გველებს მორიელები წაეშველნენ, მგლებს კი - ტურები

გველებს მორიელები წაეშველნენ, მგლებს კი - ტურები

[გიორგი ბექაური]

ცოტა ხნის წინათ იყო გველები და მგლები, ახლა კი გამოჩნდნენ მორიელები და ტურები. არ გეგონოთ ზოოპარკის ან უღრანი ტყის ბინადრებზე ვსაუბრობდეთ, ბუნების ეს ქმნილებები დედაქალაქსა და საქართველოს სახვადასხვა დასახლებულ პუნქტებში დათარეშობენ და მოსახლეობას ატერორებენ.

რამდენიმე დღეა თბილისში გველების კვალდაკვალ მორიელები გამოჩნდნენ. მათ განსაკუთრებით ხშირად დედაქალაქის ძველ უბნებში ხვდებიან. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ეზოში მოსახლეობა მორიელებს საკუთარი ძალით ებრძვის, ხოლო მათ მომრავლებას სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და ტემპერატურის მატებას უკავშირებს.

მედიკოსების ინფორმაციით, მორიელის ამ სახეობის ნაკბენი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „ნაკბენი ადგილი ცივი წყლით უნდა დამუშავდეს და უახლოეს პერიოდში ექიმს უნდა მიმართოთ“, - აცხადებენ ექიმები.

თბილისის გარეუბნებში მოსახლეობა გველების შიშით გარეთ ვერ გამოსულა და ახლა ქალაქის ცენტრში მორიელების მომრავლებაა. როგორც ჩანს, ქვეწარმავლებსაც მოსწონთ დედაქალაქში ცხოვრება, რასაც ვერ ვიტყვით ტყის ოთხფეხა მტაცებლებზე. მგლები და ტურები აგერ აქამდე საცხოვრებლად ტყე-ღრეს ამჯობინებენ, თუმცა სოფლების და რაონული ცენტრების ხშირი სტუმრები არიან.

რეგიონის მოსახლეობას აქამდე მგლები აწიოკებდნენ, ახლა კი ტურებმაც გამოიდეს თავი. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოში ტურამ სამი ადამიანი დაკბინა. სამივე შემთხვევა ერთ დღეს, სოფელთან ახლოს მდებარე ვენახში მოხდა. ხანჯიგაზლოს მკვიდრი ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი ტურამ ვენახში მუშაობის დროს დაკბინა.

პირველი შემთხვევა დილის 10:00 საათზე მოხდა. 58 წლის მამაკაცს ტურამ ფეხზე იმ დროს უკბინა, როდესაც ის ვენახში ბალახს თიბავდა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, იმავე ვენახში მომუშავე ქალბატონს ტურამ ასევე ფეხზე უკბინა. მესამე შემთხვევა კი, საღამოს 18:00 საათზე მოხდა, ამავე სოფლის მკვიდრ სალარინ ოსმანოვს ტურამ მუცლისა და ფეხის არეში უკბინა.  ოსმანოვმა ტურის ფიწლით დაჭრა მოახერხა, რის შემდეგაც გარეული ცხოველი აღნიშნული სოფლის მცხოვრებლებმა მოკლეს.

სამივე პირს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მარნეულის საავადმყოფოში ჩაუტარდა. სოფელ ხანჯიგაზლოს მოსახლეობის განცხადებით, ტურის მიერ ადამიანის დაკბენის პირველი ფაქტი დაფიქსირდა აღნიშნულ სოფელში, თუმცა გარეულ ცხოველს ისინი სოფელში და სოფლის მიდამოებში ხშირად ნახულობენ. მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას, ასევე, გარეულ ცხოველთა ლიკვიდაციის მიზნით, მონადირეთა ჯგუფის შექმნას ითხოვს.

ამ ფაქტების გამო არავის ეგონოს, რომ მგლებმა „ყურადღება მოადუნეს“. სულ რაღაც 12 დღის წინათ იყო, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ყიტაანს მგლები შეესივნენ. გამთენიისას მტაცებლებმა ხვიჩა ხეტეშვილს სახედარი და ღორი შეუჭამეს. ხეტეშვილის თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მგლები სოფელს თავს უკვე 4-ჯერ დაესხნენ.

ამ შეთხვევაშიც ყიტაანის მოსახლეობა მტაცებლებისგან თავის დასაცავად მონადირეთა ჯგუფის შექმნას ითხოვს, მაგრამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი შოთა უტიაშვილმა მშვიდადაა. ამ დრომდე ყიტაანიდან მისთვის არავის მიუმართავს.

„თუ მოგვმართეს, შეძლებისდაგავრად დავეხმარებით“, - აღნიშნა გამგებელმა.