„ხელისუფლებაში მოსულ პარტიას, რომელიც ვერ შეასრულებს თავის წინასაარჩევნო პროგრამას, უნდა აეკრძალოს მორიგ არჩევნებში მონაწილეობა“

„ხელისუფლებაში მოსულ პარტიას, რომელიც ვერ შეასრულებს თავის წინასაარჩევნო პროგრამას, უნდა აეკრძალოს მორიგ არჩევნებში მონაწილეობა“

საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობისა და ქუჩაში გამოსული ხალხის ფონზე ეკონომისტი ილია (აზიკო) სისვაძე For.ge-სთან ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე და ხელისუფალთა კომპეტენციაზე საუბრობს.

შეუძლია ხელისუფლებაში მოსულ ბიზნესმენსა და მინისტრებს ეკონომიკის კრიზისული ჩიხიდან გამოყვანა?

- ეკონომისტის პოზიციებიდან პასუხი ცალსახად უარყოფითია. ხელისუფლებაში ბიზნესმენთა მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი უპირატესად დაკავებული არიან არა სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაწყვეტით, არამედ საკუთარი საქმის უკანონო ლობირებით. ამის შედეგებია კორუფციის მასშტაბების უპრეცენდენტო ზრდა, კონკურენციის შეზღუდვა და ეკონომიკის მზარდი მონოპოლიზაცია, ქვეყნის განვითარების დამუხრუჭება და მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღატაკება. გარდა ამისა, ჩვენში მაღალ თანამდებობებზე უპირატესად საბანკო მენეჯმენტის სპეციალისტები ინიშნებიან. ვისაც კი ეკონომიკაზე, მათ შორის საბანკო საქმეზე თუნდაც ზედაპირული წარმოდგენა აქვს, დამეთანხმება, რომ ეს უკანასკნელი ბიზნესის იმდენად სპეციფიკური სფეროა, რომ ბანკირი მაკროეკონომიკის სამართავად სრულიად გამოუსადეგარია.

განსაკუთრებით სავალალოა ქვეყნის მმართველობა „სულთნის ეფექტით“, რომლის შესაბამისად შუა საუკუნეების თურქი მონარქები სახელმწიფო მოხელეებად მონა ბავშვებს ზრდიდნენ იმ სულისკვეთებით, რომ განკარგულებების გარეშე ეაზროვნათ და ემოღვაწათ ისე, როგორც ამას მბრძანებელი ისურვებდა. ამის მიხევით მათი ერთი ნაწილი თავს კარგავდა, სხვანი კი კარიერას იკეთებდნენ. სამწუხაროდ ეს დრომოჭმული ტრადიცია ჩვენთან ოცდამეერთე საუკუნეში გაგრძელდა. ყველაზე უარესი ასეთ მართვაში კი ისაა, რომ ოლიგარქიის მიერ ცრუდაპირებების გზით მოყვანილი ხელისუფლება მისი კრიმინალური ინტერესების აღსრულების ბიუროდ ყალიბდება.

თუ ვინმე ამ არგუმენტებს პოლიტ-ეკონომიკურ აბსტრაქციად მიიჩნევს, შევახსენებ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის პრემიერობის ერთი წელი ყველაზე უშედეგო იყო ეკონომიკური თვალსაზრისით, ხოლო მომდევნო წლებში მის მიერ ხელდასმულმა სამთავრობო გუნდებმა ვერ შეძლეს ეკონომიკური ზრდის თუნდაც ისეთი ტემპისათვის მიეღწია, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების ყველაზე წარუმატებელ წლებში. თუმცა, დაველოდოთ შედარებით იმედისმომცემ ახალ სამთავრობო გუნდს, რომელმაც „ახალ ეკონომიკურ მიდგომებზე“, მწვავე სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და განათლების რეფორმაზე აიღო ორიენტაცია.

მეტისმეტად ტენდენციური ხომ არა ხართ მსხვილი ბიზნესის მიმართ? მათი ნაწილი ხომ ქველმოქმედებადაც გვევლინება, რასაც ვერანაირად ვერ უარვყოფთ.

