ეროვნული ბანკის ახალ აღმასრულებელი დირექტორად ვახტანგ ბურკიაშვილი ინიშნება, რომელიც ოფიციალურად საკუთარი მოვალეობის შესრულებას 17 ოქტომბერს შეუდგება. მისი წარსულმა და სამოღვაწეო არეალმა პოლიტიკოსებში კითხვები გააჩინა. რატომ გადადის ქვეყნის ცენტრალურ ბანკში 2030-ის კონსულტანტი, ეს დღეს მთავარი კითხვაა.
ვიდრე ვახტანგ ბურკიაშვილს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსის გზით შეარჩევდნენ, ის საზოგადოება „2030“-ის წევრი და გადაცემა „2030“-ის კონსულტანტი იყო ეკონომიკურ საკითხებში. გარდა ამისა, მის სამუშაო ადგილებს შორის შემდეგი ორგანიზაციებია: თანაინვესტირების ფონდი (2015-17 წლები); საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (2010-2011) და საქართველოს ბანკი (2009-2010).
ახალ თანამდებობაზე ვახტანგ ბურკიაშვილი გიორგი მელაშვილს შეცვლის, რომელიც მიმდინარე წელს საქართველოს ბანკში გადავიდა. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ბურკიაშვილი ღია კონკურსის წესით შეარჩიეს, თუმცა ვინ იყვნენ სხვა კანდიდატები, უცნობია.
ბურკიაშვილს „ქართული ოცნებისთვის“ 50 000 ლარი აქვს შეწირული. სებ-ის აღმასრულებმა დირექტომა აღნიშნული თანხა „ქართულ ოცნებას“ მაშინ შესწირა, როცა ის შპს „ტიფლის დეველოპმენტ კონსორციუმის“ დირექტორი და შპს „საკი-პეტროლიუმისა“ და შპს და „აიიუეს გრუპის“ პარტნიორი იყო. ეს ინფორმაცია „ბიემს“ ბურკიაშვილმაც დაუდასტურა.
საპარლამენტო ოპოზიცია მყის გამოეხმაურა ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციის, „2030“-ის ექსპერტის დანიშვნას.
„ეს არ არის კადრი, რომელიც შეირჩა ბანკის ხელმძღვანელობის მიერ, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მათზე სერიოზული ზეწოლა მოხდა, ვინაიდან დანიშნული პიროვნება „2030“-ის ინკუბატორის წევრია. ამ ორგანიზაციის ექსპერტები ებრძოდნენ ეროვნულ ბანკს, კანონპროექტიც მოამზადეს და უნდოდათ ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოერთმიათ. მაშინ ეროვნული ბანკი სასამართლომ გადაარჩინა გახლეჩვას. ჩვენ ვხედავთ, რომ კადრების დონეზე ხდება უკვე ეროვნულ ბანკში შეღწევა“, - განაცხადა ნაციონალმა რომან გოცირიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
მისი თქმით, მათ არ გაუპროტესტებიათ, რომ ამ ორგანიზაციის ექსპერტები სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნენ, რადგან ისინი პოლიტიკური თანამდებობებია.
„ეროვნული ბანკი განსხვავებული ორგანოა. ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ იცოდა, რა რეაქცია შეიძლებოდა ამ დანიშვნას მოჰყოლოდა, ის გონიერი ადამიანი და კარგი სპეციალისტია, მაგრამ სამწუხაროდ არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება და ხასიათის სიმტკიცე, ვერ გაუძლო ზეწოლას. ეროვნულმა ბანკმა დამოუკიდებლობა დაკარგა. ვიცე-პერეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილიც, რომელიც მე მოვიყვანე ეროვნულ ბანკში, კონფორმისტი გამოდგა და ყველა გადაწყვეტილებას ეთანხმება. მესამე ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც რამდენიმე თვის დანიშნულია, პოსტიდან მიდის. რატომ? ესეც უნდა გავიგოთ-ან რატომ მოდიოდა ან რატომ მიდის“, - განაცხადა გოცირიძემ. დეპუტატმა ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესებზე პერსონალური პასუხისმგებლობა კობა გვენეტაძესა და არჩილ მესტვირიშვილს დააკისრა.
საქმის დეტალების გარკვევაში ჩაერთო პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. მისი წევრები ბურკიაშვილის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკისაგან ინფორმაციას ითხოვენ.
„ვთხოვ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოგვაწოდოს ინფორმაცია ამ დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პარლამენტის კომპეტენცია არ არის. რა პროცედურები ჩატარდა?- ეს ეროვნული ბანკის შიდა კომპეტენცია იყო, თუ საჯარო სამსახურის კანონიდან გამომდინარე? როგორც არ უნდა იყოს მოგვაწოდეთ ინფორმაცია“, - განაცხადა კომეტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.