კანადაში მარიხუანის მაღაზიები გაიხსნა - ქვეყანამ მარიხუანას სრულად ლეგალიზება მოახდინა

კანადაში მარიხუანის მაღაზიები გაიხსნა - ქვეყანამ მარიხუანას სრულად ლეგალიზება მოახდინა

კანადა გახდა მსოფლიოში მეორე ქვეყანა და პირველი ქვეყანა „დიდ შვიდეულში“, სადაც კანაფის რეკრეაციული მიზნით მოხმარება სრულად ლეგალიზებულია.

ამიერიდან, კანადის სრულწლოვან მოქალაქეებს შეეძლებათ იყიდონ, გაყიდონ, შეინახონ და გაზარდონ მარიხუანა საკუთარ სახლში. თუმცა არსებობს დათქმაც: ნებადართულია 30 გრამამდე მარიხუანის შენახვა და არა უმეტეს 4 ძირის გაზრდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, შესაბამისი კანონის მიღებას 52 სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 29 წავიდა.

ახალი კანონის კრიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ პოლიცია მზად არაა იმ სიტუაციისთვის, რომელიც ნარკოტიკების ლეგალიზაციას შეიძლება მოჰყვეს. მაგალითად, არ არის შესაბამისი ზომები მიღებული ნარკოტიკული თრობისას ავტომობილის მართვის წინააღმდეგ.

მომხრეები აცხადებენ, რომ ახალი სიტუაცია ხელს შეუწყობს შავი ბაზრის წინააღმდეგ ბრძოლას. კანადა ისედაც წარმოადგენს მარიხუანის მოხმარების ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყანას. 2017 წელს კანადელებმა ნარკოტიკებში 5,7 მლრდ კანადური დოლარი დახარჯეს და ამის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო გამოყენებული სამკურნალო მიზნებისთვის.

კანადის აღმოსავლეთ პროვინცია ნიუფაუნდლენდში მარიხუანის მაღაზიები 17 ოქტომბრის დადგომისთანავე გაიხსნა, როგორც კი კანონი ძალაში შევიდა.

აშშ-ის ბევრ შტატში, გერმანიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში მარიხუანის სამედიცინო მიზნით გამოყენება ლეგალურია.

ურუგვაიმ მარიხუანის სრულად ლეგალიზება ჯერ კიდევ 2013 წელს მოახდინა. ურუგვაელებს ნება დართეს სახლში 6 ძირამდე კანაფი მოეყვანათ.

პირადი გამოყენებისთვის მარიხუანის შეზღუდული რაოდენობით მოყვანა ნებადართულია ესპანეთშიც, თუმცა მოხმარების უფლება მხოლოდ კერძო საკუთრებაში აქვთ.

გავრცელებული წარმოდგენის მიუხედავად, ჰოლანდიაში მარიხუანა ტექნიკურად აკრძალულია, მაგრამ 5 გრამამდე ბალახის შენახვა კანონით არ ისჯება. ამასთან პოლიციას ნარკოტიკის კონფისკაციის უფლება აქვს. მოხმარების უფლება კი მხოლოდ სპეციალურ კოფი-შოპებშია შესაძლებელი.

რეკრეაციული მიზნით მოხმარება ნებადართულია ასევე ავსტრალიაში, ბრაზილიაში, კოლუმბიაში, ლუქსემბურგსა და იამაიკაში, თუმცა ოფიციალური გაყიდვა ამ ქვეყნებში აკრძალულია.

რაც შეეხება საქართველოს, მარიხუანის მოხმარება საქართველოში სრულად ლეგალურია, 30 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და მარიხუანის მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმა გააუქმა. გადაწყვეტილება არ ეხება მარიხუანის მოყვანას, ან გაყიდვას.