ჩანაწერები ჩანაწერების წილ. ჯერ იყო ლევან ყიფიანის ეპიზოდი, შემდეგ მირზა სუბელიანის უკმაყოფილების გამომხატველი აუდიოჩანაწერი, რასაც მოგვიანებით „ქართული ოცნების“ მხრიდან ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერების გასაჯაროვება მოჰყვა.
ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, „ნაციონალებმა“ ძალიან კარგად შეისწავლეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში წარმატებულად მოსვლის დეტალები და ის ფაქტიც, რომ ამ საქმეში ლომის წილი ციხის სკანდალურ კადრებს მიუძღოდა. ამიტომაც იგივე მეთოდი შემოუბრუნეს მმართველ გუნდს და ციხის ჩანაწერებით სპეკულირება დაიწყეს. სწორედ ამ კონტექსტში ჯდება მირზა სუბელიანის ჩანაწერიც. როგორც ჩანს, „ოცნებისდროინდელი“ ციხე და „გულახდილი საუბრები“ „ნაციონალების“ მთავარი სამიზნე იქნება შემდგომ არჩევნებზეც. თუმცა, ვინაიდან „ოცნების“ დროს ციხეებში წამების დამადასტურებელი მასალები არ გააჩნიათ, ციხიდან „გულახდილ საუბრებს“ გვთავაზობენ...
2012 წელს ვლადიმერ ბედუკაძის მიერ საპყრობილის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის დავალებით გადაღებული ვიდეოკადრები გახდა „ნაციონალების“ პოლიტიკურად გასტუმრების საფუძველი. იმ პერიოდში ბედუკაძე კმაყოფილებას ვერ მალავდა, რომ მიზანს მიაღწია - ციხეებში წამება შეწყდა. თუმცა დღეს „ნაციონალები“ ნებისმიერი ჩანაწერის თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობენ.
რას მოუტანს ამ ჩანაწერების გამომზიურება „ნაციონალებს“?!
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში ეჭვობს, რომ გამართლდეს ზოგიერთების მოლოდინი ამ ხელისუფლების სკანდალური ჩანაწერებით გასტუმრების თაობაზე.
„არა მგონია, მსგავსი ჩანაწერებით გაისტუმრონ „ქართული ოცნება“. სრულიად ცხადია, რომ ეს ჩანაწერები არის სიბინძურის და პროპაგანდის მანქანა, რასაც წარმოადგენს „რუსთავი 2“. ეს არის ინსცენირება, წარმოდგენა, სპექტაკლი. იმდენად დისკრედიტირებულია გვარამია და მისი ტელევიზია, რომ ზუსტად პირიქითაა საქმე. „რუსთავი 2“-მა სრული სიმართლეც რომ თქვას, უკვე აღარ დაეჯერება. პირადად მე როცა რამეს გავიგებ, შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ, თუ „რუსთავი 2“ გადმოსცემს, იმ წუთასვე ეჭვი მიჩნდება, რომ ტყუილი იქნება“,-აცხადებს დავით ზარდიაშვილი და მიიჩნევს, რომ ამჟამად პროპორცია ასეა განაწილებული, ვინ ენდობა „რუსთავი 2“-ს და ვინ არა. რა თქმა უნდა, ასე პირდაპირ არ მოხდება პროცენტული განაწილება არჩევნებში, მაგრამ ანალიტიკოსი იმედოვნებს, რომ უფრო დიდია იმ მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი, ვინც „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს არ ენდობა.
ანალიტიკოსი, უსაფრთხოების სპეციალისტი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სუბელიანის ეპიზოდი იყო ცუდი კოპირება იმ ე.წ. ვიდეოკადრების, რომლებიც მართლაც რეალურად ხდებოდა „ნაციონალების“ დროს ჩვენს სინამდვილეში. ცხადია, 2012 წელს ციხის ვიდეოკადრებმა აღაშფოთა მოსახლეობა. რაც შეეხება დღევანდელ აუდიოჩანაწერებს მირზა სუბელიანის მონაწილეობით, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ აუდიოჩანაწერების გაყალბება თავისუფლად შეიძლება.
„პირადად ჩემს საქმეში აუდიოჩანაწერები აბსოლუტურად გაყალბებული იყო. მე რომ მოვითხოვე, მოეტანათ სასამართლოში და მოგვესმინა, რა სახის სატელეფონო მოლაპარაკება იყო ჩაწერილი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის შეკვეთით, ეს ჩანაწერები მართლაც მოიტანეს სასამართლოზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, არ გაიხსნა. ანუ არ ჰქონდათ ჩანაწერები. სამაგიეროდ, ჩემს საქმეში მეორე ტომი აგებული იყო სწორედ ამ „ჩანაწერებზე“. დღესაც იგივე ხდება. აუდიოჩანაწერების გაყალბება და იმიტაციის შექმნა, მოდელირება სავსებით შესაძლებელია. ეს აუდიოჩანაწერიც გათვლილი იყო იმაზე, რომ ემოქმედა ფსიქოლოგიურად, ეფექტის ვარიანტში და არეულობა მოჰყოლოდა. აქ უკვე ჩანს კარგად მართული სპეცსამსახურების ხელი. ეს სუს-მა უნდა გამოიძიოს, თუკი ამის უნარი გააჩნია სუს-ს და დაადგინოს, სად მიდის ეს კვალი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და განმარტავს, რომ უტოპიურია „ნაციონალების“ მოსაზრება, რომ ჩანაწერებით მოსული ეს ხელისუფლება ჩანაწერებითვე დაასრულებს საკუთარ ძალაუფლებას.
ანალიტიკოსის განმარტებით, ეს ხელისუფლება ვიდეოჩანაწერებით მოვიდა, ვიდეოსა და აუდიოს შორის კი დიდი განსხვავებაა. აუდიოჩანაწერის გაყალბება უფრო იოლია, ვიდრე ვიდეოსი. ვიდეოს ასე კარგად ვერ გადაუღებენ და ვერ წარმოაჩენენ თეთრს შავად.
„არ ვიცი, „ნაციონალებისგან“ გავრცელებული აუდიოჩანაწერები არჩევნებზე როგორ აისახება, მაგრამ „ოცნებას“ რომ დამატებით ქულებს არ მისცემს, ესეც ფაქტია. ამ ჩანაწერების მიზანია, იმიტაციის შექმნა, თითქოს არჩევნები გაყალბებისკენ მიდის. „ნაცმოძრაობამ“ კარგად იცის, რომ მისი ფავორიტი გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილთან დამარცხდება. ამიტომაც ცდილობს, შექმნას გაყალბების იმიტაცია, რათა მათ საშუალება მიეცეთ, მოახდინონ ან შეიარაღებული გამოსვლა, ან გადატრიალების მცდელობა, ანუ მონტენეგროს ვარიანტი“.