[მანანა ნოზაძე]
ადვოკატი შალვა შავგულიძე და ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი მათი მისამართით ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს არ ეთანხმებიან, თითქოს ისინი ცენტრის იურისტ ნინო ანდრიაშვილის მიმართ დისკრედიტაციას ეწეოდნენ.
შალვა შავგულიძეც და ალეკო ელისაშვილიც მზად არიან, თავიანთი სიმართლე დაამტკიცონ მათი პროფესიისთვის შესაბამის უწყებაში - ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიასა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოზე. ადვოკატიც და ჟურნალისტიც გაკვირვებულნი არიან, რას უკავშირდება უჩა ნანუაშვილის ასეთი განცხადება და ხომ არ არის ეს ემოციურ ფონზე გამოთქმული?! მეტიც, შალვა შავგულიძე კვლავაც თავის პოზიციაზეა და აცხადებს, რომ ანდრიაშვილთან საბოდიშო არაფერი აქვს, მით უფრო, რომ ზურაბ ქურციკიძის დაცვისას ბევრი საეჭვო დეტალი იკვეთებოდა.
თავის მხრივ, ალეკო ელისაშვილიც აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარი იყო ნინო ანდრიაშვილის პოზიცია, რომელიც თავდაპირველად პროკურატურის წარმომადგენლის პოზიციისგან არ განსხვავდებოდა, თუმცა ელისაშვილს მიაჩნია, რომ ანდრიაშვილის საწინააღმდეგო გადაცემა არ წაუყვანია.
ვინც ტელკომპანია „კავკასიის“ ეთერში გადაცემა „ბარიერს“ უყურა, ნამდვილად არ დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გადაცემა ნინო ანდრიაშვილის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. პირიქით, წამყვანი ალეკო ელისაშვილი ყველანაირად ცდილობდა, შეეჩერებინა შალვა შავგულიძე, რადგან მეორე მხარის არყოფნის გამო პოზიცია ცალმხრივი არ გამოსულიყო.
ადვოკატი შალვა შავგულიძე პრესაგე.ტვ-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნინო ანდრიაშვილის მოქმედებები ნამდვილად არ ყოფილა კოლეგიალური, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებებს არ შეესაბამებოდა.
„ადრე ქალბატონმა ნინო ანდრიაშვილმა ტელევიზიით საჯაროდ განაცხადა, რომ მისი მისამართით გამოთქმული უსამართლო ბრალდების გამო ბოდიში მომეხადა. ახლა იმავეს ამბობს ბატონი უჩა. მე ერთხელ უკვე ვთქვი „კავკასიის“ ეთერით და იმავეს გავიმეორებ თქვენთანაც, რომ დიდი სიამოვნებით მოვუხდიდი ბოდიშს ქალბატონ ნინოს და ნებისმიერ ჩემს კოლეგას, თუ დავრწმუნდებოდი, რომ მისი მოქმედების შეფასებისას რაიმეში შევცდი. სამწუხაროდ, ვერ მოვიხდი ბოდიშს, რადგან თანდათან უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩემი შეფასება სამართლიანია. კონკრეტულად ჩემთან მიმართებით, ნინო ანდრიაშვილის მოქმედება არ იყო კოლეგიალური. საერთოდ, არ შეესაბამებოდა ადვოკატის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებებს როგორც კოლეგის, ისე უპირველესად თავად კლიენტის, დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ“, -აცხადებს შალვა შავგულიძე.
მისი თქმით, ამ შენიშვნების შესახებ მან უპირველესად თავად ნინო ანდრიაშვილს განუცხადა და მხოლოდ ამის შემდეგ საკმაოდ დაზოგვით გამოხატა გულისტკივილი დათო აქუბარდიასთან ეთერში. თუმცა იმის გამო, რომ ნინო ანდრიაშვილი და უჩა ნანუაშვილი ასეთ რეაგირებას ახდენენ, შალვა შავგულიძე არ გამორიცხავს, მათ უფრო დასაბუთებული პასუხი გასცეს.
თუ რას ნიშნავს დასაბუთებული პასუხი, შალვა შავგულიძე ზოგადად გვპასუხობს:
„ალბათ გავცემ პასუხს, უბრალოდ, საზოგადოებისთვისაც რომ იყოს ცნობილი. აბსოლუტურად სწორად მოიქცა ბატონი უჩა. არსებობს ეთიკის კომისია და მათ შეუძლიათ მიმართონ ამ კომისიას, თუ ჩემს გამონათქვამში რაიმე არასწორად მიაჩნიათ. მეც დავიტოვებ უფლებას, რომ შესაბამისად, უფრო მეტი რეაგირება მოვახდინო ამ ყველაფერზე“.
