ფრთხილად მშობლებო, ავერსის

ფრთხილად მშობლებო, ავერსის "ლირიკა"კლავს!

[ნანა მაისაშვილი]

ფრთხილად მშობლებო, თქვენს შვილებს კლავენ! კლავენ და თან მათ სიკვდილში თქვენ ფულს გახდევინებენ! წამალი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ წარმოებიდან ამოიღო ჯანმრთელ ადამიანშიც კი, ჰალუცინაციებს და სუიციდისადმი მიდრეკილებას იწვევს. აღნიშნული წამალი საქართველოში თავისუფლად იყიდება და მას ძირითადად ახალგაზრდა მომხმარებელი ყავს. ეს წამალი მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2004 წელს აკრძალა, საქართველოში კი მისი დამზადების ლიცენზია ჯანდაცვის სამინისრტომ 2011 წლის 7 თებერვალს გასცა. ვინ ამზადებს მომაკვდინებელ წამალს დღემდე არც ერთ მედიასაშუალებას არ დაუფიქსირებია, წერენ წამლის უარყოფით თვისებებზე და გვერდს უვლიან მთავარ მომენტს – ვინ კლავს ბავშვებს!

ეს წამალი მსოფლიოში „ლირიკის“ სახელითაა ცნობილი, საქართველოში მისი შემოტანა 2004 წლიდან დაიწყეს და, როცა მსოფლიო ბაზარზე მისი შეტანა აიკრძალა, „ნაციონალური ხელისუფლების ფარმაციამ“ გამოსავალი მაინც იპოვა და „ლირიკას“ „ჰელიმონი“ დაარქვა. დღეს „ლირიკაც“ და „ჰელიმონიც“ თავისუფლად იყიდება აფთიაქებში. ორივე წამალზე ექსკლუზივი „ავერსს“ აქვს. მეტიც, 2011 წელს ავერსმა მოიპოვა ლიცენზია და თავად დაიწყო „ჰელიმონის“ გამოშვება. ამ წამალს ძირითადად 12-15 წლის ბავშვები ეტანებიან.

„ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ჩემს რამდენიმე მოსწავლეს გაკვეთილების დროს უცნაური ქცევა შევამჩნიე. ერთს პირდაპირ გაკვეთილის მსვლელობისას ჩაეძინა და კინაღამ სკამიდან გადმოვარდა, მეორეს ჩემი კითხვები არ ესმოდა და უაზრო, არაფრისმთქმელი თვალებით მიყურებდა, მესამე ხომ საერთოდ.. გადაღლილობას და უძილობას დავაბრალე და განგაში არ ამიტეხია, მაგრამ მსგავსი შემთხვევები სხვა დროსაც რომ განმეორდა, შევშინდი.. კოლეგებთან ვცადე გამერკვია რა ხდებოდა და გავიგე, რომ ეს ბავშვები წამლებით იყვნენ გაბრუებულები“, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის მასწავლებელმა, რომლის გვარსას გასაგები მიზეზებით ვერ ვასახელებთ.

„ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მედიკამენტია და თითქმის, ყველა აფთიაქში დაუბრკოლებლად იყიდება, მაგრამ ზუსტად ისეთი ნარკოტიკული თრობა ახასიათებს, რაც აკრძალულ და ფსიქოტროპული კლასიფიკაციის მედიკამენტებს. როგორც გავიგე, აფთიაქებში ასეთი რამოდენიმე დასახელების მედიკამენტი გამოჩნდა. ერთ-ერთს რატომღაც „ლირიკა“ ქვია.

დოზების მიხედვით ერთი აბი 2-დან 3 ლარამდე ღირს. ეს ისეთი თანხაა, რომელსაც სურვილის შემთხვევაში ყველა მოზარდი იშოვის და თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ხდება – სკოლებში ბავშვები გამოდიან დასვენებებზე, აფთიაქებში შედიან ამას ყიდულობენ და დადიან გამოშტერებულები. ვფიქრობ ამაზე უნდა იმსჯელოს პარლამენტმა და საზოგადოებამ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, როცა პრეპარატს, რომელსაც აწერია, რომ ექიმის რეცეპტის გარეშე არ უნდა გაიცეს, არასრულწლოვანს ყოველგვარი რეცეპტის გარეშე ატან. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ფსიქოტროპული წამალი ჩვეულებრივ აფთიაქში იყიდება. ამ აფთიაქებმა ოღონდ ფული იშოვონ და მომავალი თაობაც ბოდიში და ფეხებზე ჰკიდიათ და ყველაფერი. შეიძლება ასე გადაგვარება?“

