მიწების გაყიდვის აკრძალვა: „პატარა ქვეყანა ვართ - ვინც მოასწრებს - მოასწრებს“

მიწების გაყიდვის აკრძალვა: „პატარა ქვეყანა ვართ - ვინც მოასწრებს - მოასწრებს“

უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის წინააღმდეგ მორიგი კამპანია აგორდა და ამჯერად საქმეში მსხვილი უცხოელები ჩაერთნენ. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა იშვიათ პრინციპულობას იჩენს, კანონის განხილვა პარლამენტში მალე დაიწყება.

იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლის აზრით, ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, რა არის შესაძლებელი უცხოელი ინვესტორებისთვის. მისი თქმით, დღეს საქართველოში სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის 50%-ია ჩართული და ისინი მშპ-ს მხოლოდ 9%-ს ქმნიან.

„ასე რომ, ეს სექტორი არაეფეტურია. მეტი ეფექტურობისთვის კი საჭიროა მექანიზაციის განვითარება, თანამედროვე ტექნიკების გამოყენება. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს, 180 მილიონით და ევრობანკის პროგრამით ვეხმარებით ამ სექტორს, კოოპერატივებს ვაძლიერებთ. უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვა გასაგებია, მაგრამ ხელისუფლებამ ძალიან ნათლად უნდა განმარტოს, რა არის შესაძლებელი უცხოელი ინვესტორებისთვის - ამის გარეშე არც ერთ ინვესტორი არ გარისკავს თავის ფულს მიწაზე, რომელიც მას არ ეკუთვნის“, - აცხადებს ელჩი.

მიწების გაყიდვის აკრძალვას წლებია ეწინაღმდეგება საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი და დღესაც იგივე პოზიციაზე რჩება. იგი თვლის, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის შესახებ კანონპროექტმა და მასთან დაკავშირებულმა გაჭიანურეულმა პროცესებმა საქართველოს რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედა.

„ეს საკითხი დიდი დაბრკოლებაა ინვესტორებისთვის. ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები. მაგრამ ფაქტია, რომ ამ დროის განმავლობაში მიწების შესახებ კანონპროექტი მიღებული არ არის და მიწების რეგისტრაციის პროცესი, პრაქტიკულად, გაყინულია უცხოელებისთვის, რომლებიც მიწის მესაკუთრეები არიან. ამ ყველაფერმა კი საქართველოს რეპუტაციაზე იმოქმედა“, - აცხადებს ფადი ასლი.

საქართველოს მთავრობა ამ საკითხში იშვიათ პრინციპულობას იჩენს.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ეხმიანება ბიზნესის ნაწილის განცხადებებს, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის კანონპროექტი, რომელიც შეზღუდვებს აწესებს, დაბრკოლებებს ქმნის და ვერაფერს საგანგაშოს ვერ ხედავს.

„ბევრი უცხოელი ინვესტორი არის უკმაყოფილო იმითი, რომ ჩვენ ვიღებთ კანონს, რომლითაც უცხოელს არ შეუძლია მიწის შეძენა საქართველოში. მაგრამ ჩვენი შეხედულება ასეთია - უცხოელს შეუძლია იჯარით აიღოს დიდი ხნით მიწა - 50 წლით. თუ მას ბიზნესის გაკეთება უნდა ამ მიწაზე, ეს სავსებით საკმარისია. ამასთან, თუ უცხოელი არის კომპანიაში ქართველთან ერთად, მას შეუძლია მიწის ყიდვა.

საერთოდ კი, მიწის ყიდვას არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ბიზნესის წარმოებისთვის, რადგან მიწის აღება იჯარითაც არის შესაძლებელი. 50 წელზე მეტხანს არც ერთი ბიზნესი არ ანგარიშობს ფუნქციონირებას.

ვერ ვხედავთ მიწის კანონში ძალიან დიდი დაბრკოლებას. ეს არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. ვისთვისაც ეს ფსიქოლოგიური დაბრკოლებაა, ყველა საქართველოში ვერ განახორციელებს ინვესტიციას. ისედაც პატარა ქვეყანა ვართ და პირიქით - ვინც მოასწრებს - მოასწრებს. დღესაც არაფერი არ უშლის ხელს ინვესტორს. მიწის კანონთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემა არ არსებობს“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ქობულიამ.

კანონი მიწის შესახებ უკვე რამდენიმე კვირაში მზად იქნება, ამჟამად კი მთავრობა კონსულტაციებს მართავს როგორც შიგნით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნესთან.