გახარიას და თადუმაძეს პარლამენტში არჩევნების შემდეგ ელოდებიან

გახარიას და თადუმაძეს პარლამენტში არჩევნების შემდეგ ელოდებიან

ფარული ჩანაწერების შემდეგ, „რუსთავი 2“– მა ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერის მიხედვით ყიფიანი ადასტურებს, რომ ოთარ ფარცხალაძემ სცემა. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციამ პარლამენტში ძალოვანი მინისტრების მისვლა მოითხოვა.

საგანგებო სხდომის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“. ოპოზიციის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო უმრავლესობა. მმართველ გუნდში ჯერ ფარული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენას ელოდებიან და არ გამორიცხავენ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალოვანების პარლამენტში დაბარებასაც.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის პარლამენტში მისვლას და საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიშის წარდგენას მოითხოვს. კახიძეს განცხადებით, მათ ორივე უწყებას გაუგზავნეს შესაბამისი წერილები პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს  მიმართა:

„მინდა დავამატო, რომ ის ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა დამატებით, ახალ კითხვებს სვამს საქმესთან დაკავშირებით. ბატონო თავმჯდომარე, მინდა თქვენი და ჩემი კოლეგების წინაშე დავსვა საკითხი, რომ უზრუნველყოთ პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული უმაღლესი თანამდებობის პირების გამოცხადება, რეგლამენტის დაცვა და იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც გვექნება ჩვენ და დარწმუნებული ვარ, ალბათ გექნებათ თქვენც“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს შს მინისტრი და მთავარი პროკურორი ეწვევიან, სადაც დეპუტატებს ექნებათ კითხვების დასმის საშუალება.

„ოქუაშვილს რაც შეეხება, სანამ 3D ვერსია არ გამოქვეყნდება, ვფიქრობ პარლამენტი არ უნდა ჩაერთოს ამ საკითხის განხილვაში. სპექტაკლებთან დაკავშირებით შეიძლება საგანგებო სპექტაკლი გამართო და არა საპარლამენტო სესია. ეს არ არის საპარლამენტო სესიის მიზანი და ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, უზრუნველყოს ურჩი მინისტრების გამოცხადება ფრაქციის სხდომაზე. მისივე განცხადებით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში უნდა მოხდეს რეგლამენტის დარღვევის ფაქტების განხილვა.

„მინისტრები არაფრად გაგდებენ – იმის ძალაც არა გაქვთ, პარლამენტში ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე ერთი მინისტრი მოიყვანოთ. 2018 წლის სექტემბერში, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფრაქციის სხდომაზე მინისტრები: დავით ზალკალიანი, მიხეილ ბატიაშვილი და მაჭავარიანი დაიბარა და არც ერთი დასახელებული პირი ფრაქციის სხდომაზე არ გამოცხადდა. მთავრობის წევრების მიერ მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიის, არამედ მთლიანად პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის იგნორირება და მისი დაკნინების მცდელობაა“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს რომან გოცირიძემ.

მმართველი გუნდი პარლამენტში შს მინისტრს და მთავარ პროკურორს არჩევნების შემდეგ ელოდება. უმრავლესობაში თანხმდებიან, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული ჩანაწერებიდან გამომდინარე, საზოგადოება დაბნეულია, თუმცა, ამბობენ, რომ არჩევნების შემდეგ, არა საარჩევნო მიზნებისთვის დადგმული სპექტაკლებიდან, არამედ რეალობიდან გამომდინარე, უნდა დაისვას ძალოვანების პარლამენტში დაბარების საკითხი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საჭიროა საგამოძიებო ორგანოებმა ობიექტურად, სრულყოფილად და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე იმუშაონ.

„რაც შეეხება, შინაარსს, სიღრმეებში არ შევალ, დარჩა კიდევ რამდენიმე დღე, მოთმინება უნდა ვიქონიოთ ყველამ და ამ ფარული ჩანაწერების და ფარული ჩანაწერებით ომის მიღმა ვის რა პოლიტიკური განზრახვა, მიზანი და რეალობა ამოძრავებს, ეს ყველაფერი გაირკვევა ძალიან მალე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესი რაც შეიძლება დროულად დაასრულოს. როგორც ჟურნალისტებს კობერიძემ განუცხადა, პარლამენტში იმისთვის არ მოსულა, რომ აუდიო–ვიდეო ჩანაწერებს უსმინოს.

„პარლამენტში მოვედი, რომ ვეცადო, ქვეყანაში მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. წინა თვის ეკონომიკის ორ პროცენტიანი ზრდა და ლარის კურსის მერყეობა უფრო მეტად მაღელვებს, ვიდრე ჩანაწერები. მთავარ პროკურატურას პირდაპირ მივმართავ, გარკვეული ბაკქანალია, რაც ხდება, გამჭვირვალე გამოძიებით დროზე დაამთავროს. ამას პროკურატურისგან ვითხოვ, როგორც დეპუტატი. ამ საქმეს მე ვერ გამოვიძიებ, ეს საქმე პროკურატურამ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოიძიოს. როცა ხორავას ქუჩის საქმეზე დავინახე, რომ საქმის გამოძიება დროულად არ ხდებოდა და კითხვები იყო, მთავარი პროკურორის გადადგომა მოვითხოვე“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.