აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე საქართველოს რუკის გამოსახვა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საკანონმდებლო ორგანოსთვის შესაბამისი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს. დეპუტატის თქმით, რუკების მსგავსი სახით მომზადება- გავრცელება რუსული პროპაგანდის ნაწილია, რის ასაცილებლადაც აუცილებელია საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა.
სავარაუდოდ, მსგავსი დარღვევის ჩამდენი პირი ჯარიმას, ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას დაექვემდებარება. სანქციებს დაექვემდებარებიან ის უცხოური კომპანიებიც, რომლებიც მსგავს რუკებს დაამზადებენ, მათ საქართველოში ბიზნესსაქმიანობა შეეზღუდებათ.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე საქართველოს რუკების გამოსახვით რუსები პერიოდულად გვანებივრებენ. სულ ბოლოს ასეთი ფაქტი ოქტომბრის დასაწყისში გამოვლინდა, როცა საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილეებისთვის გადაცემული რუსული დელეგაციის „საჩუქარი“ იყო საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე.
საუბარია იმაზე, რომ ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ყრილობას, სადაც FIDE-ს პრეზიდენტი აირჩიეს, ხანტი-მანსიისკის დელეგაციაც ესწრებოდა. ოლიმპიადის მოხალისეებმა მათ მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში სუვენირებთან ერთად აღმოაჩინეს მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშეა. მომხდართან დაკავშირებით რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ლუხოვსკიმ აღნიშნა, რომ ეს რუკა მას ნანახი არ ჰქონდა, პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია და საეჭვოა, ეს იყოს იდეოლოგიური დივერსია. უბრალოდ, შეცდომა მოუვიდა დიზაინერს და იმ ქართულ სტამბას, სადაც აღნიშნული რუკა დაიბეჭდა.
შეაჩერებს თუა არა ოკუპანტს კანონი, რომლის თანახმადაც, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე საქართველოს რუკის გამოსახვა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება?!
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სასაზღვრო საკითხების დამოუკიდებელი ექსპერტი, საპრეზიდენტო კანდიდატი გელა ხუციშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს იქნება მორიგი ახალი კანონი, რომელიც არ იმუშავებს და დარჩება უბრალო კანონად ისევე, როგორც კანონი ოკუპაციის შესახებ.
„მე, როგორც მესაზღვრე, ამ საკითხთან დაკავშირებით შედეგს ვერ ვხედავ, რადგან პრაქტიკაში არ ჩანს ამის გამოყენების შესაძლებლობა. კანონი კანონისთვის არაფერია. თუ ჩვენ საერთაშორისო სამართლის ნორმებით ვიმოქმედებთ და ამაში საერთაშორისო ტრიბუნალს ჩავრთავთ, მაშინ სხვა საქმეა. რაც შეეხება ცალკეულ ბიზნესკომპანიებთან მიმართებით სამართლებრივი საფუძვლის ამოქმედებას, ეს ხელშეკრულებაში უნდა იყოს ჩადებული. თუ ასეთი დამრღვევი ორგანიზაცია გამოვლინდება და მას საერთაშორისო არბიტრაჟში ვუჩივლებთ, ეს შეიძლება შედეგის მომტანი იყოს. თუმცა ჩვენი ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე მოქმედი კანონი რამდენად გასათვალისწინებელი იქნება საერთაშორისო არბიტრაჟისთვის, ეს მეორე საკითხია“,-აცხადებს გელა ხუციშვილი და მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არა მარტო რეალურად ირღვევა, რაც რუკებზეც დარღვევით აისახება, არამედ ქართველებიც ვარღვევთ ჩვენსავე ტერიტორიულ მთლიანობას.
კერძოდ, წლების მანძილზე საქართველომ ვერ მიაღწია იმას, რომ საქართველოს რუკაზე დატანილი იყოს საქართველოს ტერიტორიული წყლებისა და საქართველოს ეკონომიკური ზონის მაჩვენებელი. დღემდე შეტანილი არ გვაქვს ჩვენი ტერიტორიის ფარგლებში 7 ათასი კვადრატული კილომეტრი. ეს არის კონტინენტური შელფი, რომელიც ჩვენსავე ტერიტორიული წყლების ქვემოთ მდებარეობს. ამდენად, გელა ხუციშვილს აინტერესებს, როდესაც ეს არ იცის პარლამენტარმა და კომიტეტის თავმჯდომარემ, როცა ჩვენ თვითონ არ ვცემთ პატივს ჩვენს ტერიტორიას, სხვამ რატომ უნდა გვცეს პატივი?!
„ცხონებული მეცნიერი ჯანსუღ კეკელია აყენებდა ამ საკითხს. მიუხედავად ჩვენი არაერთგზისი მოთხოვნისა, მაინც არ შეიტანეს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში 7 ათასი კვადრატული კილომეტრი. ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის ამ შელფის ფასეულობა, მაგრამ არ შეაქვთ ეს რუკაზე. არადა, 1982 წელს შავ ზღვასთან დაკავშირებით კონვენცია მიიღეს, რომელსაც 1993 წელს ჩვენც მივუერთდით. ამ კონვენციის თანახმად, შავ ზღვაზე ტერიტორიული წყლების სიღრმე არაუმეტეს 12 მილის უნდა ყოფილიყო. ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაა, მასზე ვრცელდება ისეთივე სასაზღვრო რეჟიმი, როგორც ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე. ამის ქვემოთ ფსკერია, რომელიც კონტინენტური შელფია და ჩვენს აბსოლუტურ საკუთრებას წარმოადგენს. და ეს ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის ფართობში არ არის შეტანილი. გეკითხებით, საქართველოს ტერიტორიული წყლებისა და ეკონომიკური ზონის გარეშე რუკების გამოხატვა არის თუ არა იგივე დანაშაული? ეს რუკა ხომ მთლიანად არ აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიას?“ - აცხადებს გელა ხუციშვილი.
მისივე განმარტებით, ჩვენ ახლა ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში, ქვეყნის ტერიტორიის უზარმაზარი ნაწილი დაკარგულია, პროდუქტიული მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ქვეყნიდან გასულია. მავანნი ამ ადამიანებს კიდევ სთავაზობენ, წადით უცხოეთში და სამუშაოს გიშოვითო.
„არაფერს ვამბობ ძველ ტერიტორიებზე, არამედ 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ სივრცეებზე ვლაპარაკობ. ჩვენი ნებართვის გარეშე ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება უცხო სახელმწიფოს სამხედრო შენაერთები, ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმშია, კატასტროფული მდგომარეობაა. პირველსავე დღეს უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში და ქვეყანა სამხედრო რეჟიმზე გადავიდეს“, - მიიჩნევს სასაზღვრო საკითხების დამოუკიდებელი ექსპერტი და შეკითხვის საპასუხოდ, ჩვენი ქვეყნის პოტენციალი იქნება კი საკმარისი სამხედრო რეჟიმისთვის, განმარტავს, რომ
აბსოლუტურად საკმარისია ჩვენი სამხედრო პოტენციალი იმისთვის, რომ სოციალური ბიუჯეტი კი არ გვქონდეს, არამედ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფის ბიუჯეტი გაგვაჩნდეს. შესაბამისად, უნდა განვავითაროთ ის დარგები, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.