მირზა სუბელიანი მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციისთვის მზად იყო. ამის შესახებ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ფარულ ჩანაწერებში თავად საუბრობს, რომელიც „კურიერმა“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
სუბელიანი „ქართული ოცნების“ დეპუტატთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან დიალოგში ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასანეიტრალებლად სამთვიანი ვადა მისთვის საკმარისი იქნებოდა.
სუბელიანი სოზარ სუბარის გვარს ასახელებს. საუბრის შინაარსიდან ცნობილი ხდება, რომ სუბარი არის ის პიროვნება, რომელიც სუბელიანს აკონტროლებდა, მაგრამ ახლა ყოფილი პროკურორი ამტკიცებს, რომ მისი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ისევე როგორც მმართველი პარტიის გზები - გაიყო.
"ერთადერთი ფაქტორი, ძმაო, რაც მაკავებდა, ეს სოზარის ფაქტორია, დღეს ეგ ფაქტორიც აღარ არსებობს. არ არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ მე მივალ და ამ კაცს ავუხსნი. ის თვითონ გულგატეხილია, ის ჩემზე მეტს ნერვიულობდა და ვეტყვი, რომ სოზარ, შენ ნუ გეწყინება, ძმაო, ჩვენი გზები გაიყრება. მე რასაც გავაკეთებ, მე ვიცი. დაირღვევა პირობა?
გამიშვით, ვაბშე, მიშას დავბრიდავ. სამი ოთხი თვე მოვამზადებ და... ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ. რაღაცას გავუკეთებ. ორი ვარიანტია, ან უნდა დავბრიდო, ან უნდა შევეკრა და მაგასთან შეკვრა არ მინდა, ნამდვილად არ მხიბლავს მაგისი წინადადებები მე" - ამბობს ჩანაწერში სუბელიანი.