„ტყუილით აგიყირავებთ“ – სამი ჩანაწერი სუბელიანის მონაწილეობით

„ტყუილით აგიყირავებთ“ – სამი ჩანაწერი სუბელიანის მონაწილეობით

სკანდალური ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, მირზა სუბელიანს სუიციდის მცდელობა ჰქონდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული სულიერად აღელვებულია, მაგრამ იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მირზა სუბელიანი რომ მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, ამას სახალხო დამცველიც ადასტურებს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ბრალდებულის მიმართ მეთვალყურეობა ხორციელდება და არის დაცვა უზრუნველყოფილი. როგორც ლომჯარია აცხადებს, სუბელიანს შეკითხვები ბოლო დღეებში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებითაც დაუსვა, თუმცა მას ამაზე საუბარი არ სურს.

„ბუნებრივია, როდესაც ბოლო ორი დღის განმავლობაში გავრცელდა რამოდენიმე ჩანაწერი მისი მონაწილეობით, ამას მოჰყვა მისი მხრიდან გუშინ საღამოს თვითმკვლელობის მცდელობა. შევთავაზე სახალხო დამცველის დახმარება, იქედან გამომდინარე, რომ მისი პიროვნების გარშემო ამ ჩანაწერებს ძალიან დიდი პოლიტიკური რეზონანსი მოჰყვა და შევთავაზე სახალხო დამცველის დახმარება - თუ რაიმე აქვს მას სათქმელი ჩვენთვის. ძირითადად ამაზე იყო საუბარი.

დავუსვი მას კითხვები, თუმცა ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება მას არ სურს. ძირითადად საუბრობს ხორავას ქუჩის საქმეზე და იმის შესახებ, რომ ძალიან განიცდის მომხდარს და თანაუგრძნობს ოჯახებს. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ გადავამოწმეთ და ის უკვე ჩართო ციხის ადმინისტრაციამ სუიციდის პრევენციის პროგრამაში“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველის განცხადებით, იგი დაინტერესდა, ხომ არ ხორციელდებოდა სუბელიანიანზე რაიმე ტიპის ზეწოლა, რაზეც სუბელიანმა განუცხადა, რომ მასზე ზეწოლის განხორციელება შეუძლებელია. სუბელიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე პენიტენციალურ დაწესებულებაში მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა.

ბრალდებულის ადვოკატი ეკა ხუციშვილი აცხადებს, რომ სუბელიანთან ჩანაწერების თაობაზე არ უსაუბრიათ. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ პატიმარი ჩანაწერებშიც მსგავს სულიერ მდგომარეობაში ყოფილიყო.

„ის არის ძალიან სტრესულ მდგომარეობაში. არც იმ ფაქტს არ დაგიმალავთ, რომ მას გუშინ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. აქედან გამომდინარე, მასთან ფიზიკურად გამოკითხვა ვერ ჩატარდა. ეს ოთხი თვეა სამარტოო საკანშია. ამასთან, ამ ყველაფერმა იმოქმედა და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ჩანაწერის დროსაც ასეთ მდგომარეობაში იყო, თუმცა ეს ჩემი აზრია“, – განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

პარალელურად, მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ამსახველი ახალი ჩანაწერი ამჯერად მთავარმა პროკურატურამ გაასაჯაროვა. ჩანაწერი სავარაუდოდ ზაფხულში გამართულ საუბარს ასახავს. გამოძიების ინფორმაციით, ჯამში სამი ჩანაწერი პენიტენციური სამსახურის იმ თანამშრომლის მეხსიერების ბარათიდან ამოიღეს, რომელსაც, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით, სუბელიანის ფარული ჩანაწერების გავრცელებას სთხოვდნენ.

ამ დროისთვის, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. საგამოძიებო ორგანოს ვარაუდით, იმ მედიასაშუალებას, რომელმაც 11 ოქტომბრის აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, დანარჩენ ორ ფაილზეც უნდა ჰქონდეს წვდომა.

„იმის დაზუსტებით თქმა, რომ ეს ჩანაწერები შეიძლება ჰქონდეს სხვა მედიასაშუალებასაც, შეუძლებელია. მაგრამ საგამოძიებო ორგანოს იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც საქმეში არსებობს, აქვს ვარაუდი, რომ იმ მედიასაშუალებას, რომელმაც 11 ოქტომბრის აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა და გაასაჯაროვა, ასევე, უნდა ჰქონდეს წვდომა დანარჩენ ორ ფაილზეც. თუმცა, რატომ არ მოხდა მისი გასაჯაროება, ჩვენთვის ეს მიზეზები უცნობია“, – განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ.

რაც შეეხება ახალ ჩანაწერს, მირზა სუბელიანი ამტკიცებს, რომ „ზაზა სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან“. ამავე აუდიოჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ მას შეუთვალეს, „მირზამ კუში თქვას, საარჩევნოდ ინფორმაცია მოგვცეს, თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ ვალში არ დავრჩებითო“.

„წესით, წელი კი არა, ჯარიმას ითვალისწინებს, მეტი არ უნდა მომცეს. ჩემი ფეხით მივედი, ვაღიარე ყველაფერი და საერთოდ, მე გავხსენი ეს დედა....ი საქმე. მე რომ არ ვყოფილიყავი, ერთი დაკავებულიც არ ეყოლებოდათ... ყველაფერი ვაღიარე და საერთოდ ერთი ადამიანი მითხარი, მე რითაც დამაკავეს, სხვა თუ ზის მსგავსი მუხლით ციხეში. წესით, ერთი წელიც კი არ უნდა მომცეს სასამართლომ. ესენი ბოლომდე მიაწვებიან, გინდა გითხრა რატომ? იმიტომ, რომ სარალიძე ამათ აწვებათ... სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან.

ეს გამო...ი ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ. საყვარელიძე, ვინ აღარ იყო, გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი. შემომითვალეს, მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს, თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ, ვალში არ დავრჩებითო. შენ ხომ იცი, რასაც ნიშნავს ძმაო ეს?! ისიც ხო იცი, რომ სარალიძის თემა არაა მინელებული. რუსთაველის ამბები ჩემამდეც მოდის. მე ხომ ვიცი ეს ყველაფერი, ამიტომ ვამბობ, რომ მაქსიმუმს მომცემენ. ეგ არაა კაცური საქციელი, არ ვიმსახურებ მე მაგას, ეს დედა....ლი ხო და მაგათ გადაეცი ვიღაცა გამო... ლი არ ვარ და ეს კაცი თავს დაიცავს–თქო“, – ეუბნება მირზა სუბელიანი პარლამენტის დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს.

ამავე ჩანაწერში სუბელიანი იმუქრება, რომ ყველაფერს იტყვის, მათ შორის იმას, რომ ჩანაწერები აქვს ვანო მერაბიშვილის შესახებ. სუბელიანი ამბობს, რომ იტყვის, თითქოს ეს ჩანაწერები საზღვარგარეთ აქვს დაზღვეული.

„მაგათ გადაეცი ვიღაცა გამო... ლი არ ვარ და ეს კაცი თავს დაიცავს–თქო. როგორ და დაინტერესდნენ მაგით. როგორ და ყველაფერს ვიტყვი. ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, „ვიბაზრებ“, რომ ყველა გახმაურებული საქმეები, „ოცნებამ“ რომ ქულები დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები – ტყუილით აგიყირავებთ. მკიდია რა... იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ... ყველაფერზე წამსვლელი ვარ. რომ დავანგრევ საქმეებს, მერე ნახონ... ბიჭო, კუთხეში მიმწყვდეულ კაცს ვერაფერს ვერ მომთხოვენ, ვერც ღირსებას, ვერც ნამუსს და რაც აქამდე მომიტანია, იმაზეც მადლობა თქვან“, – აცხადებს მირზა სუბელიანი.

ამის შემდეგ ჯაფარიძე ინტერესდება, მართლა აქვს ეს ჩანაწერები სუბელიანს თუ იტყუება, რაზეც მირზა სუბელიანი პასუხობს: „კი, უკვე მკიდია რას ვიტყვი, ხო, ვიტყუები და მაქვს... მერე მაგათმა ამტკიცონ რომ ტყუილი ვთქვი, ხალხი ხომ დაიჯერებს? – სარალიძისგან იჯერებს და... ხალხს ხომ ჰგონია რომ მაქვს, ხო და გამოვალ და ვიტყვი და დაიჯერებენ. მერე მაგათმა იმართლონ თავი, რომ ვიტყუები და არ მაქვს... ხალხი ხომ არ დაიჯერებს მაგათ ლაპარაკს...

