სუბელიანი ნაციონალების მაშველი რგოლი გახდა

სუბელიანი ნაციონალების მაშველი რგოლი გახდა

„რუსთავი 2“ ფარული ჩანაწერების გავრცელებას აგრძელებს. ზაზა ოქუაშვილი მირზა სუბელიანმა ჩაანაცვლა, რომლიც ციხიდან ხან ხელისუფლებას ემუქრება, ხანაც მთავრობის წევრებს. საერთო ჯამში კი, სუბელიანის ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ის ცრუ ინფორმაციას აწვდის მასთან სტუმარდ მისულ პარლამენტის წევრს. მაგრამ ამ ჩანაწერებიდან საინტერესო ის არის, რომ სუბელიანი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ „სასრგებლო“ ინფორმაციას ავრცელებს.

ის, რომ სუბელიანი მიზანმიმართულად მოქმედებს, ამას ადასტურებს „რუსთავი 2“–ის ეთერით გავრცელებული ჩანაწერი, სადაც ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მაკომპრომეტირებელი მასალები აქვს. მათ შორის პირველია სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახი კახიშვილი. ჩანაწერის მიხედვით, დაკავებამდე სწორედ მისგან მოითხოვდა სუბელიანი პატიმრობის განსაკუთრებულ პირობებს და ფარული მასალებით აშანტაჟებდა.

სავარაუდოდ, სუბელიანის თქმით, 2013 წელს კახიშვილი ფარული მიყურადების ობიექტი იყო. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართულ აქციებს, იქ ლალი მოროშკინას მონაწილეობასა და მოროშკინასა და კახიშვილის სატელეფონო საუბარს ახსენებს.

„დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძმაო და ვჯდები–მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ...ბა არ იქნება-მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში ეგ ძალიან კარგად ვიცი–მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი–მეთქი და ერთხელ რომ გავიდა ზეთში მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ...ში აქვთ მეთქი“, – ამბობს მირზა სუბელიანი ფარულ ჩანაწრში.

პატიმარ სუბელიანის მონათხრობს არ ადასტურებს კახი კახიშვილი და აცხადებს, რომ არასდროს ჰქონია მირზა სუბელიანთან შეხვედრა, არც დაკავებამდე ორი დღით ადრე და არც დაკავების შემდეგ. როგორც კახიშვილი აცხადებს, მისთვის არც ის უთქვამთ, რომ სუბელიანი ციხის პირობებს აპროტესტებდა.

„მე მოვუსმინე ჩანაწერებს და ისეთი დასკვნა გავაკეთე, რომ მირზა სუბელიანი საპატიმრო პირობებით კმაყოფილი მაინცდამაინც არ იყო, შესაბამისად, ამას წინ უძღოდა საუბარი, თითქოს მე და მას შეხვედრა გვქონდა და მოვილაპარაკეთ. მგონი, ლოგიკას თუ გავყვებით, ეს ორი ნათქვამი წინადადება ერთმანეთს არ შეესაბამება. ერთი მხრივ, მოვილაპარაკეთ კარგ პირობებზე და მეორე მხრივ, არის ჩვეულებრივად ისეთ პირობებში, როგორშიც ყველა პატიმარია. მინდა გითხრათ, რომ დახურულ დაწესებულებებში არც ერთი პატიმარი არ იმყოფება განსაკუთრებულ პირობეში, ყველას აქვს ნორმალური, სტანდარტში ჩამჯდარი პირობები. განსაკუთრებული პირობები არავის არ აქვს და ამაზე თავად მირზა სუბელიანმა ისაუბრა ამ ჩანაწერში“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

სუბელიანს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშულებს ლალი მოროშკინა, რომლის განცხადებით, ის საკუთარმა მშობლებმა ვერ მართეს, არამც თუ მისმა მეგობარმა კახიშვილმა.

„2013 წელი ის პერიოდია, როდესაც მე ვარ სასჯელაღსრულების სამინიტროს მრჩეველი და კახიშვილია ექსპერტი, რომელსაც აქვს ნებისმიერი ეთერი, გადასარევად უძღვება თავის საექსპერტო საქმიანობას და ნამდვილად არ სჭირდება ჩემი დახმარება. მე მას ვერც დავეხმარებოდი, რადგან სახელმწიფო სამსახურში ვიყავი, მქონდა ჩემი საქმე და როგორც ექსპერტს სხვა პოზიცია ეჭირა. მას სასჯელაღსრულების სამინისტროსთვისაც ხშირად მოუმართავს, რაღაც არ მოსწონებია. ჩვენ ვუსმენდით მას, რადგან საინტერესო იყო მისი ხედვა“, – განაცხადა ლალი მოროშკინამ.

რაც შეეხება კიდევ ერთ ჩანაწერს, რომელიც ასევე „რუსთავი 2“–მა გაავრცელა, მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ელაპარაკება. აუდიოფაილის მიხედვით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სისხლისღვრასა და ვენდეტაზე საუბრობს. მირზა სუბელიანის თქმით, აქვს ჩანაწერები, რომელიც ხელისუფლებას დაამხობს. აუდიოფაილიდან ირკვევა, რომ ის ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე გაბრაზებულია და საკუთარი თავი გადაზღვეული აქვს იმ მტკიცებულებებით, რომელიც 2014 წლამდე მოიპოვა.

