მირზა სუბელიანის ნათქვამმა ზოგს სააკაშვილის პერიოდი და პატიმართა წამება გაახსენა, ზოგმაც ჩათვალა, რომ სუბელიანი ლაპარაკობდა იმას, რაც მას „ნაცმოძრაობამ“ დაუკვეთა, ზოგისთვის კი ცხადი გახადა, რომ არც „ოცნება“ იყო მთლად უმწიკვლო და ამიტომაც არ იძიებდნენ „ქოცები“ წინამორბედებისგან ჩადენილ დანაშაულებს.
რა აჩვენა ამ სკანდალმა და ხომ არ იქნება ეს შემაფერხებელი გარემოება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მირზა სუბელიანის ეპიზოდმა გამოავლინა, თუ რატომ არ აწყობდა „ქართულ ოცნებას“ უსამართლო საქმეების გამოძიება და რატომ არ დადგა სამართალი უბრალო ადამიანებისთვის. თუკი ვიწამებთ ამ ჩანაწერის ავთენტურობას და მირზა სუბელიანის სიტყვებს („მე ამ სახელმწიფოს შევწირე ჩემი ცხოვრება და რა მივიღე საბოლოოდ? ვზივარ სამარტოო საკანში“), მაშინ გამოდის, რომ ამ ხელისუფლებასაც ჰყავს თავისი შემსრულებლები?
- საინტერესო გარემოებაა შექმნილი. მირზა სუბელიანი და ფარცხალაძე არიან წინა რეჟიმის პერიოდიდან შემორჩენილი კადრები. ლუსტრაციის საფუძველზე არ მოხდა მათი თუნდაც დროული გაშვება სამართალდამცავი ორგანოებიდან. არადა, ისინი იყვნენ იმ სისტემის დოქსოფულოები. ამ დოქსოფულოებისგან არ გაიწმინდა ძალოვანი სტრუქტურა და მოხდა ამის პოლიტიკური მიფუჩეჩება, რამაც თავი უკვე იჩინა. ფიზიკის კანონების მიხედვით, უკვალოდ არაფერი ხდება. თუ არ მოახდინე დროული რეაგირება და შეეცადე, მახვილი დამალო უბის ქვეშ, ის მახვილი ყოველთვის თავის თავს წარმოაჩენს. ასე დაემართა „ქართულ ოცნებასაც“.
კოაბიტაციის საფუძველზე „ქართული ოცნება“ გადაიქცა ამორფულ და გაურკვეველი ტიპის პოლიტიკურ სუბიექტად, მან ვერ შეძლო კლასიკური პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება, ვერ შეასრულა ის პოლიტიკური დაკვეთა, რაც საზოგადოებას ჰქონდა მის მიმართ თუნდაც იმავე 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების ფონზე. მოგეხსენებათ, კოალიციამ გაიმარჯვა და ეს მარტო „ქართული ოცნების“ დამსახურება არ იყო. ბიძინა ივანიშვილის პიროვნულ ღვაწლს ამ კუთხით აღარ შევეხები. თუმცა „ოცნების“ კოალიცია მარტივ მამრავლებად დაიშალა, ბიძინა ივანიშვილმა კი არ ისურვა პოლიტიკური მართვის სათავეში ყოფნა და არ წაუძღვა ამ პროცესს. ფაქტობრივად, მან პროცესი მიუშვა ტექნოკრატიული ტიპის პოლიტიკოსთა ამარა, როგორებიც იყვნენ ღარიბაშვილი, გაურკვეველი წარმონაქმნი კვირიკაშვილი. დღესაც ვხედავთ, რომ მამუკა ბახტაძე არის ტექნოკრატიული, ტექნიკური ტიპის პრემიერი. ეს ადამიანები არაფერს წყვეტენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელისუფლების დიდი ბერკეტები გააჩნიათ. ისინი ამ თანამდებობას აფუჭებენ. სისტემა კი გაქცეულია ხელიდან.