ამასთან, შავგულიძე აკონკრეტებს, რომ მისი პრეტენზია გამოთქმული იყო ნინო ანდრიაშვილის მოქმედების მიმართ და მას არასდროს გამოუთქვამს უკმაყოფილება არასამთავრობო ორგანიზაციის, კონკრეტულად კი, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრთან დაკავშირებით.
„ძალიან მიკვირს, ბატონ უჩას ვიცნობ საკმაოდ კარგად და მას დიდი გამოცდილება აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. დარწმუნებული ვარ, მან ძალიან კარგად იცის, რომ ყველა ჩემი შენიშვნა სამართლიანი და საფუძვლიანია. რატომ ახდენს ამის ასე ტენდენციურ გაშუქებას, სიმართლე გითხრათ, ჩემს გაკვირვებას იწვევს. არ ვიცი. რამდენად მოვიცლი ამისთვის“, - აცხადებს ადვოკატი.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მორიგი ბრალდების საპასუხოდ, თუ რატომ მოიწადინა შავგულიძემ ასე თავდგამოდებით ზურაბ ქურციკიძის ადვოკატირება, როცა იცოდა, რომ დაკავებულს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა საპროცესო გარიგებაზე, ადვოკატი გვპასუხობს:
„ტყუილია ეს. ჯერ ერთი, არაფერი ვიცოდი და საერთოდ, არავინ იცოდა ამის შესახებ. ეს ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სწორედ ნინო ანდრიაშვილმა შეიტყო, რომ მე უნდა ჩავრთულიყავი ამ საქმეში. ქალბატონ ნინოსთან მივიდა ოჯახის წევრი და უთხრა, რომ შალვა შავგულიძე ერთვებოდა საქმეში, მის კოლეგასთან ერთად, რომ მე მსურდა ნინოსთან შეხვედრა, რათა მასთან ერთად შევხვედროდი ბრალდებულს. მეორე დღისთვის გვინიშნავს შეხვედრას ქალბატონი ნინო და ფორსირებულად, სწორედ ამის შემდეგ ხდება პატიმრებისთვის საპროცესო შეთანხმების შეთავაზება. თანაც ისეთი უპრეცენდენტოდ მსუბუქი პირობებით, რომ, რა თქმა უნდა, ამ პირობებზე უარის თქმა გაუჭირდებოდათ. მართლაც, 24 საათში საქმე საერთოდ დაიხურა“.
შეკითხვაზე, თუ ზურაბ ქურციკიძეს პროცესუალურის გაფორმება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, მისი ჩართვა რამეს შეცვლიდა, შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ მან არ იცოდა, რა ჰქონდა გადაწყვეტილი ქურციკიძეს. უბრალოდ, დასახმარებლად მას ქურციკიძის ოჯახმა და EPA-მ მიმართეს.
რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს შავგულიძე ქურციკიძის დაცვისთვის EPA-გან სოლიდურ გასამრჯელოს ელოდა, შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ასეთი ბრალდება უკადრისია.
„ეს უბრალოდ, უკადრებელი საქციელია ბატონი უჩას მხრიდან. არავინ იცის, ეს გახლავთ კონტრაქტი ჩემსა და EPA-ს შორის. იქ გასამრჯელო საერთოდ არის თუ არ არა, ან თუ არის, რა დოზით, აბსოლუტურად კონფიდენციალურია ჩვენი და EPA-ს ურთიერთობა. ხოლო მე მას შემდეგ შემეძლო ჩართვა, რა მომენტიდანაც მქონდა კონტრაქტი და ამ კონტრაქტის საფუძველზე გამოწერილი ორდერი. მანამდე უბრალოდ, უფლება არ მქონდა ჩავრთულიყავი“.
„ქალბატონმა ნინომ თქვა, რომ ქურციკიძე თურმე ორი დღის განმავლობაში შიმშილობდა, თუმცა შიმშილობის შესახებ მისი განცხადება მე არ მინახავს. მე მგონი, არც არავის უნახავს. როდესაც პატიმარი შიმშილობს და წარდგენილი ბრალდების წინააღმდეგ ასეთ სერიოზულ პროტესტს აცხადებს, რა თქმა უნდა, ადვოკატს ეს საკითხი გარეთ უნდა გამოეტანა“.
