ამ დასკვნამდე მეცნიერები მას შემდეგ მივიდნენ, რაც მსოფლიოს 88 ქვეყნის, ტერიტორიული ერთეულისა თუ პროტექტორატის მონაცემები შეისწავლეს, იუწყება CNN.
მეცნიერული ანალიზის შედეგები ასევე გამოაქვეყნა ჟურნალმა BMJ-მ.
სპეციალისტთა ჯგუფმა, ფრენკ ელგარის ხელმძღვანელობით, ანალიზისას რამდენიმე გლობალური გამოკითხვების მონაცემები გამოიყენს, რომელთა ფარგლებში 13-დან 17 წლის მოზარდები (დაახლოებით 400 ათასი ადამიანი) პასუხობდნენ კითხვებს მათი სექსუალური ცხოვრების, ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკების გამოყენებისა და ძალადობის შესახებ.
მკვლევარების ინფორმაციით გამოკვლეული 88 ქვეყნიდან:
ბავშვის ცემა სრულად იკრძალება 30 ქვეყანაში. მათ შორის: ახალ ზელანდიაში, ისლანდიაში, პორტუგალიაში ესპანეთში, სკანდინავიისა და სამხრეთ ამერიკის ზოგ ქვეყანაში;
ბავშვის ცემა ნაწილობრივ (ანუ სკოლებში) იკრძალება 38 ქვეყანაში. მათ შორის: აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში და სხვ.
ბავშვის ცემაზე არანაირი შეზღუდვა (კვლევის მომენტში) არ არსებობდა დანარჩენ 20 ქვეყანაში. მათ შორის: ისრაელში, ეგვიპტეში, აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში და სხვ.
ფრენკ ელგარის თქმით, ქვეყნებში, რომლებშიც ფიზიკური დასჯა ნაწილობრივ იკრძალება, ბიჭებს შორის ძალადობის ფაქტების შემცირება არ დაფიქსირებულა, სამაგიეროდ მნიშვნელოვნად დაიკლო გოგონებს შორის - 56% იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებშიც აკრძალვა არ მოქმედებს.
საინტერესოა, რომ მკვლევარები ძალადობის მაჩვენებლის უფრო დაბალ დონეს იმ ქვეყნებში ელოდნენ, რომლებიც მეტად მდიდარია, მაგრამ შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა. ძალადობის ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი დაფიქსირდა კოსტა-რიკაში, პორტუგალიაში, ფინეთში, ჰონდურასში, ესპანეთში, ახალ ზელანდიასა და შვედეთში (აღნიშნული თანმიმდევრობით).
შესაბამისად, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ძალადობის მაჩვენებელი არანაირ კავშირში არ არის ქვეყნის ცხოვრების დონესთან, და რომ „ზოგი ძალიან ღარიბი ქვეყანა საკმაოდ მშვიდობიანი გამოდგა მაშინ, როდესაც არაერთი მდიდარი ქვეყანა — კერძოდ, აშშ, ბრიტანეთი და კანადა — ამ კუთხით დიდად ჩამორჩებიან“.