ინფორმაციის გადამოწმება არც ისე რთულია. „ლირიკა“ და „ჰელიმონი“ ყველა აფთიაქში იყიდება, ზოგან რეცეპტს გთხოვენ, და როგორც ხსნიან, თურმე, ორი კვირის წინ ბრძანება მიიღეს ურეცეპტოდ არ გაყიდოთო. ეს ზოგან, ძირითადად კი ორივე დასახელების წამალი, საქართველოში მოქმედი ორ სააფთიაქო ქსელში უპრობლემოდ ვიყიდე რეცეპტის გარეშე.

ავერსიც და პსპ-ც ამ წამალს დღემდე ურეცეპტოდ ყიდის! პირადად მე ერთი აბი ავერსში შევიძინე, მეორე პსპ-ში! ავერსის აფთიაქის (პეკინზე) გამყიდველმა გოგონამ ყურადღებით შემათვალიერა და მითხრა, რომ ამ პრეპარატით რატომღაც მოზარდები დაინტერესდნენ, გარკვეული აკრძალვები გაჩნდა და „ლირიკა“ ფსიქოტროპულ აფთიაქებში გადაიტანეს. ძალიან შევწუხდი, აბა ამ სიცხეში სიარული სად შემიძლია-მეთქი, ერთი აბი მაინც არა გაქვთ-მეთქი? გოგონას შევეცოდე და ფირფიტიდან რომელზედაც სამი კაფსულა იყო დარჩენილი, ერთი ჩამომიჭრა, გამიღიმა და მითხრა – შემორჩენილი გვაქვსო...

„შემორჩენილი“ წამლის ანოტაცია მასწავლებლის მონაყოლზე  შოკისმომგვრელი იყო. აღმოჩნდა, რომ ბავშვები აფთიაქებში თავისუფლად და სრულიად ხელმისაწვდომ ფასად ყიდულობენ პრეპარატს, რომლის მოქმედების მექანიზმი ბოლომდე გამოკვლეული არ არის, თუმცა დადგენილია, რომ წამალს ღებულობენ ნეიროპათიური ტკივილების, აღგზნებადობის და ეპილეფსიის შემთხვევებში. წამლის უკუჩვენებებში შედის გონების დაბინდვა, ორიენტაციის დაკარგვა, დეპრესია, მოუსვენრობა, ჰალუცინაციები, სექსუალური ლტოლვის მომატება და დისფუნქცია, თავბრუსხვევა, მხედველობის დაქვეითება, დაელმება, ტაქიკარდია, წნევის დაცემა, ცხვირიდან სისხლისდენა, კუჭის მოქმედების მოშლა, პანკრეატიტი, სახსრების შეშუპება, შარდის შეუკავებლობა, მენსტრუაციული ციკლის მოშლა, წონის მატება და ა.შ.

ფარმაცევტული საქმიანობის სამსახურის უფროსის თამაზ კვირკველის განმარტებით, ზემოთ ხსენებული პრეპარატების (რომლებიც თურმე სხეულის ყველა ორგანოს და განსაკუთრებით ფსიქიკის დაზიანებას იწვევს) ურეცეპტოდ გაყიდვა ამიერიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება და სოლიდური ფულადი ჯარიმით დაისჯება.

„ამგვარი კატეგორიის 10 პრეპარატიდან საქართველოში გავრცელებულია „ლირიკა“ და „ჰელიმონია“. მათი გაყიდვა დღეიდან აქტყიურად იკრძალება და გამოიყოფა მხოლოდ რამოდენიმე აფთიაქი, სადაც მოქალაქეები რეცეპტით შეძლებენ წამლის შეძენას. პრეპარატის ურეცეპტოდ გაყიდვის შემთხვევაში, იმ პირების მიმართ ვინც კანონს დაარღვევს, იქნება საკმაოდ მკაცრი ჯარიმები“.

მაგრამ დააჯარიმებენ ვის? ალბათ, გამყიდველს და არა წამლის მწარმოებელს, ლიცენზიის გამცემს მით უფრო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოზარდზე რომ არაფერი ვთქვათ, ავერსის მფლობელის პაატა კურტანიძის ჯიბის გასქელებას კიდევ ერთი შეწირული – მისივე სააფთიაქო ქსელის თანამშრომელი ეყოლება.