ვის უშლის ნერვებს ტურისტულ ზონებში კერძო გამქირავებლების საქმიანობა?

ვის უშლის ნერვებს ტურისტულ ზონებში კერძო გამქირავებლების საქმიანობა?

ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში იდეა გაუჩნდათ, რომ საკურორტო ზონებში კერძო გამქირავებლები დაბეგრონ. თურმე ეს სასტუმროების ბიზნესს უქმნის პრობლემას და მილიონერების ბიზნესს სრიოზულ კონკურენციას უწევს და ხშირ შემთხვევაში ავიწროვებს კიდეც.

სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ სატელევიზიო ეთერით განაცხადა, რომ მათი მთავარი ამოცანაა, „არსებულ სასტუმროებს არ შეექმნათ პრობლემა იმიტომ, რომ ვიღაცა გადასახადს არ იხდის“. ჩოგოვაძემ მოგვიანებით ბინების გაქირავებაზე დამატებითი გადასახადის დაწესების გეგმა უარყო, მაგრამ ფაქტია, რომ ტურიზმის სააგენტო სასტუმროების ბიზნესს ლობირებს და კონკურენტების ჩამოშორებაში ხელს უწყობს.

„ამ მიმართულებით იგეგმება ის, რომ ჩვენ ვსწავლობთ ყველაზე კარგ მაგალითს, თუ როგორ დარეგულირდა სხვა ქვეყნებში ეს. ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, არსებულ სასტუმროებს არ შეექმნათ პრობლემა იმიტომ, რომ ვიღაც გადასახადს არ იხდის. ეს არის ერთი მხრივ, რომ ბიზნესს არ შეეხოს პრობლემა, მეორე მხრივ კი გადასახადი, რა თქმა უნდა, დამატებითი შემოსავალია პირდაპირ ქვეყნის ბიუჯეტში და ამის ადმინისტრირება უნდა მოხდეს“, - განაცხადა „საქმიან დილასთან“ გიორგი ჩოგოვაძემ. მოგიანებთ კი, მწვავეე რეაქციის გამო, ეს ყველაფერი უარყო და აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ განხილულა და არც განიხილება.

ჩოგოვაძის განცხადებას ტურისტულ სექტორში ნეგატიური გამოხმაურება მართლაც მოჰყვა. „ტურიზმის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გიორგი ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბინების გამქირავებლებისთვის გადასახადის შემოღება სახელმწიფოს გაუაზრებელ პოლიტიკასთანაა კავშირში.

„ჩემი აზრით აქ არის სხვა მიზეზი. სასტუმროებს (განსაკუთრებით საერთაშორისო ქსელურებს) აღმოაჩნდათ უფრო დიდი „ხმა“ ამ პრობლემებზე სასაუბროდ და ამიტომაც ამოვარდა კონტექსტიდან გადასახადის საკითხის განხილვა. ეს პოზიცია ისევ სახელმწიფოს გაუაზრებელ პოლიტიკასთანაა კავშირში: ბევრი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა პირდაპირ უკავშირდება სასტუმროების დატვირთულობის თემას, რადგანაც უმეტესობა მათგანი შემდგომ ქირავდება ყოველდღიურად, თანაც იაფად. ეს კი პირდაპირ „არტყამს“ სასტუმრო სექტორს. შესაბამისად, ტურიზმის პოლიტიკის უქონლობის გამო, ერთი მიმართულების განვითარება (სამშენებლო ბიზნესი), პრობლემას უქმნის მეორეს (სასტუმრო ბიზნესი), მეორე - მესამეს და ასე უსასრულოდ.

ნაკლებად სავარაუდოა, აღნიშნული გადასახადი ცვლიდეს რამეს, რადგანაც ამ ბინების გასაქირავებელი ფასი მაინც გაცილებით დაბალი იქნება სასტუმროსთან შედარებით. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს გადასახადი არის ე.წ. დატვირთულობის გადასახადი, რომელსაც სხვადასხვა ფორმა აქვს: ტურისტის გადასახადი, განთავსების გადასახადი და ა.შ. იგი იმერყევებს 2-დან 10%-მდე 1 ტურისტზე დღეში ან ერთ მთლიან გადასახადზე. ამიტომ არ აჯობებს, სახელმწიფომ თავისი გაუაზრებელი პოლიტიკის გამო, „ბოდიშის“ მოხდის მიზნით, სასტუმროებს გადასახადები შეუმციროს?“ - წერს ტურიზმის ინსტიტუტის დამფუძნებელი.

საბოლოოდ რამდენიმე საათში ტურიზმის ადმინისტრაციამ ჩოგოვაძის ინიციატივა უარყო:

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Airbnb-ზე რეგისტრირებულ ბინებთან და აპარტამენტებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეზღუდვებს ან გადასახადების შემოღებას გეგმავს, არ შეესაბამება სიმართლეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მზად არის, დისკუსიაში ჩაერთოს გიდების სერთიფიცირების, სასტუმროების ლიცენზირების, ასევე ნებაყოფლობითი სარეიტინგო სისტემების შესაძლო შემოღების საკითხებთან დაკავშირებით“, - აცხადებენ ტურიზმის სააგენტოში.