ვადამდელ საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, ივანიშვილის გეგემის ნაწილი იყოს

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, ივანიშვილის გეგემის ნაწილი იყოს

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას სჭირდება კვალიფიციური, სოლიდური და ქვეყნის გამაერთიანებელი მმართველობა. განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით „შენების მოძრაობის“ ლიდერი არ გამორიცხავს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. უსუფაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება დაბნეულია და ვერ უმკლავდება თავის საქმეს.

„მივმართავ საქართველოს მოქმედ ხელისუფალს, ბიძინა ივანიშვილს – მასშტაბური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივის შესანარჩუნებლად, გამოაცხადოს ძალაუფლებაზე „ქართული ოცნების“ მონოპოლიის დათმობის კომპლექსური გეგმა, რომელიც უნდა დასრულდეს 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით. გეგმის შესაძლო კონკრეტულ კომპონენტებზე საუბარს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ გაზიარებული იქნება დასახული მიზანი და გადასადგმელი ნაბიჯების მიმართულება“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ერთადერთია ვინც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე ღიად საუბრობს. როგორც ჩანს, ეს გეგმა მმართველ გუნდშიც განიხილება. საპარლამენტო კულუარებში არ გამორიცხავენ 2019 წელს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ უმრავლესობის ერთ–ერთ სხდომაზე პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რიგგარეშე არჩევნების საკითხს შეეხო.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური და სამთავრობო კრიზისი, როდესაც პარლამენტი ვერ აკომპლექტებს მთავრობას. ქვეყანა ასეთი კრიზისის წინაშე არ დგას, რაც ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის შეფასებით, გამორიცხავს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. მისი თქმით, ოპოზიციის ხმაური გასაგებია, მაგრამ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ოპოზიციის მოთხოვნაზე რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება.

„ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო არ გვექნება. თუ მაქვს ჩემი ტელევიზია „რუსთავი 2“, დავანახებ ყველას, რომ ქვეყანა არ იმართება, უბედურება ხდება, როგორც 2003 წელს, ასეთი რამ არ მოხდება. ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი გასაგებია, ამ ოპოზიციას და მათ შორის დავით უსუფაშვილს სჭირდებათ კრიზისი. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ შექმნან ეს კრიზისი.

ეს არის ქვეყნის ღია მტრობა. რუსეთი ინტერესი რა არის? – ის, რომ ვერ მოვახერხოთ ნორმალური ყოფა, მუდმივად ამ უბედურებაში ვიყოთ. რიგგარეშე არჩევნები არის კრიზისის გამოხატულება და ვიღაცას ეს კარგი ჰგონია“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

ანალიტიკოსის განცხადებით, არსებული პოლიტიკური ვითარება არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და აიყოლია არასაპარლამენტო ოპოზიცია.

„აიყოლია მთელი ეს ნაგავი. რატომ არის ნაგავი? – იმიტომ, რომ არავითარი ნდობა არ აქვთ. ამ საარჩევნო პერიოდს იყენებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მძაფრი სიტუაცია შექმნან და მერე თქვან, რომ კრიზისია, ამიტომ არჩევნები უნდა ჩატარდესო. კეთილი ინებონ და დაემორჩილონ კონსტიტუციას. უსუფაშვილისგან გამკვირვებია, თორემ ნაციონალებისგან არ მიკვირს. იმიტომ ვამბობ, რომ მთელი ოპოზიცია მიმართულია იმისკენ, რომ დაამხონ ხელისუფლება. საგარეო თვალსაზრისით ეს არის რუსული სცენარი, საშინაო თვალსაზრისით რუსეთის პირდაპირი აგენტურის – ნაცების სცენარი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

იმ ფონზე, როდესაც პარლამენტის ნდობის რეიტინგი არის დაბალი და ქვეყანა ისევ ფარული ჩანაწერებით იმართება, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მართებულად მიიჩნევს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და არ გამორიცხავს, რომ ეს ივანიშვილის გეგემის ნაწილი იყოს.

„მარტო უსუფაშვილი არა, ბევრი ოპოზიციური პარტია, მათ შორის ნაციონალებისგან გაისმა ეს საკითხი. მაგრამ, ეს ოპოზიციური პარტიები, მათ შორის უსუფაშვილი ვერ აცნობიერებენ, რომ დღეს თუ ვინმეს აწყობს ვადამდელი არჩევნები, ეს არის „ქართული ოცნება“. მას უფრო მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე სხვა დანარჩენებს და როგორი იქნება 2020 წელს არავინ იცის. ამიტომ, თავის უხეირო საპარლამენტო გუნდს მოიშორებს და ახალი უხეიროებით ჩაანაცვლებს, ალბათ. რაღაცა დროით ეს სალაპარაკო არ იქნება და რაც მთავარია ერთ წელიწადს მოიგებს. ამიტომ აბსოლუტურად გასაგებია ივანიშვილს რატომ უნდა ვადამდელი არჩევნები, ლოგიკური ადამიანია ამ პოლიტიკურ არენაზე, მაგრამ ოპოზიციას რა უხარია ეს არ მესმის“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, მისთვის გაუგებარია როგორ შეიძლება ქვეყანა ანდო იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებსაც ის ვერ გამოუთვლიათ რა არის მათთვის სახეირო და რა არა.

