გაირკვა ვის შეეძლება თბილისში განსხვავებული ფერის მანქანით „ტაქსაობა“. პირებს, რომელთა ძირითადი საქმიანობა სატაქსო მომსახურება არ იქნება, შეეძლებათ სხვა ფერის მანქანებითაც იმოძრაონ. როგორც ჩანს, მერიამ ტაქსისტების მიმართ პოზიციის შერბილება გადაწყვიტა.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ახალი ინიციატივით საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე წარსდგა. წინადადებას საკრებულომ მხარი დაუჭირა.
„ტაქსების რეფორმის დაანონსებისთანავე ვთქვით, რომ ეს არ უნდა იყოს ტვირთი ადამიანებისთვის. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ბაზარზე ტაქსების რაოდენობა შემცირდეს. ტაქსები ბაზარმა მოამრავლა თვითონ და იყო მიზეზები, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განუვითარებლობასთან იყო კავშირში.
ჩვენ წარმოვადგინეთ ალტერნატივა - B კატეგორიის ტაქსები, რომელიც ვიზუალში არ არის ტაქსი და „ქოლცენტრების“ მეშვეობით ღებულობს კლიენტებს და ემსახურება მათ. ამას ახერხებენ სამსახურამდე ან სამსახურის შემდეგ. მათ თავისუფლად შეუძლიათ B კატეგორია მოიპოვონ“, - აცხადებს მამუკა მუმლაძე.
მისივე თქმით, რაც შეეხება A და B კატეგორიებს შორის განსხვავებას, მამუკა მუმლაძე განმარტავს, რომ B კატეგორიის მქონე მძღოლებს არ ექნებათ გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის საშუალება.
„მათ არ ექნებათ საშუალება ისარგებლონ ტაქსის გასაჩერებელი უფასო ადგილებით, მათ არ ექნებათ რეკლამის განთავსების უფლება და ა.შ.“, - აცხადებს მამუკა მუმლაძე.
ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები კი ავტომობილების თეთრად შესაღებად უფასო ვაუჩერს მიიღებენ. ეს სიახლე რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება ავტომობილების შეღებვასთან დაკავშირებით, ლიცენზიის მქონე მძღოლებს გადავცეთ ვაუჩერი, რომ მათ მოახდინონ ავტომობილების თეთრად გადაღებვა. მათ ეს არ დაუჯდებათ არც ერთი თეთრი. ეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ტაქსის მძღოლების მდგომარეობას და ხელს შეუწყობს რეფორმის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას“, - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ამ ვაუჩერებში თანხა მერიის ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება. ტაქსის მძღოლებს მათ მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია გადასცემს, რომელსაც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭება. იგივე კომპანია მისცემს ტაქსის მძღოლებს მანქანის ქიმიური წმენდის ვაუჩერებსაც.
საბოლოოდ ტაქსის მძღოლების გადასაწყვეტია, აღნიშნული სერვისით ისარგებლებენ თუ არა. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის თქმით, კომპანია ტენდერის საშუალებით, ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში გამოვლინდება.
„გამოვლინდება ერთი კომპანია, რომელიც ვალდებული იქნება, გააკეთოს ტაქსის მძღოლებთან ავტომანქანის შეღებვის შეთავაზება. მძღოლებისთვის ეს არის საუკეთესო შეთავაზება, 2 წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ. დღეს, სანამ ამ შეთავაზებას გავაკეთებდით, ტაქსის მძღოლები იძახდნენ, სად გვაქვს მანქანის გადასაღები ფულიო, არადა, იცოდნენ, რომ რეკლამები ჰქონდათ და მათგან მიღებული შემოსავლით შეეძლოთ ავტომანქანა გადაეღებათ.
ჩვენ ვითამაშეთ როლი ტაქსის მძღოლებს და კერძო სექტორს შორის, რომ საუკეთესო წინადადება მიეღოთ. ტაქსის მძღოლის ნებაზეა დამოკიდებული, ამ შეთავაზებას მიიღებს თუ არა.
შეღებვის ფასები დიფერენცირებულია, 350 ლარიდან 1000-ლარამდე. ჯერ არ ვიცით, საშუალო ფასი რა დაჯდება. მთავარია ის, რომ ორივე მომსახურებას ტაქსის მძღოლებს ეს კომპანია დაუფინანსებს.
რაც შეეხება ქიმიურ წმენდას, ეს აპრობირებული სერვისია. ყველამ კარგად ვიცით, ქიმწმენდამდე და ქიმიური წმენდის შემდეგ რამხელა სხვაობაა სალონში, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს სერვისიც შეგვეთავაზებინა. ტაქსის მძღოლებს ამ ეტაპზე არ ექნებათ ვალდებულება კონკრეტული პერიოდულობით ქიმიური წმენდა ჩაუტარონ მანქანას, თუმცა, რეფორმა ჯერ კიდევ გრძელდება“, - განაცხადა ხმალაძემ.
მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ, რომელიც მძღოლებს 35 ლარი დაუჯდებათ. ამასთან, 2019 წლის ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურება აიკრძალება.