- ამ შემთხვევაშიც საეთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე ვიმსჯელებ. ოლიგარქიულ-მონოპოლისტური ბიზნესი პოლიტიკურ საქმიანობას ყველაზე მაღალმომგებიან - „პოლიტიკურ ბიზნესად“ განიხილავს, რომლის უმთავრესი ინსტრუმენტი ფსევდოქველმოქმედებაა. ფინანსური ძლიერება მათ საშუალებას აძლევთ დიდძალი ფულადი „პოლიტიკური ინვესტიციებით“ ქველმოქმედების ნიღბით მოისყიდონ გავლენიანი ადამიანები, მთელი პარტიები თუ რიგითი ამომრჩევლები და ამ გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. შედეგად კი საკუთარ ეგოისტურ მიზნებს უქვემდებარებენ სახელმწიფოებრიობის ყველა სფეროს - პოლიტიკას, ეკონომიკასა და სამართლებრივ სისტემას, ანადგურებენ ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს, ავიწროებენ კონკურენტულ ბიზნესს...

ასეთი „პოლიტიკური ბიზნეს-ოპერაციით“ ოლიგარქია მრავალგზის ინაზღაურებს გაწეულ ხარჯებს და განუზომლად მაღალ მონოპოლიურ მოგებას იღებს. ცხადია, რომ ეს „წარმატება“ დგება არა არსაიდან, არამედ სახელმწიფოს, დანარჩენი ბიზნესის და მოსახლეობის შემოსავლების უკანონო გადაქაჩვის ხარჯზე. ამას ემატება ეკონომიკის მონოპოლიზაციის ყველა სხვა დანარჩენი უარყოფითი შედეგი, რაც ერთობლივად ქვეყანას კოლაფსისაკენ მიაქანებს.

ამდენად, ოლიგარქია სახელმწიფოს, ჯანსაღი ბიზნესის და მოქალაქეების ჯიბიდან უკანონო და ამორალური გზით ამოღებულ ფულს ქველმოქმედებით ნიღბავს, ხოლო გულუბრყვილონი ამას ოვაციებით ხვდებიან. ამ ფონზე თვითონ დაგისვამთ რიტორიკულ კითხვას: იქნება კი ქველმოქმედება „სიკეთის ისეთი ქმნა“, რომლის საფასური შემდეგ კიდევ უფრო გაღატაკებული მოსახლეობის ჯიბიდან მრავალგზის მეტი ოდენობით ამოიღება?

თქვენი ასეთი სავალალო სურათის წარმოდგენის შემდეგ არსებობს გამოსავალი?

- გამოსავალი ამ ჩიხური სიტუაციიდან ერთადერთია. იმ საფრთხიდან გამომდინარე, რომელსაც ბიზნესმენთა ხელისუფლებაში მოსვლა ქმნის, უნდა აიკრძალოს მათი არჩევნებში მონაწილეობა და მაღალი საჯარო თანამდებობების დაკავება, მიუხედავად იმისა, თუ ვის გადაუფორმებენ ბიზნესს. ყველამ იცის, რომ ეს ყალბად კეთდება.

ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები. დაიწყო პოლიტიკოსთა დაპირებების ახალი ფეირვერკი, როგორ შეაფასებდით ამ პროცესს?

- სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით ჩვენს პოლიტიკაში კარგა ხანია „კოლექტიური ჯაყოს სინდრომი“ დამკვიდრდა (ყვარყვარეს სინდრომზე რომ არაფერი ვთქვათ) - ცრუდაპირებებით გახელისუფლებული, ხალხის მიერ მსახურად არჩეული და დაფინანსებული მოპოლიტიკანო ჯაყოთა გუნდი თვითონვე ბატონდება მასზე და ძარცვავს ქვეყანას, მოსახლეობის ერთ ნაწილს სიდუხჭირის, ხოლო მეორე ნაწილს - ხიზნობისთვის სწირავს. ეს პროცესი კიდევ უფრო სახიფათოა ერის მენტალური გადაგვარებისა და სულიერი დაბეჩავების თვალსაზრისით. საზოგადოების პოლიტიკური და ზნეობრივი დეგრადაცია იწყება მაშინ, როდესაც თაღლითური ცრუდაპირებების გზით ფსევდოპარტიების ხელისუფლებაში მოსვლა ამომრჩეველთა მიერ პოლიტიკური ცხოვრების ნორმად მიიჩნევა.

