ჯიბიდან ფულის ამოღებას“, - აცხადებს დეპუტატი.