ბაზარს კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ტოვებს, თუმცა ამჯერად არა თავისი სურვილით. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პრინციპულობა გამოიჩნა და კახა კალაძის ყოფილი ბიზნეს პარტნიორის კომპანია სალიკვიდაციოდ გაუშვა.
საქმე ეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბონაკოს“, რომელსაც მენეჯმენტის მიერ კრედიტორების ინტერესების დამაზიანებელი და საფრთხის შემცველი საქმიანობის გამო ეროვნულმა ბანკმა რეგისტრაცია გაუუქმა და ლიკვიდაცია გამოუწერა. მარეგულირებელი კომპანიას ეროვნულ ბანკში არასწორი/დამახინჯებული ინფორმაციის წარმოდგენასაც ედავება.
„ლიკვიდაციის პროცესში განხორციელდება ორგანიზაციის ვალდებულებების აღრიცხვა, ასევე, აქტივების მობილიზება და კანონით განსაზღვრული სხვა ქმედებები, რათა ვალდებულებების გასტუმრების პროცესში მაქსიმალურად იყოს დაცული კრედიტორების ინტერესები“, - აცხადებენ სებ-ში.
„ბონაკო“, რომელიც ბაზარზე თითქმის 8 წელია წარმატებულად მუშაობდა, საბანკო საქმის კარგად მცოდნე ლაშა ამაღლობელის დაფუძნებულია. საკუთარი 100%-დან ამაღლობელმა 92.5% სულ რაღაც, 3 თვის წინ ლუქსემბურგში რეგისტრირებულ „არქტურუს გლობალ ფონდს“ მიყიდა, სიმბოლური ფასად, 92.50 ევროდ (263.97 ლარი). ამ გარიგების შემდეგ ამაღლობელმა ბონაკოს“ 7.5% და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი შეინარჩუნა.
მაშინ ლუქსემბურგული კომპანია „ბონაკოს“ ფინანსურ და სამართლებრივ დოკუმენტაციას სრულად გაეცნო და მისაღებადაც მიიჩნია, თუმცა ახლა კითხვის ნიშნის ქვეშაა რამდენად სწორი იყო ინვესტორისთვის წარდგენილი ეს დოკუმენტაცია.
ჰქონდა თუ არა კომპანიას პრობლემები გაყიდვამდე, თუ მხოლოდ მფლობელის შეცვლის შემდეგ გამოვლინდა საფრთხის შემცველი საქმიანობა უცნობია.
ლაშა ამაღლობელი ბიზნესსექტორში ცნობილი პირია. წლების წინა კახა კალაძის „არსენალ დეველოპმენტის“ ხელმძღვანელობდა. მანამდე სხვადასხვა საფინანსო პროექტებში იყო ჩართული და „თიბისი ბანკის“ თბილისის, ნაძალადევის ფილიალის ხელმძღვანელის პოსტსაც იკავებდა. ასევე არის „აგორა ჯგუფის“ 100%-იანი წილის და მასთან დაკავშირებული კომპანიების მფლობელი.