საქმეს შეიძლება მხოლოდ მაშინ ეშველოს, როდესაც პოლიტიკოსთა გამიზნული არარეალისტური დაპირებები სამართლებრივად მასობრივ თაღლითობად შეფასდება. სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ასეთად ითვლება სხვისი შეცდომაში შეყვანისა და ნდობის ბოროტად გამოყენების გზით პირადი ან ჯგუფური ანგარებიანი გამორჩენის მიღება ქონების დაუფლების ფორმით. თუ ეს ასეა, მაშინ შეგნებულად იგივე გზით ხელისუფლებაში მოსვლა და განუზომლად მასშტაბური პოლიტიკური თუ ფინანსური სარგებლის მიღება, ეს უკვე დანაშაულია დამამძიმებელი გარემოებებით. ამიტომ ამგვარი ქმედება, თავისი შედეგების სიმძიმიდან გამომდინარე, კანონით განსაკუთრებით მკაცრად უნდა ისჯებოდეს, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ განზრახ ჩადენილი დანაშაული. თუ საზოგადოება ამას ვერ გააცნობიერებს, ხელისუფლების არჩევნები სიცრუის დაკანონებულ საერთო-ეროვნულ კონკურსად გადაიქცევა, ხოლო დემოკრატია სამუდამოდ დარჩება კატა-თაგვობანას თამაშად, სადაც გულუბრყვილო ამომრჩეველს მხოლოდ განწირული უსუსური თაგვის როლი ერგება.

სულ ცოტა, რაც უნდა გაკეთდეს ამ სამარცხვინო მოვლენისაგან თავის დასაცავად ისაა, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ამ თვალსაზრისით უნდა დაკონკრეტდეს. ამასთან, ხელისუფლებაში მოსულ პარტიას, რომელიც ვერ შეასრულებს თავის წინასაარჩევნო პროგრამის დიდ ნაწილს, უნდა აეკრძალოს მორიგ არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო მის მესვეურებს სამუდამოდ ჩამოერთვათ პოლიტიკური და საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება.

მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს მოსახლეობას უკვე გამოუმუშავდა იმუნიტეტი ასეთი პარტიების მიმართ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რამდენიმე ავტორიტეტულმა პარტიამ, რომლებსაც პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა ჰქონდა, აშკარად არარეალური დაპირებების გამო ეს შანსი დაკარგა. როგორც ჩანს, ჩვენი ამომრჩევლები უფრო სწრაფად იზრდებიან, ვიდრე პოლიტიკოსები.

პიროვნება, რომელიც ხელისუფლებაში მოდის არა კეთილშობილური იდეალებისა და სახელმწიფოებრივი მიზნების აღსასრულებლად, არამედ პირადი გამორჩენისათვის, გამოუსწორებელი კრიმინალია და არა პოლიტიკოსი.

ბოლო დროს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში სავარაუდო კორუფციის საგანგაშო ფაქტები გამოვლინდა, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა არც თუ ისე ეფექტურად მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, რა საშუალებებით შეიძლება ვებრძოლოთ ჩინოვნიკთა ასეთ ქმედებას?

- ეს იმდენად კატასტროფული უბედურებაა, რომ შეუძლია არა მარტო სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა შეაფერხოს, არამედ მისი სრული რღვევაც გამოიწვიოს. რეალურად იგი ყველა სახელისუფლებო შტოს, სამართალდამცავი ინსტიტუციების და ეროვნული ზნეობის ტოტალური დამბლა, რის გამოც მმართველობის ზედა დონე თავის ფუნქციებს არ ასრულებს, ხოლო ქვედა ეშელონებში მისი გადაწყვეტილებები ვეღარ ხორციელდება ანგარებიანი ინტერესების გამო.

კორუფციის დასამარცხებლად უნდა ვებრძოლოთ არა მარტო მის შედეგებს, არამედ მიზეზებს. მათ შორის უპირველესი ოლიგარქიული მმართველობაა, რომელიც მიზანმიმართულად ქმნის კორუფციულ სისტემას, როგორც თავის სასიცოცხლო საარსებო გარემოს - ყველაზე ადვილად სამართავი ხომ კორუმპირებული ჩინოვნიკია.

