"კარს რომ მიიხურავ, მერე იწყება ნამდვილი ამბავი, კი არ ტირი, ალბათ, ყმუი..."- პეტრე კოლხი მაია ასათიანს ლექსს უძღვნის

„პროფილის“ წამყვანის, მაია ასათიანის მიერ საკუთარ ცხოვრებაზე გულახდილ საუბარს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი ფეისბუკზე ეხმაურება. სასულიერო პირი მაია ასათიანს მიმართავს და მას ლექსსაც უძღვნის:

მაია, ათასი რამის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ყველა სიტყვა ბანალურია, შენს უსიტყვო საუბართან...

ადამიანები ჯვარცმულ ტკივილებზე ვერ საუბრობენ, რადგან ცრემლები ახრჩობთ... საჯარო ტირილი კი სისუსტეა... შენ ეს სისუსტეც დაძლიე და ძლიერი ქალის როლი ღირსეულად მოირგე...

კარს რომ მიიხურავ, მერე იწყება ნამდვილი ამბავი, საკუთარი პროფილის პირისპირ რომ დადგები, კი არ ტირი, ალბათ, ყმუი... დიდი ტრაგედიის დროს ცრემლები შრება... მერე ბღავილი მოდის...

ბღავილი, რომელიც მხოლოდ შიგნით ხმაურობს და ამასაც სალაპარაკოს ხდიან, რატომ გარეთ არ ავლენსო...

მაია, ყალბ ნუგეშს გერჩივნოს, არაყალბად განგიკითხონ...

ორი ხარ, ორი გზით მიდიხარ,

ორივე მძიმე და რთულია...

შენს თავზე რამდენად დიდი ხარ,

ცხოვრება სულ დასასრულია...

და მაინც სუნთქავ და დადიხარ,

აყვები ამინდებს ქარიანს...

გოლგოთის სევდა და დარდი ხარ,

ტკივილმა ფიქრები არია...

შენს ჯვართან პირისპირ ჩერდები,

გაუძლებ უღმერთო ფორიაქს...

გადაღლილს შენ გამახსენდები

და ვხვდები, ცხოვრება ორია...