„ესენი იმას გამოითვლიან ქვეყნისთვის რა არის სახეირო? სწორედ ეს ადამიანები და მათ შორის უსუფაშვილი იძახდნენ საპარლამენტო რესპუბლიკა გვინდაო, მაგრამ ისეთი საპარლამენტო რესპუბლიკა მიიღეს, რომ ერთი პარტიის ამარა არის მთელი ქვეყანა და თვითონ დაიკარგნენ. ესეც ვერ გაითვალეს. როდესაც ასეთი დაუფიქრებელი, ემოციური და ენერგიული ადამიანების ხელშია მანქანის საჭე, ეს არის პრობლემა.

ამ ვითარებაში გამოსავალი არის არჩევნები და არის საკადრო რესურსი? – იზრუნეს, რომ რესურსი ყოფილიყო? ციყვი, რომ ციყვია, ისიც იმარაგებს საკვებს. მოიმარაგეს რესურსი? ის, რომ კარგი კადრები სჭირდებათ და აფასებენ, ეს ჩანს. იგივე გახარია, რომ წამოიწია წინ, საკმაოდ რთულ სიტუაციაში დგას და დგას კლდესავით, ეს ამ ხელისუფლების დამსახურებაა.

დიახ, ჯანდაცვის მინისტრი ამ ხელისუფლების დამსახურებაა, მაგრამ ჭიკაიძე რომ არ გამოდგებოდა შს მინისტრად ამას უნდოდა დიდი ფილოსოფია? უბრალოდ, დაფიქრება უნდოდა.

სუბელიანი, რომ რაღაცა უბედურებას გადაკიდებდა ხელისუფლებას, ამას დაფიქრება უნდოდა და არა სოზარ სუბარის რეკომენდაცია. ვისაც ენდობი ის რას იტყვის, იმის მიხედვით რომ ირჩევა კადრები, ეს არის მთელი პრობლემა. არ იციან კადრების შერჩევა და მომარაგება, ეს არის მთელი პრობლემა. არ აქვთ იმის კონცეფცია, რა ცვლილებისთვის რა კადრები სჭირდებათ და რაც მთავარია, არ აქვთ მომარაგებული კადრები. მგონია, რომ ყველა საქმეს ასე აკეთებენ“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე და აქვე აცხადებს, რომ ხელისუფლებას წლის ბოლომდე აქვს დრო, რომ პოლიტიკური სიტუაცია შეაჩეროს და შემოატრიალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისამდე მივდივართ.

„ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიდის ცუდად. ამ ფარულ ჩანაწერებს შეიძლება ეშველოს, მაგრამ პროცესი თუ ასე წავიდა, ქვეყანას არ ეშველება. საჭიროა გამოსავალის მოძებნა. 1991 წლის ოქტომბერშიც იყო საუბარი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. მაშინდელი ხელისუფლება რომ რიგგარეშე არჩევნებზე წასულიყო, დიდი ალბათობით იმ უბედურებას ავიცილებდით, რაც შემდეგ დატრიალდა.

დიდი ალბათობით პროცესი აქეთ მიდის და ქუჩაში გადავა პოლიტიკური თამაშები. საპარლამენტო რესპუბლიკის ხიბლი ის არის, რომ მოქნილი სისტემაა და შეიძლება წახვიდე ვადამდელ არჩევნებზე. შეიძლება ხელოვნური სამთავრობო კრიზისი შეიქმნას, როგორც ეს გერმანიაში გაკეთდა. ოღონდ აქ ერთი რამეა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და არა ორთქლის გამოშვება, ასეთ შემთხვევაში აზრი არ აქვს“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

მისივე თქმით, ვადამდელ არჩევნებს, უნდა მოჰყვეს როგორც სისტემური, ისე საკადრო ცვლილებები. მაგრამ როგორც ძაბირაძე აცხადებს, აქვს კი „ქართულ ოცნებას“ იმის რესურსი, რომ თავის თავშივე განახლდეს და ვინ იქნება ის გუნდი, რომელმაც ეს უნდა განახორციელოს – აქ არის პრობლემა.

„ორივე მხარემ, როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ასევე ოპოზიციამ გვაჩვენეს, რომ კომპრომატების მეტი არაფერი შეუძლიათ. ვინ, ვისზე უარესია – ეს არის მთავარი საზრუნავი. თუ აქიდან გამოსავალი ვერ მოიძებნა, გადავალთ ნეგატივში, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს.

თუკი ივანიშვილი ვერ ხედავს მიმდინარე პროცესებს, იმ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს ხომ ხედავს? იმის გადამოწმებას რა უნდა, ვინ რა და როგორ გააკეთა? დახუჭობანას და დამალობანას თამაშს აზრი არ აქვს. ივანიშვილმა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილებები იქნება, ამას ვერ გაექცევა. ეს იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.