ძველ ჩინეთში სახელმწიფო მოხელეებს რომელიმე კორუმპირებული წინამორბედის ტყავისაგან დამზადებულ სავარძელში სვამდნენ, რომელიც ცდუნების შემთხვევაში მისითვე შეიცვლებოდა. ცხადია, რომ ეს უკვე ისტორიას ჩაბარდა, ხოლო ამჟამად არანაკლებ ეფექტურ მეთოდად შეიძლება მივიჩნიოთ ისეთი კანონის შემოღება, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს დაავალდებულებს დიდი თანამდებობის პირის ამა თუ იმ პოზიციიდან წასვლისთანავე გადაამოწმონ მისი ქონებრივი მდგომარეობის ცვლილების კანონიერება და საეჭვო გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება.

თუ ხელისუფლებისათვის მებრძოლი პროგრესული პოლიტიკური პარტიები თავის წინასაარჩევნო პროგრამაში ასეთ უკვე მომწიფებულ იდეებს შეიტანენ, დარწმუნებული იყავით, რომ გამარჯვების გაცილებით მაღალი შანსი ექნებათ, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი პრაქტიკული განხორციელება ნდობას კიდევ უფრო განუმტკიცებთ.

ამ მიზნების მისაღწევად მხარი უნდა დავუჭიროთ არა იმ პარტიებს, რომლებიც ამქვეყნიური სამოთხის დაუსაბუთებელი ფუყე დაპირებებით ჩვენს დამაჯერებლად და იმედიანად გაცურებას ცდილობენ, არამედ მათ, რომლებსაც გააჩნიათ საკმარისი ზნეობრივი ინტელექტუალური პოტენციალი. ამ საფუძველზე კი შემოგვთვაზებენ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და ქვეყნის რეფორმირების მეცნიერულად დასაბუთებულ გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმას.

სწორედ სისტემური რადიკალური რეფორმების განხორციელების გზით მნიშვნელოვნად გაგვისწრეს ჩვენთან თანაბარ სასტარტო პირობებში მყოფმა აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტურმა ქვეყნებმა. მათ შორის, ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში - ჩეხეთში 2017 წლის მდგომარეობით მოსახლეობის ერთ სულზე მოდის 35 100 დოლარის მთლიანი ეროვნული შემოსავალი, ჩვენთან მხოლოდ 10 120 დოლარი, მეორე ადგილზე მყოფ ქვეყანაში - სლოვენიაში საშუალო თვიური ხელფასი შეადგენს 1 119 დოლარს, ჩვენთან - 265 დოლარს, სლოვენიაში პენსია 750 დოლარია, ჩვენთან მხოლოდ 75 დოლარი. დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად რეფორმირებულ სოციალური ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ნორვეგიაში საშუალო თვიური ხელფასი შეადგენს 3 200 დოლარს, პენსია კი - 1800 დოლარს.

ამდენად, თუ გვინდა, რომ ჩამორჩენის ჭაობს თავი საბოლოოდ დავაღწიოთ და ქვეყანაში თანამედროვეობის შესატყვისი ცხოვრების ღირსეული პირობები შევიქმნათ, რადიკალური რეფორმების განხორცილებას ალტერნატივა არა აქვს. საამისო ინტელექტუალური პოტენციალი საქართველოს ყველა მიმართულებით გააჩნია, რომლითაც არაფრით ჩამოვრჩებით მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებს. იმის გამო, რომ ქვეყანაში პროგრესულ ცვლილებებზე საზოგადოებრივი დაკვეთა უკვე ყალიბდება, მისი აღმასრულებელი პოლიტიკური ლიდერები და პარტიებიც აუცილებლად გამოჩნდებიან.

ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ კრიზისული სიტუაციები გადაუვალად წარმოაჩენენ ხოლმე ე. წ. სიტუაციურ ლიდერებს, რომლებიც ქვეყნის ცხოვრებაში რევოლუციურ ნახტომებს უზრუნველყოფენ.

თქვენი ანალიზიდან შთაბეჭდილება იქმნება, რომ მწვავედ აკრიტიკებთ ხელისუფლებას.

- როგორც აკადემიური სამყაროს წარმომადგენელს, მიმაჩნია, რომ მეცნიერება კონსტრუქციულ ოპონირებას უნდა უწევდეს, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას და დასაბუთებულ რეკომენდაციებს აძლევდეს მათ. თუ მკითხველს ოპოზიციის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ანალიზი დააინტერესებს, მე მზად ვარ.