2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა ბოლო წლების ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწევს. ამას უკვე აუდიტის სამსახურიც ადასტურებს. თუკი ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა (12,5 მლრდ ლარი) შესრულდება, მაშინ დარჩენილ პერიოდში ბიუჯეტიდან საშუალოდ 1,3 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს. ეს დიდ პრობლემებს შეუქმნის ისედაც გაუფასურებულ ლარს.
აუდიტის სამსახურში ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტის აქამდე აუთვისებელი თანხები, წლის ბოლო თვეებში დაიხარჯება და ეს ხარჯვა ბოლო წლებთან შედარებით, ყველაზე მასშტაბური იქნება. ამის შესახებ საუბარია სამსახურის მოხსენებაში, რომელიც 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, მთავრობის ანგარიშს ეხება. უწყების გათვლებით, იმ შემთხვევაში, თუკი ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა (12,5 მლრდ ლარი) შესრულდება, მაშინ ბოლო 4 თვის განმავლობაში, საშუალო თვიური ხარჯი 1,3 მილიარდს უნდა გაუტოლდეს, რაც გასული 8 თვის საშუალო მაჩვენებელს 45%-ით აჭარბებს (აქამდე საშუალო თვიური მაჩვენებელი 901 მილიონი იყო).
„იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლის 8 თვის ათვისების ტენდენციები წინა წლების შესაბამისი პერიოდის მსგავსია, ხოლო შესრულების მაჩვენებელი შედარებით დაბალია, 2018 წლის ბოლოს მოსალოდნელია გადასახდელების ათვისების უფრო მასშტაბური ზრდა, წინა თვეების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით“, - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს ასეთ სიტუაციაში? დარჩენილ 2,5 თვეში უზარმაზარი თანხის დახარჯვა ლარის კურსს უდიდეს პრობლემას შეუქმნის. ერთადერთი სწორი გამოსავალი ბიუჯეტის ხარჯების გადახედვა და მისი შეკვეცაა. ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ ამ ვითარებაში ეს საუკეთესო გამოსავალია. მისი თქმით, მთავრობას ბიუჯეტის დაგეგმვის პრობლემა აქვს და ბოლო რამდენიმე წელი ეს ტენდენცია უცვლელია.
„პრობლემებს ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გათვალისწინებული თანხების აუთვისებლობა ქმნის. დარჩენილ თვეებში ამ ფულის ეფექტიანად დახარჯვა, ერთი მხრივ არის ძალიან რთული, მეორე მხრივ, ასეთმა არათანაბარმა ხარჯვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს, ან შეიძლება უკვე ახდენს კიდეც გავლენას, ლარის კურსზე. პირველი წელი არ არის, რომ მთავრობა ამ პრობლემის წინაშეა, ეს 4-5 წელია მეორდება. ბოლო თვეებში იქამდე მიდის ხოლმე საქმე, რომ კომპანიებს ავანსად ურიცხავენ თანხებს, რომ ფორმალურად შეასრულონ ბიუჯეტის გეგმა“, - განაცხადა ხორგუაშვილმა.
ექსპერტი იგივე პრობლემის განმეორებას ვარაუდობს 2019 წელშიც. „3,4 მილიარდის დახარჯვა აქვთ დაგეგმილი მომავალ წელს კაპიტალურ პროექტებზე, ეს არის საოცრად დიდი თანხა, ისეთი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. თუ კაპიტალურ პროექტებზე გათვლილი თანხები 1,2 მილიარს ასცდა, უკვე ჩნდება კითხვები, სწორ ხარჯვასთან დაკავშირებით“, - აცხადებს „ბიზნეს მედიასთან“ ხორგუაშვილი.
ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია კი აცხადებს, რომ წლის ბოლოს ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თანამდევი გახდა. ეს გამოწვეულია დაგეგმვის ან შესრულების დროს კვალიფიკაციის ნაკლებობით.
„თუ ბიუჯეტი დააფინანსებს ადგილობრივ გადასახდელებს, რა თქმა უნდა, წნეხი იქნება უფრო დიდი, მაგრამ თუ ეს იქნება უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში ინფრასტუქტურულ პროექტებს აკეთებენ, ესეც იქონიებს გავლენას ლარის გაცვლით კურსზე. ლამის ნახევარი მილიარდით მეტი უნდა დაიხარჯოს თვიურად და ეს, რასაკვირველია, მოახდენს უარყოფით გავლენას“, - აღნიშნავს ჭარაია.