ბიზნესი და ექსპერტები ეროვნული ბანკის წინააღმდეგ შეიკრნენ. საქმე ეხება სებ-ის ახალ რეგულაციებს, რომელთა ნაწილი ნოემბრიდან ამოქმდდება, ნაწილი კი - 2019 წლის პირველი იანვრიდან. გვენეტაძის უწყება ითხოვს სესხის გაცემისას შემოსავლების დადასტურება მოხდეს, ასევე დაცული იქნას სესხის დაფარვის თვიური შენატანის შემოსავლებთან ფარდობის ახალი კოეფიციენტები.
ამ რეგულაციებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება კერძო სექტორი. სამშენებლო, საბანკო, მეცხოველეთა, მცირე და საშუალო მეწარმეთა და სხვა ასოციციები ახლა უკვე ეროვნული ბანკის წინააღმდეგ აშკარად გამოდიან და ამბობენ, რომ ასამოქმედებელი ნორმები ნეგატიური ეფექტის მქონე იქნება ქვეყნის ეკონომიკისათვის.
„დაანონსებული რეგულაციები, რომელებიც ართულებენ ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი სერვისის განვითარებას, საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სტაბილური ბიზნესგარემოს ფორმირების პროცესს და შეამცირებს ეკონომიკურ ზრდას, რაც თანაბრად აისახება ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე. ადგილობრივი ბიზნესი, რომლის დიდი წილი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის, მუდმივად ხელმისაწვდომი და იაფი დაფინანსების წყაროს ძიებაშია. ზედმეტი რეგულაცია კი, ამ პროცესს კიდევ უფრო გაართულებს და შეზღუდავს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას.
ჩვენ კარგად გვესმის მარეგულირებლის მიერ დასახული მიზნის მნიშვნელობა, როგორც დედოლარიზაციის, ასევე სოციალური ფაქტორების მიმართულებით და ამ პროცესის მიმართ მხარდაჭერა არაერთხელ დაგვიფიქსირებია, თუმცა ამასთანავე აუცილებლად მიგვაჩნია, რომ მიზნის მისაღწევად მიღებული ზომები იყოს პროპორციული. ამან არ უნდა გამოიწვიოს ნეგატიური შედეგები, რაც ეკონომიკურ მაჩვენებლებზე მნიშვნელოვანწილად იმოქმედებს და კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალურ ფონს“, - აცხადებენ ბიზნეს ასოციაციები.
განცხადებაში, საუბარია იმ უარყოფით ეფექტზეც რასაც სების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ამოქმედება გამოიწვევს.
„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად რეგულაციების დეკლარირებულად სასარგებლო მიზნებისა, ზედმეტად რთული და მკაცრი შეზღუდვები ქვეყნის ეკონომიკური რეალობისა და საჭიროების გაუთვალისწინებლად, სერიოზულ პრობლემას შეუქმნის განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს, ასეულ ათასობით მოვაჭრეს, მცირე მეწარმეს და ფიზიკურ პირებს, მსხვილ ბიზნესს კი, მნიშვნელოვნად გაურთულებს ოპერირებას. მომხმარებლისთვის გააძვირებს პროდუქციისა და მომსახურების ღირებულებას, შეამცირებს მათზე ხელმისაწვდომობას და უარყოფითად აისახება ბიზნეს გარემოზე“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ, საქართველოს საბანკო ასოციაცია, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატა, საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია, საქართველოს მენაშენეთა ასოციაცია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს მცირე დასაშუალო საწარმოთა ასოციაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია.
გარდა ამისა, კრიტიკას არ იშურებენ უცხოელი ბიზნესმენებიც. საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული რეგულაციები ეკონომიკის ზრდაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს. როგორც მან საბანკო კომისიის ხდომაზე განაცხადა, სებ-მა რეგულაციებზე კერძო სექტორთან და საბანკო ასოციაციებთან ერთად უფრო აქტიურად უნდა ითანამშომლოს.
„ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა საბანკო რეგულაციებზე უფრო მეტად უნდა გაამახვილოს ყურადღება და იმსჯელოს კერძო სექტორთან, საბანკო ასოციაციებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან. ამან შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიური შედეგი გამოიღოს და საბოლოო ჯამში რეგულაციის შედეგად მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შენელდეს“, - ამბობს ასლი.
ცენტრალურ ბანკს გადაწვეტილებას უწუნებენ სპეციალისტებიც. ეკონომიკის დოქტორი გოჩა თუთბერიძე სებ-ის მიერ მიღებულ ახალ რეგულაციებს მკაცრად აკრიტიკებს. მისი აზრით, სისულელეა იმის მტკიცება, რომ ეს მომხმარებლის დაცვაზეა ორიენტირებული.
„კატეგორიულად მიუღებელია ახალი რეგულაციები. მთავარი პრობლემაა ფინანსებებისადმი ნაკლები ხელმისაწვდომობა ბიზნესის, ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან. დიდი სისულელეა იმის მტკიცებაც, რომ ეს მომხმარებლის დაცვაზეა ორიენტირებული. ათასი სხვა მექანიზმი არსებობს მოსახლეობის დასაცავად, პირველ რიგში კი, ეს ფინანსური ცნობიერების გაზრდაა, რისთვისაც ინვესტიციას უნდა იღებდეს ეროვნული ბანკი. ეს ნაბიჯი კი კონტრპროდუქტიულია და შეაფერხებს ეკონომკურ ზრდას“, - აცხადებს თუთბერიძე.