საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა ახალი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება დააანონსა. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, პროკურატურის გავრცელებულ ჩანაწერში ციხეში მყოფი პირები არიან ჩაწერილი, ხოლო „ციხეში მყოფ ადამიანს რასაც გინდა, იმას ჩააწერინებ".
„ამ დადგმაში როგორ არის კუდის ვიღაც ორი თანამშრომელი ამბობს, სააკაშვილი ამბობსო. 2007-ში კუდის ორი თანამშრომელი გვარით არასოდეს მახსენებდა, რაც უნდა მომხდარიყო იტყოდნენ - პირველმა, პრეზიდენტმა, სააკაშვილმა? ვინც მუშაობდა სისტემაში ეს ხომ კარგად იცის, გარდა იმისა, რომ ასეთ დავალებებს არ იღებდნენ, რა თქმა უნდა.
სრულ აგონიაში არიან. სულ ვფიქრობდი, რომ ეს საოცრება სასწაული ზურაბიშვილი როგორ დააყენა კანდიდატად, ამან როგორ უნდა გაიმარჯვოს. თურმე, ივანიშვილს თავისი იაფფასიანი, ბებიის სკივრიდან ამოღებული ტრიუკების იმედი ჰქონდა. ეს ხალხი, ვინც ალბათ ჩაწერეს ამ ორიოდე დღის წინ. იციან, კიდევ სხვა ჩანაწერები მოდის, ყველა ზის ციხეში. იქ, სადაც ბიზნესმენები დაჰყავთ სარდაფში, ციხეში მყოფ ადამიანს რასაც გინდა, იმას ჩააწერინებ. მთავრდება ყველაფერი 28-ში, ივანიშვილის ბოგინი, სიცრუის ტყუილების განუვითარებლობის, გაღატაკების ქურდობის ეპოქა მთავრდება, ბანდიტიზმის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მთავარი პროკურატურის ცნობით, „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე", ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, იპოვეს შსს-ს აუდიოჩანაწერები, რომლებიც 2007 წლის 4 და 5 თებერვლით თარიღდება. ჩანაწერებში კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის ცდილობენ გადმოიბირონ ბიზნესმენის დაცვის წევრი. ამასთან ჩანაწერებით ირკვევა, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული. საქმეზე ბრალდებულები არიან: გიორგი დგებუაძე, რევაზ შიუკაშვილი, ლევან ქარდავა და გიორგი მერებაშვილი.
ერთი ჩანაწერის მიხედვით, გიორგი დგებუაძე პატარკაციშვილის დაცვის წევრთან ლაპარაკისას ზურაბ ჟვანიასაც ახსენებს.
ქარდავა და შიუკაშვილი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ბრალს არ აღიარებენ. ორივე ბრალდებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე სასჯელს უკვე იხდიან. რაც შეეხება გიორგი დგებუაძეს, საქართველოში მისი ექსტრადირება ნიდერლანდების სამეფოში დაკავების შემდეგ განხორციელდა. შესაბამისად, მის მიმართ დევნის დაწყებისა და ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობის მისაღებად, პროკურატურა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პრაქტიკას გამოიყენებს.