„მარგველაშვილი იყო პოლიტიკური დონ კიხოტი, რომელიც ქარის წისქვილებს ებრძოდა“

„მარგველაშვილი იყო პოლიტიკური დონ კიხოტი, რომელიც ქარის წისქვილებს ებრძოდა“

„ახლა მემუარების დრო არ არის... საზოგადოებამ და პოლიტოლოგებმა შეაფასონ ჩემი შეცდომები. სხვათა შორის, პოლიტოლოგებს ეს კარგად გამოსდით“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის 5-წლიანი პერიოდის მიწურულს.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის ყველაზე უტყუარი შემფასებელი დრო იქნება, მანამდე კი შეიძლება ითქვას, რომ თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით, მარგველაშვილის შემთხვევა ბედნიერი გამონაკლისია იმ მხრივ, რომ მას ნაადრევად, ანუ კატაკლიზმების ფონზე არ მოუწევს პრეზიდენტობის ვადის შეწყვეტა. ჩვენ გვახსოვს ხალხის მიერ ერთსულოვნად არჩეული ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების განდევნა, ძალმომრეობის ფონზე მოსული ედუარდ შევარდნაძის სახლში გაშვება და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ფინალი.

ანალიტიკოსთა ნაწილი ახლანდელი პრეზიდენტის მიმართ კრიტიკას არ იშურებდა, მაშინ, როცა ექსპერტთა ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ მარგველაშვილი პროგრესული პრეზიდენტი იყო და სწორედაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ გაწეულ წინააღმდეგობაში ვლინდებოდა მისი პლუსი. მარგველაშვილი მკვდარი თევზების მსგავსად კი არ მიჰყვებოდა დინებას, არამედ წინააღმდეგობას უწევდა ამ დინებას. თვით ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელდასმული პრეზიდენტი არც „ოცნებას“ მოსწონდა და არც „ნაციონალებს“, ექსპერტთა ნაწილს აფიქრებინებდა, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი სწორ გზაზე მიდიოდა.

მარგველაშვილი რომ ყველაზე უარესი პრეზიდენტი არ იყო, ეს ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიასთვის გასაკვირი არ არის. For.ge-სთან საუბარში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ჩვენ ვიცით, უარესი პრეზიდენტი ვინც გვყავდა. მარგველაშვილი კი უფრო იყო მარტო მოთამაშე მებრძოლი, პოლიტიკური დონ კიხოტი, რომელიც ქარის წისქვილებს ებრძოდა. ყოველ შემთხვევაში, მან, ასე თუ ისე, მუხტი შეიტანა „ქართული ოცნების“ ამორფულ მმართველობაში, ის აფხიზლებდა „ქართულ ოცნებას“ და ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ, ფაქტობრივად, მან არ ითამაშა „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტების სასარგებლოდ.

„იმედია, თავის სულისკვეთებას ბოლომდე შეინარჩუნებს. ის დარჩა დისიდენტად, რომელიც ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს და, როცა სათქმელი იყო, გამოთქვამდა იმ სათქმელს, რაც იმ პერიოდისთვის სჭირდებოდა საზოგადოებას. ასე რომ, ერთგვარი მაკონტროლებელი და მაბალანსირებელიც იყო დიპოლარულ პოლიტიკურ სისტემაში - ანუ ქოცებსა და ნაცებში. ისე, ვეტოებსაც ხშირად იყენებდა. რასაკვირველია, მას ბევრი ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ მან, როგორც ფილოსოფოსმა, კარგი გაგებით, თეთრი ყვავის ფუნქცია, დონ კიხოტის ფუნქცია კარგად შეასრულა. იგი მაინც აბალანსებდა ამ პოლიტიკურ სიტუაციას“, - აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.

მისივე შეფასებით, ზვიად გამსახურდიას ქარიზმისგან განსხვავებით, მარგველაშვილი ქარიზმატული არ ყოფილა და არც ჰქონია ამის პრეტენზია. ისიც გასაგებია, ზვიადს არ ჰქონდა გამოცდილება და ზვიადისა და მარგველაშვილის გარემოცვასაც ერთმანეთს ვერ შევუდარებთ. იმდროინდელი პირობები სრულიად განსხვავებული იყო, ზვიადმა საკმაოდ კარგად შეძლო გამოწვევების შექმნა საბჭოთა იმპერიასთან მიმართებით, მაგრამ გამოცდილების არქონამ და იმან, რომ ის დისიდენტად დარჩა, თავისი შედეგი გამოიღო.