„ძმაო, მე არაფერში არ ვერევი, მაგრამ თვითონ იქნებიან ყველაფერზე პასუხისმგებლები. მაგრამ პასუხისმგებელი იქნებიან არა წარსულზე, არა ძმაო. 2014-მდე რაც გამიკეთებია. იქ იმაზე დავარტყამ, ისეთ დონეზე დავალ, ისეთს დავარტყამ, ბო... ვიყო, ვერ აეწყობიან, დამიჯერე რა. ისე მაქვს თავი გადაზღვეული, მაგათ წარმოდგენა არ აქვთ.

მე ერთადერთი, რაც მაკავებს, შენ რომ არ იყო და სოზარი. თქვენ ორი რომ არ იყოთ, ჩემი აქ ჩამჯდომის დედა... სარალიძე რომ გამოდის და მთავრობის გადადგომას ითხოვს. როგორ, ბიჭო, რა შემეშალა. აგერ არის სოზარი, დამიჯერე, 12 კაცს გამოვიყვან ძმაო, მე გამოვედი, მე ვეხვეწებოდი, წავალ, გავაკეთებ და მე მახოცავენ კიდევ ხელებს. მაგრამ ეს დედის მო...ნა ასე არ დასრულდება.

აქ ერთი წელი ჩემთვის ჯოჯოხეთია, ბოლომდე მივალ, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, მაგრამ რომ არ შევარჩენ, პირობას რაღაცას რომ დაარღვევენ, ღმერთის წინ გეფიცები, წმინდა გიორგის ხატზე დავიფიცებ, თუ ვინმეს რამეს შევარჩინო. მე ის კაცი არ ვარ, წავიდე და ჟურნალისტებთან დავჯდე, მაგრამ თუ შევარჩინო, მერე ვეღარც ესკორტი და ვერაფერი უშველის“, – ამბობს მეორე ჩანაწერში მირზა სუბელიანი.

პატიმარი სუბელიანის მუქარა სერიოზულად არ მიაჩნია შს მინისტრს. გიორგი გახარიას განცხადებით, სუბელიანი მოიხდის იმდენს, რამდენსაც გადაწყვეტს ქართული სასამართლო. გახარია აცხადებს, რომ დეტალურ დონეზე იცის, ვინ, სად, როდის, რას გეგმავდა და რას გეგმავს.

„წარმოდგენა არა მაქვს საერთოდ, რა ჩანაწერებზე საუბრობს ბატონი ნიკა გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად და გარწმუნებთ, რომ როგორც ნეიტრალურ უწყებას, შს სამინისტრო სუს–თან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს.

დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს. ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი. ეს ყველაფერი ვიცით, მათ შორის მიყურადების შედეგად. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ფარული ჩანაწერების გავრცელებას წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებს უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია, რომლის განცხადებით, მთელი მიზანი ამ ფირების გასაჯაროების არის სწორედ ის, რომ დაიძაბოს სიტუაცია.

„ეს დაუსრულებელი ფარული ჩანაწერებით ომი, რომელიც მიმაჩნია პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია და უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების რეალიზება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, ამაზეც რეაგირება უნდა მოხდეს და უნდა დასრულდეს, იმიტომ, რომ ეს არის ფსიქოლოგიური შეტევა მოსახლეობაზე“, – აცხადებს ეკა ბესელია.

დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც ამ ჩანაწერების ერთ–ერთი მოქმედი პირია, აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენები არიან და ჩანაწერებს ისევ ისინი აკეთებენ.

„ესენი გვამებს არიან მიჩვეული, გვამს ელოდებიან კიდევ, ამას ელოდებიან. მე მაქვს უფლება შევიდე პატიმართან, ის არის ჩემი ამომრჩეველი. მეორეც, მე არ ვარ ვალდებული, გავანდო ეს ინფორმაცია სხვას – გაკმაყოფილებთ პასუხი? კონსტიტუცია მაძლევს ამის უფლებას და ამათ ხომ ჩაწერეს, თვითონ წაიღონ პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანოებში და თვითონ გამოიძიონ, გამოიკვლიონ.

მე ვთვლი, რომ არასერიოზული, სტრესის ქვეშ მყოფი, აგონიაში მყოფი ადამიანის სიტყვები იყო ეგ და ჩავთვალე არასერიოზულად. ახლა მეუბნებიან, იყო თუ არა ეს ტყუილი, არასერიოზული და ტყუილი ერთიდაიგივე არ არის?“, – მიმართა ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.

დეპუტატი აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები ფაბრიკაციაა, რომელიც სწორედ ნიკა გვარამიამ გააკეთა, როგორც ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე.

„გვარამიამ ფაბრიკაციები აკეთა ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე. ხომ არ დაგავიწყდათ გვარამია, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, რომელმაც საზიზღრობა აკეთა ჩვენს ქვეყანაში. დაგავიწყდათ? მე არ დამვიწყებია! ცოცხებიც, „დუბინკებიც“ როგორი იყო, ხომ არ დაგავიწყდათ?! გვარამიამ რომ თქვა, აპრიორში სიმართლეა? გვარამიამ რომ თქვა, არ არის ჩემთვის სიმართლე, პასუხი ეს არის“, – აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.