აკაკი ზოიძე: „ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ჩავაბაროთ ე.წ. საერთაშორისო „ექსპერტებს“, ანუ რუსებს?“

აკაკი ზოიძე: „ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ჩავაბაროთ ე.წ. საერთაშორისო „ექსპერტებს“, ანუ რუსებს?“

კერძო პროკურორებისა და კერძო გამომძიებლების სისტემის დანერგვა იმ პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის განხორციელებასაც პოლიტიკური ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ გეგმავს. ოპოზიციის ახალი ინიციატივის მიხედვით, უნდა გაუქმდეს შსს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პროკურატურას ჩამოერთვას საგამოძიებო უფლება და შეიქმნას ანტიკორუფციული ბიურო, ახალი სტრუქტურის ხელმძღვანელები კი საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარმა 7-კაციანმა ჯგუფმა შეარჩიოს.

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ვაუქმებთ სუს-ს, ვქმნით ცალკე კონტრდაზვერვის სამსახურს, ვაუქმებთ შსს-ს და დამოუკიდებლად ყალიბდება გამოძიების ფედერალური ბიურო, როგორიცაა აშშ-ში.

საინტერესოა, რომ „ნაციონალებს“ მსგავსი იდეები ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ აწუხებდათ. თუ რატომ არ გაატარა გიორგი ვაშაძემ ეს რეფორმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ამის შესახებ განმარტავს, რომ, ჯერ ერთი, ამ მიმართულებაზე არ მუშაობდა და იუსტიციის სახლებით იყო დაკავებული და, მეორეც, ყველაფერი არის პრაქტიკა და გამოცდილება. სააკაშვილის დროს კი მათ ასეთი იდეები არ ჰქონდათ.

სავარაუდოდ, ეს იდეა ამ ეტაპზე მხოლოდ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიორგი ვაშაძეს აწუხებს. მისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შს სამინისტროს გაუქმების წინააღმდეგია. ის ამბობს, რომ პატარა შს სამინისტრო აუცილებლად დაგვჭირდება.

ოპონენტების იდეები არაადეკვატურად მიაჩნიათ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობისთვის მიუღებელია ძალოვანი სტრუქტურების რადიკალური ცვლილება მაშინ, როცა ამიერკავკასიის რეგიონში რთული ვითარებაა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე იუმორით აცხადებს, რომ, ალბათ, იმ 7-კაციან ჯგუფში გიორგი ვაშაძე მოიაზრებს იმ ექსპერტებს, რომლებსაც პირდაპირ რუსეთის დუმის რეკომენდაციით დავსვამთ საქართველოში.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ჩავაბაროთ ე.წ. საერთაშორისო „ექსპერტებს“, ანუ რუსებს?“ - აინტერესებს აკაკი ზოიძეს.

ქართველი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახალი ინიციატივა ოპოზიციური პარტიის მხრიდან წინასაარჩევნოდ ელექტორატის მოტყუების მცდელობაა.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული იგი ამტკიცებს, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს არა შს სამინისტროს გაუქმება, არამედ მისი დეცენტრალიზაცია.

დავით ზარდიაშვილის მოსაზრებით, შსს, როგორც დიდი მონსტრი, უნდა დაიშალოს, პოლიცია არ უნდა იყოს ამ დონეზე ცენტრალიზებული და უნდა მოხდეს მისი დეცენტრალიზაცია.