ვახტანგ მაისაია იმასაც იხსენებს, რომ დისიდენტების მოსვლა ხელისუფლებაში მარტივად არ მთავრდებოდა. მაგალითად, ვალენსასაც ჰქონდა თავისი პრობლემები და, მიუხედავად იმისა, რომ ის ხუთი წელი იყო სათავეში, ხალხმა აღარ აირჩია, რადგან მას მაინც ჰქონდა დისიდენტური მიდრეკილება. ჰაველმა კი უფრო მეტად გაუძლო გამოწვევებს და მასთანაც სერიოზული რყევები იყო.

„ზვიად გამსახურდიასა და გიორგი მარგველაშვილს ვერც შევადარებ ერთმანეთთან. შევარდნაძის პერიოდიც სხვაგვარი იყო, შევარდნაძემ ვერ გამოიყენა ის პოლიტიკური ტექნოლოგია, რაც საბჭოთა მმართველობის პერიოდში მიიღო. ბოლოს შევარდნაძე პოლიტიკურ თალიბანად გადაიქცა, გამოიწვია რევოლუციური ტალღის ატეხვა და იდიოტი სააკაშვილის მოსვლა ხელისუფლებაში. თუმცა სააკაშვილი მარტო არ მოსულა, ეს იყო ტრიუმვირატის მოსვლა და, როცა სააკაშვილმა ჟვანია მოიცილა, ბურჯანაძე გადააყენა, ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გიჟური პოლიტიკა. ის იყო საქართველოს ყველაზე უარესი პრეზიდენტი.

სამივე წინამორბედისგან განსხვავებით, მარგველაშვილი არ გადაუგდიათ, მან ბოლომდე შეინარჩუნა პრეზიდენტობის ვადა. თუ შევარდნაძემ პირველად შეინარჩუნა ძალაუფლება, ეს მეორედ ვეღარ შეძლო, სააკაშვილს კი პოლიტიკური ძალაუფლება გააგდებინეს ხელიდან და იგი ქვეყნიდან გაიქცა“.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს უჭირს იმის თქმა, გიორგი მარგველაშვილის მოღვაწეობაში პლუსი უფრო მეტი იყო, თუ მინუსი. ამიტომაც For.ge-სთან საუბარში ხუმრობით ამბობს, რომ სასწორი არ აქვს, მარგველაშვილის მოღვაწეობა აწონოს. თუმცა ადასტურებს, რომ მარგველაშვილის პრეზიდენტობა დიდი პლუსი იყო სააკაშვილის სისტემის შემდეგ. თანაც, მარგველაშვილს ისეთი მასშტაბის არც შეცდომა ჩაუდენია და, მით უმეტეს, არც დანაშაული ჩაუდენია, რაც სააკაშვილს ჰქონდა ჩადენილი.

„საბოლოო ჯამში, მარგველაშვილი არც ღვინო იყო და არც წყალი. მან შეცდომა დაუშვა და ეს შეცდომა აღარ უნდა განმეორდეს სამომავლოდ, რადგან კონფლიქტი იყო, ერთი მხრივ, პრეზიდენტსა და, მეორე მხრივ, აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სახელმწიფო შტოებს შორის. ასეთი მასშტაბის კონფლიქტი კარგი არ არის. არ ვიცი, სამომავლოდ რას აპირებს ახლანდელი პრეზიდენტი, რასაკვირველია, მარგველაშვილს შეუძლია მემუარების დაწერაც, თუმცა ფაქტია, სააკაშვილის შემდეგ ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც თავისუფალია მძიმე გამოცდილებისგან და ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია“,-აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა და შეკითხვის საპასუხოდ, თავისი წინააღმდეგობით მარგველაშვილი ხომ არ აფხიზლებდა „ქართულ ოცნებას“, განმარტა, თუ წინააღმდეგობაზეა საუბარი, მაშინ მარგველაშვილი უნდა ყოფილიყო ან ოპოზიციური პარტია, ან რაღაც ძალაუფლების მქონე ცენტრი.

„ბუნებრივია, გიორგი მარგველაშვილს ამის საშუალება ჰქონდა, მაგრამ მაშინ პრეზიდენტის პოსტი არ უნდა დაეკავებინა. თუ შეუთავსებლობა ჰქონდა პოლიტიკის, შეხედულებების, ღირებულებების თვალსაზრისით, მას შეეძლო, ეს ღიად გაეკეთებინა და პრეზიდენტის სავარძლიდან არ დაპირისპირებოდა საკუთარ ხელისულებას“.

დავით ზარდიაშვილის აზრით, ქვეყნისთვის დამაზიანებელი და პოლიტიკური პროცესისთვის მიუღებელია, როცა ასეთ მძაფრ კონფლიქტში შედის პრეზიდენტი ხელისუფლებასთან.