პარიზის მერი ზამთარში უსახლკაროებს მერიის შენობაში შეიფარებს

პარიზის მერი ზამთარში უსახლკაროებს მერიის შენობაში შეიფარებს

პარიზის მერი ანნ იდალგო ზამთარში უსახლკარო ადამიანებისთვის დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ადგილს გამოყოფს. ამის შესახებ ანნ იდალგომ გამოცემა Journal du Dimanche-ს განუცხადა. 

ანნ იდალგოს თქმით, მისი სურვილია, რომ ქალაქის მუნიციპალურ შენობებში უსახლკაროებისთვის ზამთარში ადგილი გამოიყოს. მაგალითად Hotel de Ville-ში (პარიზის მერია) 100 უსახლკაროსთვის გამოიძებნა ადგილი, სადაც ისინი ღამით დაძინებას შეძლებენ და უფასო საკვებს მიღებენ.

იდალგომ ქალაქის ცივ ქუჩებში მცხოვრები 3000-მდე უსახლკაროსთვის "სრული მობილიზაცია" გამოაცხადა და დასძინა, რომ ქალაქმა სხვებს მაგალითი უნდა მისცეს. მან სხვადასხვა დაწესებულებას და კომპანიას ამ საქმეში დახმარება სთხოვა და მოუწოდა, რომ თუ აუთვისებელი ადგილები აქვთ, უსახლკაროებს დაუთმონ ისინი.