ბიძინა ივანიშვილი ახსენეთ, ბევრი ფიქრობს, რომ ივანიშვილმა თავად უნდა აგვიხსნას, რა ხდება ამ ჩანაწერების მიღმა. რატომ იკავებს თავს ბიძინა ივანიშვილი ასეთ სიტუაციებში?
- რა თქმა უნდა, მან უნდა აგვიხსნას, რა ხდება, რადგან ის არის მმართველი პარტიის ლიდერი. არ ვიცი, რატომ იკავებს თავს ამგვარი სიტუაციების ახსნისგან, ეს ივანიშვილის გადასაწყვეტია, მის ადგილას აუცილებლად გამოვიდოდი და გავაკეთებდი განცხადებას. თორემ შეიძლება უმართავი პროცესები დაიწყოს, რადგან ძაღლის თავი დამარხულია არა იმდენად პოლიტიკური სისტემის შიგნით არსებულ გარდატეხებზე, არამედ ამას უფრო გეოპოლიტიკური ინდიკაცია აქვს.
ჩვენ არ ვაანალიზებთ იმ პროცესს, რომელიც ჩვენს ირგვლივაა. არადა, დღეს ჩვენს ირგვლივ უმძიმესი ფონია. ეს არის უსაშინლესი ფონი, რომელიც არ არსებობდა თუნდაც, ალბათ, 1990-92 წლებიდან მოყოლებული. ჩვენმა საგარეო მტერმა საკუთარი თამაში გადმოიტანა ჩვენს რეგიონში. ცხადია, ის შეეცდება, საქართველოზე იქონიოს პირდაპირი გავლენა, გამოიყენოს გავლენის ის აგენტურა, რომელიც ჩაბუდებულია ჩვენში. „ნაცმოძრაობამ“ დაიწყო ამ ჩანაწერების წარმოჩენა. ეს ის „ნაცმოძრაობაა“, რომლის ლიდერიც უკრაინიდან გააძევეს სწორედ იმის გამო, რომ ის იყო მხილებული, ლუსტრირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან პირდაპირ კავშირში. უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო დროული ზომები და თავიდან აიცილა ის სცენარი, რომელიც უკრაინას ჰქონდა გამოწერილი მონტენეგროს სცენარის ვარიანტში, რადგან მონტენეგროშიც აპირებდნენ გადატრიალების მოწყობას და იქაური პროცესებიც კრემლიდან იმართებოდა. ეს ყველაფერი ერთი ხელწერაა.
მარგინალური პოლიტიკური პარტია -„ნაცმოძრაობა“ ყველასთან მოაწერს ხელს, ვინც მას საშუალებას მისცემს, რომ ხელისუფლება დაიბრუნოს.
ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალები“ ბევრად უკეთ „მუშაობენ“ წინასაარჩევნო პერიოდში, ვიდრე „ოცნება“?
- რასაკვირველია, მუშაობენ და, როგორც ჩანს, ქვეყნის გარეთ მათ საკმაოდ ძლიერი მხარდამჭერები ჰყავთ, რომლებიც მათ ამ მიმართულებით ავითარებენ. გასაგებია, რომ სუბელიანის ჩაწერაც მოხდა სპეცსამსახურების საკმაოდ მაღალ დონეზე. ავთენტურია თუ არა, იმედია, ამას გამოაჩენს გამოძიება და წარმოჩნდება ეს ყველაფერი, მაგრამ ამის მიუხედავად, აქ უკვე იკვეთება სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ დაყვანის სერიოზული მცდელობა და დღეს დესტაბილიზაცია ვის აწყობს, კარგად მოგეხსენებათ.
„ნაცების“ უკან რუსულ კვალს ხედავთ?
- ეს აშკარად გამოიხატა, სამწუხარო რეალობა ასეთია. მეორე მომენტიცაა, თვითონ „ქართული ოცნება“, რომელიც ჩაება უმოქმედობის ჭაობში და უძრაობის ბრეჟნევისეული სინდრომი შექმნა. ამ ჭაობის ერთგვარი გამოძახილია ეს ქმედებები. ანუ აქ რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს-საგარეო პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, შიდაპოლიტიკური, რაც გამოიხატა „ქართული ოცნების“ უუნარობაში. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში სიტუაცია მიემართება არათუ კრიზისამდე, არამედ ჰიპერკრიზისამდე. ეს გზა მიდის უსაფრთხოების ჩიხამდე. გაურკვეველია, მომავალში სიტუაცია როგორ განვითარდება.