შავგულიძის თქმით, თუ ზურაბ ქურციკიძის სხეულზე ნინო ანდრიაშვილმა ფიზიკური დაზიანებები და წამების კვალი შეამჩნია, საპროცესო კანონის თანახმად, თავისი ექსპერტი ციხესთან უნდა მიეყვანა და მისი დაზიანებების დაუყოვნებლივი საექსპერტო გამოკვლევა უნდა მოეთხოვა. ხოლო, თუ ექსპერტს არ შეუშვებდნენ, ანდრიაშვილს ეს გამოძიების ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად უნდა ექცია.
„გარდა ამის, იქ იყო სხვა ბევრი საკმაოდ სერიოზული დარღვევა, რაც არ შეიძლება ადვოკატმა დაუშვას, როცა საქმე ეხება ასეთ მძიმე ბრალდებაში სრულიად უდანაშაულო ადამიანის დადანაშაულებას“,- აღნიშნა შალვა შავგულიძემ.
ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი იხსენებს, რომ, როცა „ბარიერში“ სტუმრად შალვა შავგულიძე მიიწვია, მიზნად სულ არ ჰქონია, რომ ნინო ანდრიაშვილის წინააღმდეგ გაელაშქრა.
„მიზანმიმართულად მისი დისკრედიტაცია არ მომხდარა, ამაზე სასაცილოა ლაპარაკი. კი, ბატონო, ბატონ ნანუაშვილს აქვს უფლება, ჟურნალისტურ ქარტიაში შეიტანოს სარჩელი და სიმართლეს იქ გავარკვევთ. მისი უფლებაა, შეიტანოს, მეც ხელმოწერილი მაქვს ქარტიის დოკუმენტი და, შესაბამისად, მასში მივიღებ მონაწილეობას. თუმცა არანაირი დისკრედიტაცია და ვინმეს წინააღმდეგ კამპანია „კავკასიას“ არ დაუწყია“.
ალეკო ელისაშვილმა „პრესაგე.ტვ“-სთან საუბარში ისიც გაიხსენა, თუ როგორ მოუწოდებდა შალვა შავგულიძეს, ეთერში მეორე მხარის არყოფნის გამო თავი შეეკავებინა მის მიმართ გამოთქმული ბრალდებებისგან.
„პირიქით, მეორე მხარე არ არის-თქო, ვამბობდი. ისიც ვთქვი, როგორც ბატონ შალვას, ისე ქალბატონ ნინოსაც მერე მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი აზრი გამოთქვან-მეთქი. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი შავგულიძის ასეთ განცხადებას. თუ ნახეთ ის გადაცემა, სულაც არ იყო ნინო ანდრიაშვილის საწინააღმდეგო. სულ სხვა თემაზე ვლაპარაკობდით, კერძოდ, ფოტორეპორტიორებზე. იქ ჩემი რეპლიკაც ითქვა, რომ თავიდან მეც მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ პროკურატურის წარმომადგენელივით ლაპარაკობდა ქალბატონი ნინო. მე მაქვს უფლება, რაღაც-რაღაცებზე ჩემი აზრი მქონდეს. ბატონი შალვა ვერ გავაჩერე, ლაპარაკობდა ამ თემის შესახებ. ვინმეს დისკრედიტაცია და კამპანია რომ მქონოდა დაგეგმილი, მაშინ აღარ ვიტყოდი, რომ მეორე მხარეც მოვიწვიოთ-თქო“.
ელიასაშვილი საჯაროდ აცხადებს, რომ მისთვის არ არის პრობლემა, უჩა ნანუაშვილი მოიწვიოს ეთერში, ან კიდევ - ნინო ანდრიაშვილი.
„არც ის არის ჩემთვის პრობლემა, რომ სარჩელი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში შეიტანონ. ქარტიას ხელი იმიტომ მოვაწერე, რომ ვაცნობიერებ, ჩემს ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ. არ მეჩვენება, რომ იქ რაიმე არაეთიკური იყო, რადგან ჩემი ბოლო რეპლიკა სწორედ ეს გახლდათ, მზად ვართ, მეორე მხარესაც დავუთმოთ ეთერი, რომ ცალმხრივი არ გამოვიდეს. როგორც ჩანს, ბატონმა უჩამ ეს განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა“, -აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.