ლარის ვარდნა: „ყველაზე ცუდი რამე ხდება, თუკი შეიძლება მოხდეს“

ლარის ვარდნა: „ყველაზე ცუდი რამე ხდება, თუკი შეიძლება მოხდეს“

ლარის მკვეთრმა ვარდნამ მოსახლეობა და ბიზნესი წყობიდან გამოიყვანა. „სიმშვიდეს“ მხოლოდ მთავრობაში ინარჩუნებენ, თუმცა მათი პოზიცია უკვე ყველას ყელში ამოუვიდა და საზოგადოებაზე ძალიან გამაღიზიანებლად მოქმედებს.

საქართველოს ეროვნულ ბანკში ამტკიცებენ, რომ გააჩნიათ ყველანაირი ბერკეტი, რომ ინფლაცია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იყოს დაბალი, რაც არის იმის გარანტია, რომ გაცვლითი კურსი იქნება სტაბილური. სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, ახლა ინფლაცია საქართველოში მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია.

„საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი და ამ კურსის რეჟიმისთვის დამახასიათებელია დროებითი მერყეობები. უფრო მნიშვნელოვანია, თუ როგორი იქნება კურსი საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში. ამავე დროს, ხშირად ხდება ასეთი ანალიზის გაკეთება, რომ ამის გამო საქართველოში ინფლაცია მაღალი იქნება.

საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველანაირი ბერკეტი, რომ ინფლაცია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იყოს დაბალი, რაც არის იმის გარანტია, რომ გაცვლითი კურსი იქნება სტაბილური“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ინფლაცია არ არის მაღალი და ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი გააჩნია ეს აკონტროლოს.

„როდესაც დაასახელებთ, რომ რომელიმე პროდუქტი გაძვირდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ამავე დროს არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომელიც გაიაფდა. აქედან გამომდინარე, ფასების დონე არის ინდექსი, რომელიც გამოითვლება კალათით. აქედან გამომდინარე, არ არის სწორი, რომ ერთი ან ორი პროდუქტის ფასის ცვლილების მაგალითზე ხდება დასკვნა, რომ ინფლაცია გაიზარდა. საქართველოში ინფლაცია არ არის მაღალი და ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი გააჩნია ეს აკონტროლოს“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

ასე სულაც არ ფიქრობენ ისინი, რომელთა მეშვეობით ფორმირდება ქვეყანაში ინფლაცია. ესენი არიან ბიზნესმენები, მსხვილი იმპორტიორები, რომლებიც ამბობენ, რომ ახლა ქვეყანაში ყველაზე ცუდი რამ ხდება. საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ადასტურებს, რომ მკვეთრმა გაუფასურებამ დარგში საკმაოდ რთული ვითარება შექმნა. ამ დროისთვის იმპორტიორების მხრიდან ფასების „დაჭერა“ ხდება.

„ყველაზე ცუდი რამე ხდება, თუკი შეიძლება მოხდეს და ასეა ბოლო 3-4 წელია. ჩვენ გვაქვს დეჟავუ. ხალხი დანევროზდა ამისგან. სადისტრიბუციო კომპანიები მაქსიმალურად თავს ვიკავებთ იმისგან, რომ ფასები გავზარდოთ. მოგების მარჟა გვიმცირდება, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. როგორც კი იწყება ვალუტის რყევა, მომენტალურად ხდება ფასების ცვლილება. სანამ გავუძლებთ ასე ვიქნებით. სადისტრიბუციო კომპანიებს გვიწევს დამატებითი სახსრების მოზიდვა ბანკებიდან და მთელი წელი ვცდილობთ შემდეგ ამ ვალების გასტუმრებას. ხანდახან სადისტრიბუციოებს ზარალზეც გვიწევს მუშაობა და ზოგჯერ კომპანიის შენარჩუნებაზეც ვმუშაობთ“, - აცხადებს „კომერსანტთან“ ჭყონია.

ფასების ზრდა ისევ გაყიდვებზე ახდენს გავლენას. როგორც ჭყონია განმარტავს, თუ სერიოზული რყევა არ იქნა, ნოემბრის ბოლომდე ფასებს არ გადახედავენ. კრიტიკული ზღვარი 2.50-2.60-ს შორის არის და როდესაც ამას სცდება კურსი, სადისტრუბუციო კომპანიები უკვე ძალიან რთულ ვითარებაში ვარდებიან.

ვითარებას დრამატულად აფასებენ ფინანსისტები. პროფესორი ლია ელიავა ამბობს, რომ ლარის კურსის ფორმირება, განსაკუთრებით როდესაც მისი მკვეთრი ვარდნა ხდება, არანაირად არ არის დაკავშირებული ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებთან. ამაზე გავლენას არც სავაჭრო პარტნიორების კრიზისები ახდენს და არც ეკონომიკასთან დაკავშირებული სხვა ფაქტორი. ქვეყანაში შემოდის და გადის ფული, რომელიც არანაირად არ კონტროლდება სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.

„საქართველოში შემოდის ფული, რომელიც უნდა ვივარაუდოთ, რომ „ირეცხება“ და უკვე კანონიერი გზით გადის ქვეყნიდან. საქართველო ფაქტობრივად, გახდა ფულის „სამრეცხაო“. შესაბამისად, როდესაც კომერციულ ბანკს რომელიღაც კლიენტი ავალებს ფულის გადარიცხვას ერთჯერადად, მაგალითად 5, 10, 20 მილიონის, კომერციულ ბანკს უჩნდება მწვავე საჭიროება ასეთ მოცულობის თანხის მოძიების. შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნა იზრდება, ლარის კურსი კი ეცემა“, - აცხადებს ელიავა.

ოფშორული ზონის ქვეყნები, სადაც ასევე დიდი მოცულობის უცხოური კაპიტალი შედის და გადის, ეს საკითხი კანონმდებლობითაა დარეგულირებული. საქართველოს შემთხვევაში კი, არც ერთი უწყება კონტროლისთვის არაფერს აკეთებს.