მირზა სუბელიანი სუიციდს აპირებდა, მას შეუგზავნეს ფსიქოლოგები, ფსიქიატრები. თქვენ პირადად გაქვთ გადატანილი ციხეში განცდილი წნეხი, რაც ყველა ადამიანზე ინდივიდუალურად მოქმედებს. ამდენად, გამორიცხავთ, რომ მირზა სუბელიანი სამარტოო საკანში გართულებულ ფსიქიკურ მდგომარეობამდე მისულიყო? თუ უნდა ვირწმუნოთ, რომ ის მაინცდამაინც „ნაციონალებთანაა“ შეკრული, როგორც ზოგიერთებს სურთ წარმოაჩინონ?
- მე ვერ შევადარებ სააკაშვილისდროინდელ სამარტოო საკანს დღევანდელს. მაშინ იყო ავტოკრატიული სისტემა, ღამის დაკითხვები, ასევე, ფსიქოტროპულ საშუალებებს იყენებდნენ, შეიძლებოდა პატიმარი ციხეში დაღუპულიყო კიდეც. ასეთი რამ დღეს არ ხდება. გეთანხმებით, ყველა ადამიანის ბუნება ინდივიდუალურია და შეიძლება, სუბელიანმა სტრესიც განიცადა, ზეწოლაც, ვერ გეტყვით, ეს უნდა გავიგოთ. თუმცა აქ მთავარია, რომ პირდაპირ წარმოჩინდება არა მარტო შიდა რესურსი, არამედ სხვა ქვეყნის ჩართულობაც, ეს არის ერთობლივი ჰარმონიზირებული ოპერაცია. დავარქვათ ამას ჰიბრიდული ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებდა ციხის პირობებში პატიმრის გადაბირებას. ამიტომაც მოხდა სუბელიანის მიერ „ქართული ოცნების“ დეპუტატის პროვოცირება, რომელიც მოსალაპარაკებლად მასთან შევიდა.
როგორც ჩანს, სუბელიანმა მოითხოვა, „ოცნების“ დეპუტატი მასთან მისულიყო და ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო წინასწარი სცენარით. ეს იყო პატარკაციშვილის ვარიანტი, როცა კოდუა წავიდა და პატარაკაციშვილი მას „ჩაეწერა“, ზუსტად იგივე სცენარია. ნაცისტური სპეცსამსახურების და მათი თანამშრომლების მანერა არ იცვლება. უბრალოდ, აქ ინიცირება წამოვიდა მირზა სუბელიანისგან. ცხადია, სუბელიანმა ყველაფერი იცოდა, ისიც იცოდა, ვინ იწერდა და როგორი იქნებოდა ჩანაწერი. ის „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის პროვოცირებას ახდენდა, რომელიც უბრალოდ გამოიყენეს, როგორც ბნელი კატა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მირზა სუბელიანის საქმის ასეთ ფინალსაც არ გამორიცხავს, რომ შეიძლება, ისიც თქვან, ლევან ყიფიანის მსგავსად, განგებ გავაკეთეთ ჩანაწერიო.
- ამას არ ველი, მაგრამ აშკარაა, ეს იყო კარგად დადგმული სპექტაკლი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. გამოიყენეს „ოცნების“ უმძიმესი ფონი, რომელიც შეიქმნა მათივე უნიათობის გამო.
თუკი დავუჯერებთ სუბელიანს, რომ თუნდაც ბაჩო ახალაიას მოწმეები აწამეს, შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს ახალაიას საქმე?
- საქმე სწორედ მაგაშია, რომ მირზა სუბელიანის მხრიდან ბაჩო ახალაიას მოწმეების წამების თემის შემოგდებაც წინასწარ კარგად დადგმული ჰიბრიდული ოპერაციის ნაწილი იყო. გათვლა სწორედ ამაზე ჰქონდათ.