„ახლა იძახიან, პატრულის ეროვნული სამმართველო უნდა შეიქმნასო, ეროვნული ინსტიტუცია და ყველანაირი პოლიციური ფუნქცია იქ უნდა იყოს თავმოყრილიო. მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, შს სამინისტროს დავარქმევთ, თუ პატრულს? სწორედ ეს თქვა გიორგი ვაშაძემ. სინამდვილეში, ასე არ უნდა მოხდეს და ერთ ხელში არ უნდა იყოს საპოლიციო ფუნქციები თავმოყრილი, რაც ძალიან დიდ საშიშროებად აქცევს ამ უწყებას. თანაც, გააჩნია, ეს ფუნქციები ვის ხელში ჩავარდება. ახლა კარგი შს მინისტრი გვყავს, მაგრამ რა ვიცით, სხვა მინისტრიც კარგი იქნება? ამიტომ ბევრ ქვეყანაში მიღებულია და ეს ევროპული ტრადიციაა, რომ საპოლიციო საზოგადოებრივი წესრიგი დაცული იყოს მუნიციპალიტეტის დონეზე. პატრული რასაც აკეთებს, ეს უნდა იყოს მუნიციპალური პოლიციის ფუნქცია. მოქალაქეებთან ახლოს მდგარი ხელისუფლების მანდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. შს სამინისტრო კი არ უნდა იცავდეს ქვეყანაში წესრიგს, არამედ ქალაქის ხელისუფლება უნდა იცავდეს წესრიგს მუნიციპალიტეტებში, ანუ საუბარია მერიაზე“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

ჩვენ დავინტერესდით, თუკი მუნიციპალიტეტის ხელში გადავა წესრიგის დაცვა, მაშინ შსს-ს რა ფუნქცია დარჩება?! ამის საპასუხოდ დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ შსს-ს ექნება საკადრო უზრუნველყოფის, ინსპექტირების, ზედამხედველობისა და ანტიკრიმინალური პოლიტიკის გატარების ფუნქციები, საუბარია სტრატეგიული მართვის ფუნქციებზე. რასაკვირველია, ეროვნული საპოლიციო ძალებიც უნდა დარჩეს.

რაც შეეხება სუს-ს, ანალიტიკოსის აზრით, საერთაშორისო თვალსაზრისით, ისეთ გარემოცვაში ვიმყოფებით, რომ არ შეიძლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გავაუქმოთ.

განა შეიძლება, დაზვერვა, კონტრდაზვერვა გააუქმო მაშინ, როცა საბოტაჟის შემთხვევები გვაქვს?! მისი გაუქმება ხომ სახელმწიფოს ჩამოშლას ნიშნავს?!

გიორგი ვაშაძის მორიგი ინიციატივის საპასუხოდ, რომ პროკურატურას ჩამოერთვას საგამოძიებო უფლება და შეიქმნას ანტიკორუფციული ბიურო, დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის დაანონსებული რეფორმა სწორ გზაზე მიდის. იგი აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემიდან საერთოდ გამოდის და უახლოვდება სასამართლო სისტემას, ანუ აშკარად დისტანცირებულია აღმასრულებელი ხელსუფლებისგან. საპროკურორო საბჭოს პარლამენტის წინაშე უჩნდება ანგარიშვალდებულება.

„ამ ინსტიტუტების გაუქმების შესახებ პოპულისტურ და რადიკალიზმით გამორჩეულ განცხადებებს აკეთებს გაერთიანებული ოპოზიცია. რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს ხალხს მოეწონება. თუ პროკურატურაში ვიღაცამ კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, ან, თუ ეს დანაშაული სისტემური ხასიათის იყო ნაცების დროს, ამიტომ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ პროკურატურა და სამართალდამცავი სისტემა საერთოდ არ გვინდა? უსაფრთხოების სისტემა ქვეყანას არ სჭირდება? სუს-ი რა არის? ეს არის უსაფრთხოების სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაა არა კონკრეტულ კრიმინალთან ბრძოლა, არამედ განსაკუთრებული მნიშვნელობის, საზოგადოებისთვის ყველაზე საშიში დანაშაულების წინააღმდეგ და სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის საწინააღმდეგოდ მიმართულ გამოწვევებთან ბრძოლა. ასეთი სამსახური როგორ უნდა გაუქმდეს? შეიძლება, რაღაც სხვა ფორმები გამოინახოს, უფრო მეტი საპარლამენტო კონტროლი იყოს, მაგრამ გაუქმებაზე საუბარი სისულელეა. რასაც ეგენი ამ საარჩევნო კამპანიის დროს აკეთებენ, ეს არის რაც შეიძლება დიდი ხმაურის ატეხვა, რადგან ქვეყანაზე ისინი არ ფიქრობენ“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.