საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარი თითქმის 2.67 ლარი ღირს. წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი ნახტრომი ყველასთვის მოულოდნელი იყო. რა მოჰყვება, ამას უახლოეს 2 თვეში, სულ ადვილი მისახვედრია.
ლარის გაუფასურების გამო, საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებს.
„კურსთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრომ საქვეყნოდ გვითხრა, რომ 2019 წელს საშუალო კურსი დოლართან მიმართებაში 2.63 თეთრი იქნება, ანუ პირდაპირ თქვა, რომ არც ელოდება მთავრობა ლარის კურსის დასტაბილურებას. ეს კი აჩენს მოლოდინს, რომ ლარი კიდევ გაუფასურდეს. ამიტომ „ქართული ოცნების“ პირობებში არც უნდა ველოდოთ, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე შეღავათი იქნება“, – ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
აღნიშნულ კრიტიკას ჟურნალისტებთან საუბრისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ უპასუხა.
„ლარის კურსის პროგნოზს ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. ლარის კურსი არის ბიუჯეტში ჩადებული, რაც არის, ეს არის 2.63 ლარი. ეს არის დათვლილი მხოლოდ სახელმწიფო ვალის მოცულობის დასაანგარიშებლად. რა კურსიც იქნება ბიუჯეტის შემდგომი შემოტანის დროს, იმ კურსით გადავიხდით ვალის მოცულობებს“, – აღნიშნა კაკაურიძემ.
ეს ნიშნავს, რომ კურსის სტაბილურობაზე მთავრობამაც და ეროვნულმა ბანკმაც ხელი აიღო. რა მოხდება წლის ბოლომდე კაცმა არ იცის.
ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ბერძენაძე განმარტავს, რომ შემოდგომა, განსაკუთრებით, ოქტომბერი და ნოემბერი რთული პერიოდია. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ეკონომიკაში ნაკლები დოლარია, რაც ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება მოვიაზროთ. ბერძენაძე გამოსავალს ეროვნული ბანკის მხრიდან აქტიურობაში, ინვესტიციების კუთხით გააქტიურებაში ან ფულადი გზავნილების ზრდაში ხედავს. თუმცა, რამდენად ნორმალურია, რომ ქვეყანა ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ ფულზე იყოს დამოკიდებული, ცალკე საკითხია.
„ეროვნულმა ბანკმა შეგვაგუა, რომ ეს არის მცურავი კურსი, სად წავა ეს და რას გამოიწვევს ამაზე მარეგულირებელმა უნდა აგოს პასუხი. კურსს ადგენს ეროვნული ბანკი, თუმცა, გაუფაურებაზე პასუხს არ აგებს და მე მაინტერესებს - თუ კურსს ადგენ პაუხისმგებელი ვინ არის? ეს კითხვა ჰაერში გამოკიდებული თემაა. თუ ეროვნულ ბანკს მადლობას ეუბნება ხელისუფლება ლარის გამყარებისთვის, გამოდის ამაზე პასუხისმგებელიც ისაა ხომ?“ - აცხადებს „კომერსანტთან“ ბერძენაძე.
ყველა ხვდება, რომ ლარის კურსი უახლოეს პერიოდში 2.70-ს გადასცდება. ეს მყისიერად აისახება სამომხმარებლო პროდუქციაზე, გაიზრდება ფასები და რაც მთავარია, მოსახლეობის გადახდისუნარიანობა გაუარესდება.
„რადგან ჩვენი ფინანსური და ეკონომიკური მდგომარება არავითარ ანალიზს აღარ ექვემდებარება და იმართება ხელოვნურად, რამდენიმე ადამიანის მიერ, სწორედ მათ უნდა ვკითხოთ, რას აპირებენ, როგორ და რატომ გეგმავენ. ობიექტურ ფაქტორებს რომ ამაზე ზეგავლენა არ აქვს, ყველა ვხედავთ“, - აცხადებს „ადმირალ მარკეტსის“ ყოფილი წარმომადგენელი, ფინანსისტი დავით წიქარიძე.
ეკონომიკის დოქტორი, კომპანია „ფინექს 1970“-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია კი კონკრეტულ პროგნოზს აკეთებს და ამბობს, რომ ლარის გაუფასურება 20 დეკემბრამდე გაგრძელდება და ის 2.72-იან ნიშნულს მიაღწევს.
როგორც შენგელია განმარტავს, ქვეყანაში იმპორტი იზრდება, ასევე მოქმედებს გარე ფაქტორები და გადასახადელი საგარეო ვალები.
„მიუხედავად იმისა, რომ რეგიონალური ვალუტები შედარებით გამყარდა, ეს ლარზე არ აისახება ამ ეტაპზე, რადგან გადასახდელი დავალიანებები გვაქვს“ - აღნიშნავს შენგელია.