გადამრიეს უკვე რა... ყველანაირ სიბინძურეზე მიდიან ჩემზე. ჩემს ოჯახს და ბავშვებს რას ერჩიან? ეგრე არ არის, ძმაო, ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების დანგრევა. ხო და მეც ვიტყვი, რომ ბევრი რამე მაქვს და მერე არკვიონ რა მაქ და რა არის სიმართლე და ტყუილი“, – ამბობს ჩანაწერში მირზა სუბელიანი.

დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სუბელიანს თავად მისი თხოვნით რამდენჯერმე შეხვდა და აცხადებს, რომ კიდევ რომ სთხოვოს, კიდევ შეხვდება.

„არ ვიცი რა არის მიჭრილ–მოჭრილი, მე არ მომისმენია. მირზა სუბელიანის საუბარი იყო არაადეკვატური ჩემთვის და არ ვაქცევდი ყურადღებას. უდიდესი წნეხის ქვეშ არის, ამხელა უბედურება დატრიალდა. ორი ახალგაზრდა კაცია გარდაცვლილი, მისი ოჯახი დაინგრა და აგონიაშია კაცი, სამარტოვო საკანშია. მე ერთხელ ვუთხარი ტყუილების ლაპარაკი არ დაიწყო-თქო, არ გეკადრება მეთქი“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჯაფარიძის ციხეში შესვლის შესახებ ინფორმაციას ფლობდა და ნებართვა გასცა, თუმცა, საუბრის შინაარსით არ დაინტერესებულა. მისი თქმით, ხელისუფლებას მირზა სუბელიანის მუქარის არ ეშინია, რადგან არანაირი დარღვევა არ აქვთ.

„თუ ვინმე დაგვემუქრება, ჩვენ ყველას პასუხს გავცემთ ჩვენი სიმართლით იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სიმართლე, ეშინოდა იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩაბარდა წარსულს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიცია თვლის, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერი დადგმულია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს ჩააქროს ხანძარი, რომელიც ჩანაწერების გავრცელებასთან ერთად აალდა.

„ეს სცენარი დაიწყო იმ განცხადებით, რომელიც ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. მან ნიკა მელიას მიაძახა: „თქვენი სუბელიანიო“. ასე რომ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას გაწერილი სცენარი აქვს, როგორ ჩააქროს ხანძარი, რომელიც აალდა ჩანაწერების გავრცელებასთან ერთად. ცდილობენ, რომ საზოგადოებას თავისი ვერსია მოახვიონ.

არანაირი სურვილი და მზაობა არ არსებობს ხელისუფლების მხრიდან, რომ რეალურად იქნას შესწავლილი ამ საქმის დეტალები. ხელისუფლება აქტიურად ცდილობს, რომ საზოგადოება დააბნიოს, გაავრცელოს რაღაცა გაურკვეველი ვერსიები“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია თვლის, რომ რა ახალი ჩანაწერებიც არ უნდა გამოჩნდეს, სადაც სხვა ახალი ასპექტები დაემატება ამას, ეს ამ უმძიმეს სურათს ვერ და არ ცვლის.

„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, იმისდა მიუხედავად, აქ რამე პირდაპირ მანიპულაციას აქვს თუ არა ადგილი პროკურატურის ან მთავრობის მხრიდან, რას ცვლის ეს ინფორმაცია იმ უმძიმეს სურათში, რომელიც იხატება ამ ჩანაწერითაც კი? ეს უმძიმესი სურათი არის ის, სადაც ლოგიკურად მივიდა ქვეყანა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ, ეს არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მმართველობა, კორუფცია, ხელის დაფარება პოლიტიკური ნეპოტიზმის ნიშნით, ყველანაირი დანაშაულზე წასვლა, რომ პოლიტიკური ამოცანა შესრულდეს, მთელი ეს ბუკეტი უმძიმესი ვითარების დასტურდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.